წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 0
  • 13056

ჯანეტ ჯექსონის მკერდი და ჯასტინ ტიმბერლეიკის ხელი

17 იანვარი 2026

შეიძლება თუ არა, მედიამ დაარღვიოს რამე რეგულაცია და დაიმსახუროს ჯარიმა დღესასწაულის, სახალხო ზეიმის, მასობრივი ფესტივალის, სპორტული ასპარეზობის და ზოგადად, ისეთი აქტივობის გაშუქებისას, რომელიც, როგორც წესი, მთელს საზოგადოებას ან მის უდიდეს ნაწილს აერთიანებს?


მოდი, გავიხსენოთ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა.


2004 წელი. ჰიუსტონი. ტეხასი. ამერიკის შეერთებული შტატები. ტელეკომპანია CBS პირდაპირ ეთერში გადასცემს ამერიკული ფეხბურთის სუპერთასის გათამაშების ცერემონიას, რომლის კულტურული პროგრამაც MTV-ის მიერ არის ორგანიზებული.


ერთ-ერთი მუსიკალური ნომრის შესრულებისას მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი ცეკვის პროცესში ხელით ეხება პარტნიორის, ჯანეტ ჯექსონის ტანსაცმელს, რათა თავისი მოძრაობით შექმნას ვიზუალური ეფექტი სიმღერის ტექსტთან ("გპირდები, ამ სიმღერის ბოლოს შენ შიშველი იქნები...") და... ჯანეტ ჯექსონი მართლაც შიშვლდება...


უფრო სწორად, რაღაც მომენტში ეკრანზე გამოჩნდა მომღერლის შიშველი მკერდი, ვიდრე რეჟისორებმა კადრი არ შეცვალეს და პულტი ფართო ხედზე არ გადართეს.


თუმცა „მომენტალური გამოჩენა“ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დაწყებულიყო ამერიკული მედიის ისტორიაში უხამს ჩვენებასთან დაკავშირებული უდიდესი სკანდალი, რომელმაც დომინოს ეფექტის სახით გავლენა მოახდინა არა მხოლოდ CBS-ის, არამედ არაერთი სხვა ამერიკული მაუწყებლის ცხოვრებაზე.


იმისთვის, რომ გავერკვეთ ჯეკსონ-ტიმბერლეიკის სკანდალის ანატომიაში, უპირველეს ყოვლისა საჭიროა, გავიხსენოთ, როგორ რეგულირდება ამერიკის შეერთებულ შტატებში სიშიშვლის დემონსტრირება, რაშიც გადაიზარდა ჩვენი ისტორიის გმირების საცეკვაო ნომერი.


ამერიკული კანონმდებლობით დღის საათებში (დილის 6 საათიდან საღამოს 10 საათამდე) დაუშვებელია უხამსობის ჩვენება, რაც განმარტებულია, როგორც [მათ შორის] „სექსუალური ან გამომყოფი ორგანოების ან მათი მოქმედების დემონსტრირება“.


ამ ნორმის საფუძველზე, შოუს ეთერში გასვლის შემდეგ ფედერალურ კომისიაში ჯამში ნახევარ მილიონზე მეტი საჩივრის წერილი შევიდა (მათგან 65 000 წერილი მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ - მშობელთა სატელევიზიო საბჭომ წარმოადგინა). საჩივრებში მოქალაქეები აღშფოთებას გამოხატავდნენ და კომისიას ადეკვატურ და დროულ რეაგირებას სთხოვდნენ.


2004 წლის 22 სექტემბერს კომისიამ გამოაცხადა თავისი ვერდიქტი: მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, CBS-ის და MTV-ის მშობელი კომპანია ვიაკომი (Viacom) 550 000 ამერიკული დოლარით დაჯარიმდა.


აღსანიშნავია, რომ მედიის წარმომადგენელთა მტკიცებით, სიშიშვლის დემონსტრირება MTV-ის მიერ დაგეგმილი არ ყოფილა და, შესაბამისად, ინცინდენტი უნდა შეფასებულიყო, როგორც არაწინასწარგანზრახული დარღვევა, თუმცა კომისიამ არ გაიზიარა ეს პოზიცია იმ არგუმენტით, რომ ტელევიზიის მესვეურები წინასწარვე არეკლამებდნენ ნომერს, როგორც „შოკისმომგვრელს“ და იცოდნენ მისი „სექსუალურად პროვოკაციული ხასიათის“ შესახებ.


ამის შემდეგ დაიწყო მრავალწლიანი სასამართლო დავა სხვადასხვა დონის სასამართლოებში, სადაც მედია ცდილობდა, მიეღწია გადაწყვეტილების გადახედვისთვის, ხოლო კომისია, ბუნებრივია, იცავდა საკუთარ პოზიციას; ამ წლების განმავლობაში (5 წელი) Viacom-მა ჯარიმის ნაწილი გადაიხადა კიდეც, ხოლო ჯარიმის მთლიანი ოდენობა (550 000 $) იმ დროისთვის მედიისთვის დაკისრებული ყველაზე დიდი ჯარიმა იყო ამერიკის ისტორიაში.


პარალელურად, ჯეკსონ-ტიმბერლეიკის სკანდალმა ბიძგი მისცა სხვა მრავალი ანალოგიური საჩივრის შეტანას კომუნიკაციების ფედერალურ კომისიაში, რის გამოც 2004 წელი ტელეკომპანიებისთვის „ჯარიმების წელიწადად“ იქცა.


შედარებისთვის, თუ 2003 წელს ფედერალური კომისიის მიერ მედიისთვის დაკისრებული ჯარიმების ჯამური რაოდენობა ნახევარ მილიონ აშშ დოლარს არ აღემატებოდა, 2004 წელს ჯარიმების ჯამურმა თანხამ 8 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.


უშუალოდ კომისია ამ ფაქტს ხსნიდა იმ გარემოებით, რომ ჰიუსტონში მომხდარი სკანდალის შემდეგ საზოგადოებამ უკეთ გააცნობიერა საკუთარი უფლებები (მათ შორის, მშობლის უფლებები) და უფრო აქტიურად დაიწყო ბრძოლა უხამსობის წინააღმდეგ, თუმცა დაჯარიმებული მედიასაშუალებები ამ პროცესს თავად კომისიის მიერ ორკესტრირებულ კამპანიად აცხადებდნენ, რომელსაც, მათი მტკიცებით, თავად სურდა ეროტიკული და სექსუალური ხასიათის შინაარსზე კონტროლის გამკაცრება.


ასეა თუ ისე, 2000-იანი წლების მეორე ნახევარი მართლაც გამოირჩეოდა უხამსი კონტენტის მიმართ კომისიის მეტი ყურადღებით და მათ შორის, ახალი რეგულაციების შემოტანით.


2011 წელს ჯექსონ-ტიმბერლეიკის საქმე სააპელაციო სასამართლოში დასრულდა, რომელმაც კომისიის მიერ 2004 წელს დაკისრებული ჯარიმა არამართლზომიერად გამოაცხადა.


მიუხედავად ამისა, „ჯექსონის მკერდის სკანდალმა“ დიდი გავლენა მოახდინა ამერიკულ ტელემაუწყებლობაზე და ხელი შეუწყო უხამსობასთან დაკავშირებული ნორმების, ტერმინებისა და განსაზღვრებების დაზუსტებას.


ჩვენი ისტორიის დასასრულს, ალბათ უნდა გავიგოთ ამ ისტორიის მთავარი გმირების - ჯანეტ ჯექსონისა და ჯასტინ ტიმბერლეიკის პოზიციაც. მათ ნამდვილად ზუსტად იციან, იყო თუ არა ყველაფერი, რაც სცენაზე მოხდა, წინასწარ დაგეგმილი, თუმცა ცხადია, თითოეულმა მკითხველმა თავად უნდა გადაწყვიტოს, დაიჯერებს თუ არა მათ სიტყვებს.


მაშ ასე: ტიმბერლეიკის თქმით, დაგეგმილი იყო, რომ ნომრის ბოლოს იგი ჯანეტის ბლუზის ნაწილს ჩამოგლეჯდა, თუმცა მკერდი ბიუსტჰალტერით უნდა ყოფილიყო დაფარული.


რეალურ შოუში ბიუსტჰალტერმა „საკუთარი დანიშნულება ვერ შეასრულა“ (სავარაუდოდ, იგულისხმება, რომ გაწყდა, გაიხსნა, დაიშალა) და ნომერი დაგეგმილზე უფრო პიკანტური გამოვიდა.


დაახლოებით იმავეს ამბობს თავად ჯექსონიც ვიდეოში, რომელიც მან საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდის მიზნით გაავრცელა.


კერძოდ, მისი სიტყვებით, „ნომერში ნამდვილად იყო ჩაფიქრებული ინტრიგა, მაგრამ არა სრული სიშიშვლე“.


საგულისხმოა, რომ ამ სკანდალის შემდეგ ამერიკულ მედიაში უფრო ფართოდ დაიწყეს ე. წ. „შვიდწამიანი დაყოვნების“ (Seven seconds delay) პრაქტიკის გამოყენება, რაც პირდაპირი ეთერის რამდენიმე წამით დაგვიანებულ ტრანსლაციას გულისხმობს და ეს რამდენიმე წამი პროდიუსერებს გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს რეაგირების საშუალებას აძლევს.


დაბოლოს, ჯექსონის მტკიცებით, აღნიშნული ისტორია და მის ირგვლივ აგორებული სკანდალი ამერიკის იმდროინდელმა ადმინისტრაციამ ერაყის ომისგან საზოგადოების ყურადღების გადასატანად გამოიყენა. ეს ორი მოვლენა დროში ნამდვილად ემთხვევა ერთმანეთს და „გადაფარვის ვერსიას“ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს უშუალოდ ამერიკულ საზოგადოებაში, თუმცა „ჯექსონგეითის“ ამ ჭრილში გამოკვლევა ჩვენი სტატიის ამოცანას ცდება და მედიისა და მისი რეგულირების სფეროს აღარ წარმოადგენს.


  • 0
  • 13056
0 Comments