ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!
(ნაწილი XLVI)
ერთ წინა ბლოგში განვიხილეთ შინაარსობრივად მსგავს მყარ შესიტყვებათა უმართებულო „შერწყმის“ შემთხვევა: „წვლილი შეიტანა“-ს ნაცვლად ხშირად გაიგონებთ და წაიკითხავთ: „როლი შეიტანა“, რაც იმით არის გამოწვეული, რომ არსებობს „წვლილი შეიტანა“-ს სინონიმური გამოთქმა – „როლი ითამაშა/შეასრულა“ და აზრობრივი მსგავსების გამო ამ გამოთქმათა შემადგენელი სიტყვების ურთიერთაღრევა ხდება.
„როლი“ სხვა მყარი შესიტყვების „საუფლოშიც“ ახერხებს შეჭრას, აი ამ შესიტყვებისა: „ადგილი უჭირავს“, რომელიც ასე განიმარტება ქეგლ-ში: „გადატ. ადგილი უკავია, ადგილი დათმობილი, მიჩენილი აქვს“.
აზრობრივად ამ გამოთქმასთანაც ახლოს დგას ზემოთ უკვე ნახსენები „როლი ითამაშა/შეასრულა“ (დადებითი როლი იგულისხმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას ან რაღაცას რომელიღაც საქმის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი უდევს). ამიტომაც ზოგჯერ ისინი უმტკივნეულოდ ენაცვლებიან ერთმანეთს.
მაგალითად: „ამ მხატვრის შემოქმედებაში ლურჯ ფერს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს“. ეს აზრი ასეც შეიძლება გამოიხატოს: „ამ მხატვრის შემოქმედებაში ლურჯი ფერი მნიშვნელოვან როლს თამაშობს“.
ეს გარემოება გახლავთ იმის მიზეზი, რომ გამოთქმას „ადგილი უჭირავს/უკავია“ უმართებულოდ ანაცვლებენ გამოთქმით „როლი უჭირავს/უკავია“.
არა და არა! როლს ასრულებენ ან თამაშობენ, ხოლო ადგილი უჭირავთ ან უკავიათ!
ამიტომ არასწორია ყველა ის ფრაზა, რომელიც მასმედიაში შეგვხვდა და ახლა აქ წაიკითხავთ:
„საქართველოს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მსოფლიო დღის წესრიგში“;
„ლიტერატურის სწავლებას განსაკუთრებული როლი უჭირავს უცხო ენის სწავლების მეთოდიკაში“;
„თვითმმართველობას [...] მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო ადგილობრივ ეკოსისტემაში“;
„რა როლი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში ფიზიკურ აქტივობას?“;
„რა როლი უჭირავს განათებას ინტერიერში“;
„რა როლი უჭირავს ხალიჩას ინტერიერში“.
ხაზგასმული გამოთქმა ან ამით უნდა შეიცვალოს: „როლს ასრულებს“, ან კიდევ ამით: „ადგილი უჭირავს“ – ერთი სიტყვა ერთი გამოთქმიდან ავიღოთ და მეორე მეორიდან არ ივარგებს!
იგივე ითქმის „უკავიაზეც“:
„გენეტიკურ ფაქტორსაც მნიშვნელოვანი როლი უკავია“;
„ამაში განსაკუთრებული როლი უკავია ჩვენი პარტნიორების პოზიციას“;
„თეატრში გრიმიორს ყოველთვის საპატიო როლი უკავია“;
ასე რომ, უცხო ენიდან შემობრძანებული სიტყვა „როლი“, თუ მას სურს ქართულ იდიომატიკაში თავისი როლი წარმატებით შეასრულოს, სხვა სიტყვის ადგილის დაჭერას არ უნდა შეეცადოს და თავისას დასჯერდეს!
ისწავლოს „როლმა“ თავისი როლი!
ისწავლოს „როლმა“ თავისი როლი!
02 სექტემბერი 2025ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!