წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 0
  • 2368

იტყოდით ასე?

09 ნოემბერი 2025

წარმოგითქვამთ ეს სიტყვები აი ამგვარად: მინიატიურა, მინიატიურისტი, მინიატიურული? „მინიატიურული საოცრებაა!“ – იტყოდით ასე პაწია, საყვარელ არსებაზე, რომელმაც „ძალიან, ძალიან“ მოგხიბლათ ქცევითაც და გარეგნობითაც? მეეჭვება, რომ გეთქვათ. -ს წინ -ს გამოტოვებდით და მინიატურულს იტყოდით. რატომ მგონია ასე? იმიტომ, რომ ყველა ამგვარად წარმოთქვამს ამ სიტყვას და რაღა თქვენ იქნებით გამონაკლისი!


მაშინ რატომ ვხედავთ ბეჭდურ გამოცემებში – წიგნებშიც და პრესაშიც – „იუ“-თი დაწერილ ამ სიტყვებს? აგერ, სულ ახლახან, ერთ გაზეთში ამოვიკითხე: „...გვხვდება სხვადასხვა ტიპის და ხასიათის ჩანაწერი – შთაბეჭდილებები წაკითხულ წიგნებზე, პორტრეტები, მინიატიურები...“.


ვინც „მინიატიურას“ წერს, ის კანონმორჩილი ადამიანია, ვინაიდან სწორედ ამ ფორმას გვიკანონებენ ბოლოდროინდელი ჩვენი ლექსიკონები – ორთოგრაფიულნიც (1968 და 1998 წწ.) და განმარტებითნიც (ქეგლ ერთტომეული [1986], ქართული საბჭოთა ენციკლოპედია [ტ. 6, 1983], ქართული ლექსიკონი [სულაკაურის გამოცემა, 2014]). დიახ, ბოლოდროინდელნი! – თორემ ადრინდელ სიტყვარებში სხვა ვითარებაა.


იოსებ იმედაშვილის „უცხო სიტყვათა ლექსიკონში“, რომელიც 1928 წელს მესამედ გამოიცა, ვკითხულობთ:


მინიატურა – იტ. (ლათ. minium-ისაგან...)“. იქვეა მინიატურისტიც და მინიატურულიც.


იგივე ვითარებაა რვატომიანი „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ (ქეგლ) 1958 წელს გამოცემულ მე-5 ტომშიც:


მინიატურა (მინიატურისა) – [იტალ. miniatura]...“. იქვეა მინიატურისტიც და მინიატურულიც.


მართლაცდა, რაკი ეს ლათინურ-იტალიური წარმომავლობის სიტყვა ყოფილა, მისი u იუ“-დ რატომ უნდა გადმოვიტანოთ ქართულში?! ლათინური და იტალიური u ისევე გამოითქმის, როგორც მათი ქართული შესატყვისი. არც გერმანული u განსხვავდება ამ მხრივ ქართულისგან (გერმანულად ეს სიტყვა ასე იწერება: Miniatur და როგორც იწერება, ისევე იკითხება), ხოლო ინგლისელები მას სულაც „მინეჩე“-დ წარმოთქვამენ, თუმცა ზუსტად ისე წერენ, როგორც ფრანგები – miniature.


სხვა საქმეა ფრანგული u. ის ძალიან განსხვავდება ჩვენი „“-საგან და რუსულ ю-ს უახლოვდება. აი თურმე რატომ გადაკეთდა ქართულში „მინიატურა“ „მინიატიურად“! რუსულშია ასე: Миниатюра. რუსულ ენაში ის აშკარად ფრანგულიდან გადასულა და, შეძლებისდაგვარად, ფრანგული u-ს პრონონსიც გაუყოლებია თან!


არავითარი გამართლება არ ჰქონდა „მინიატურის“ ჩანაცვლებას „მინიატიურით“. ამიტომაც ვერ დამკვიდრდა ის მეტყველებაში და ამიტომაც მხოლოდ ერთობ კანონმორჩილ ავტორებთან თუ შეხვდებით მას, ზოგჯერ კი ნაბეჭდ ტექსტში მისი გამოჩენა პედანტი (ეს თვისება ნაკლად არ მიმაჩნია!) რედაქტორების გარჯის შედეგი ჩანს. ძველი და ახალი მწერლების უმეტესობა კი „მინიატურას“ წერდა და წერს. ვნახოთ რამდენიმე მაგალითი მათი თხზულებებიდან:


„ტფილისის ისტორია ქართველი ხალხის ტრაგედიული ისტორიაა მინიატურაში (კონსტანტინე გამსახურდია. „ტფილისი“).


„საშობაო მინიატურები – ასეთი საერთო სათაური უზის ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურათა ერთ ციკლს.


„თბილისის ამ პატარა ნაგლეჯზე მინიატურული კაცობრიობა დაფუსფუსებს, უფრო მეტიც, ალბათ მინიატურული სამყარო თავისი გალაქტიკებით, კვაზარებითა და პლანეტებით... (ნოდარ დუმბაძე. „თეთრი ბაირაღები“).


„შემოღამებაში“ ეს მოტივი შეკუმშულად, მინიატურულად არის გამოხატული“ (თამაზ ვასაძე. „მთაწმინდის მთვარე“).


„როგორც კი მინიატურის ქვეტექსტს ჩავწვდებით, მხიარული განწყობილება მაშინვე ქრება და სევდა გვეუფლება“ (აკაკი ბაქრაძე, „სევდა ისტორიისა“).


ამ ბოლო ფრაგმენტში „მინიატურა“ ლიტერატურულ ჟანრს აღნიშნავს. ჰო, მართლა, როგორ არის ეს ტერმინი წარმოდგენილი ლიტერატურათმცოდნეობითი ცნებების ლექსიკონში, ანდრო და რამაზ ჭილაიების ავტორობით რომ გამოიცა 1984 წელს? იქაც სწორად წერია:


მინიატურა (იტალ. Miniatura – უმცირესი, პატარა), მცირე ფორმის ნაწარმოები, რომელიც კომპოზიციურად მარტივია, შინაარსობრივად კი გამოირჩევა მასში გამოხატული ფილოსოფიური განზოგადებისა და განსახოვნების სიმკვეთრით“.


მოკლედ, „მინიატურის“ „მინიატიურად“ სახეცვლილება იმას ჰგავს, ასევე ლათინური წარმომავლობის სიტყვა „ლიტერატურა“ „ლიტერატიურად“ რომ გადაგვეკეთებინა, რაც უთუოდ იმიტომ არ მოხდა, რომ რუსებიც литература-ს ამბობენ და წერენ, და არა литератюра-ს ფრანგული littérature-ის გავლენით.


ვფიქრობ, დროა მართებული „მინიატურის“ რეაბილიტაცია მოხდეს მათ მიერ, ვისაც ეს ხელეწიფება. მანამდე კი იმაზე მაინც შევთანხმდეთ, რომ თუ საგამოცდო ნაწერში ვინმე „მინიატურას“, „მინიატურულს“ ან „მინიატურისტს“ დაწერს, შეცდომად არ ჩავუთვალოთ.



ლევან ბრეგაძე
  • 0
  • 2368
0 Comments