წითელი ვერსია
  • 7
  • 4167

იუმორი და მედია

10 ნოემბერი 2024

რამდენიმე წლის წინ საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია ერთმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ, რომლის მიხედვითაც, ახალი თაობისთვის ყველაზე პოპულარული ადამიანები იმდროინდელი იუმორისტები აღმოჩნდნენ, მაშინ როცა ამ ახალგაზრდების უმეტესობამ არ იცოდა, ვინაა მაგალითად, ივანე ჯავახიშვილი.


ამ ფაქტს მრავალი მხარე აქვს და ერთ-ერთი, ყველაზე მკაფიო ისაა, თუ რამხელა გავლენა აქვს საზოგადოებაზე ტელემედიას.


უფრო საჭირბოროტო მხარედ თავად პოპულარული იუმორისტების მიერ ერთგვარ სტანდარტად დამკვიდრებული იუმორი უნდა მივიჩნიოთ.


მან წამლეკავი ძალით მოიცვა ადამიანთა ცნობიერება, მოზარდები დაჟინებით ბაძავდნენ სხვადასხვა კომედიური გადაცემების გმირებს, ითვისებდნენ ე.წ. კუთხურ იუმორს, უცნაურ (ხშირად დამახინჯებულ) დიალექტს;


ეს იმ ფონზე, როცა მეტყველების კულტურა ისედაც დაბალ ნიშნულზეა ჩვენს სამოქალაქო კულტურულ სივრცეში და ყველაზე აშკარად ეს სწორედ მოზარდებში აისახება.


კომედიური გადაცემები ყველა არხისთვის მარკეტინგულად წარმატებულია. შესაბამისად, ამ წლების მანძილზე რა აღარ იხილა მაყურებელმა - სკეტჩები, დილის და საღამოს შოუები, საავტორო შოუ და ა.შ. ამ ყველაფერს ინტერნეტიც შეემატა და მედიას „სიცილის ჭავლმა“ გადაუარა.


საქართველოში იუმორი ძალიან უყვართ. მხიარულება და სილაღე ჩვენი ეთნოხასიათის ნიშანიცაა. სოციოლოგები და კულტუროლოგები ალბათ აღიარებენ ფენომენსაც - „ქართული იუმორი“, რომელსაც აქვს თავისი ტრადიცია, განვითარება და ტენდენციები.


სიცილი და იუმორი მნიშვნელოვანი სასიცოცხლო რეფლექსია და მისი სიჯანსაღე ადამიანის მენტალურ-კულტურულ და სულიერ სიჯანსაღესაც განაპირობებს.


ის სამოქალაქო აქტივიზმის კომპონენტადაც შეგვიძლია გავიაზროთ - იუმორით გამოხატული რეაქცია ცხოვრებისეულ მოვლენებზე განსაკუთრებულად ეფექტური და წარმატებულია. მითუფრო მაშინ, როცა მასში არის სატირა და გროტესკი.
როგორც ბერნარდ შოუ იტყოდა - როცა ხუმრობა მინდა, სიმართლეს ვამბობ - ეს ყველაზე სასაცილო ხუმრობაა მთელს მსოფლიოშიო.


დღევანდელ სატელევიზიო მედიაში არის იუმორისტული შოუები („ვანოს შოუ“, „გიორგი გაბუნიას შოუ“, „ილო ბეროშვილის ღამის შოუ“ და სხვები), რომელთა ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ სამოქალაქო სატირაა. თუმცა, როგორც ყველაფერი სხვა ჩვენს ქვეყანაში, ესეც მკვეთრად პოლარიზებული.


თითქოს იუმორიც კი ვერ იძლევა იმდენ თავისუფლებას, რომ მისი საშუალებით მაინც გამოხატო „ზეპარტიული“ პოზიცია და დასცინო არა მხოლოდ „მეორე მხარეს“, არამედ თუნდაც ამ ყბადაღებულ პოლარიზებას, როგორც მოვლენას...


აღარაფერს ვამბობ თანამედროვე ქართულ იუმორისტულ გადაცემებში ასე ფესვგადგმულ „კუთხურობაზე“, უგემოვნოდ, ჭარბად გამოყენებულ სხვადასხვა კუთხის დიალექტსა და არაფრისმთქმელ სიუჟეტებზე.


ამ ყველაფრის შემყურეს გიჩნდება განცდა, რომ მათ ავტორებს ცუდი წარმოდგენა აქვთ ქართველ მაყურებელზე, რომლის დიდ ნაწილსაც კარგად ახსოვს ის მაღალი ხარისხის იუმორი, რომელიც ცოცხლობდა ქალაქშიც და სოფელშიც; რომლის მხატვრულად გადამუშავებასაც დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობით ახერხებდნენ ქართველი იუმორისტები.


თავად ეს ჟანრი კი იმდენად მრავალფეროვანია, ისეთი თავისუფლებით შეუძლია დამუხტვა, რომ წარმოუდგენელია, დღევანდელ რთულ და დესტრუქციულ დროში მედიამ არ გამოიყენოს ის ბევრად უფრო ეფექტურად, მაღალმხატვრულად და ამით შეუწყოს ხელი კიდევ უფრო ფხიზელ, (თვით)კრიტიკულ და ჯანსაღ სასიცოცხლო რეფლექსიას მაყურებელში.


ნინია სადღობელაშვილი
  • 7
  • 4167
0 Comments