წითელი ვერსია
  • 4
  • 3490

ინტერპრეტაცია და ღირსება

06 აპრილი 2022

უკრაინის დაზვერვამ ბრალი წაუყენა საქართველოს, რომ მისი ტერიტორიიდან სანქციების გვერდის ავლით რუსეთში სხვადასხვა პროდუქტები და შეიარაღება შედის. ამ ბრალდების დამადასტურებელი არცერთი ფაქტი და მტკიცებულება ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებიათ. ქართულმა მხარემ ბრალდება უარყო და მტკიცებულების გადმოცემა მოითხოვა.


ამ ფონზე, ქართული საზოგადოების ერთმა ნაწილმა, ისე, რომ მტკიცებულებებს არცკი დაელოდა, საქართველო დაადანაშაულა. და ეს არ არის პირველი ასეთი შემთხვევა.


საზოგადოების გარკვეული ნაწილი ავტომატურად ბრალმდებლის მხარეს დგება თითქმის ყოველთვის, როცა რომელიმე დასავლელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი გააკრიტიკებს საქართველოს. ხშირად ეს ბრალდებები სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციების საფუძველიც ხდება.


იქმნება წინასწარი განწყობები, რომ საქართველო არ შეიძლება იყოს მართალი უკრაინასთან, ესტონეთთან, ან თუნდაც აშშ-თან მიმართებაში. ის ყველა საკითხში ტოტალურად მტყუანია და მუდმივად თავის მართლების და ბოდიშის მოხდის რეჟიმში უნდა იყოს.


ამ ცნობიერებას აკადემიურ ლიტერატურაში „თვითკოლონიზაცია“ ჰქვია, - როდესაც განიცდი მუდმივ სირცხვილს საკუთარი ქვეყნის გამო და სხვა ყოველთვის მართალი გგონია.


საინტერესო ის არის, რომ ამ კამპანიას უერთდება ხალხი, რომელიც საუბრობს „კრიტიკულ აზროვნებაზე“ და გარკვეულწილად მაინც, განათლებულია.


ხშირად განწყობები, რომელსაც ტელევიზია ქმნის, უფრო მეტად განსაზღვრავს ადამიანების საქციელს, ვიდრე ფაქტები და რაციონალური აზროვნება.


ნიკა გვარამიამ ერთხელ თქვა, XXI საუკუნეში ფაქტები კი არა, აღქმები წყვეტს ყველაფერსო. თუ დავაკვირდებით ჩვენს მედიას, ვნახავთ, რომ უკვე დიდი ხანია აღარ იმართება დისკუსიები და აღარ მიდის მსჯელობა; აგორა, - სადაც სხვადასხვა პოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირდება და არგუმენტირებული მსჯელობა იქნება, პრაქტიკულად აღარ არსებობს.


ეს ქმნის ტოტალურად განსხვავებული “რეალობის სურათს” საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის, რომლებსაც უკვე აღარ შეუძლიათ ერთმანეთთან დიალოგი, იმიტომ, რომ კვეთა ამ „რეალობის სურათების” შორის აღარ არსებობს.


ენაც კი, რომელიც რეალობას აღწერს, განსხვავებულია. ფაქტებთან ურთიერთობა ხდება არა პირდაპირ, არამედ სატელევიზიო-პროპაგანდისტული ინტერპრეტაციების მეშვეობით.


აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა ცნობიერება, რომელიც სხვადასხვა საინფორმაციო ნაკადებიდან იღებს ინტერპრეტირებულ განწყობებს. ეს განწყობები მას ეუბნება, რომ საქართველო, - რუსეთის გარდა, ყველა სახელმწიფოსთან დამნაშავეა და მის წინააღმდეგ ყველა ბრალდება სწორია.


ეს ცნობიერება ერთი მხრივ, გარკვეულ პოლიტიკურ კონიუქტურას ემსახურება, და მეორე მხრივ, თავად ქმნის საკმაოდ საშიშ ტენდენციებს საზოგადოებაში, რომელსაც უკვე აღარ ესმის - რა არის მისი ქვეყნის ღირსება, პრესტიჟი და ინტერესები.


ნუკრი შოშიაშვილი
  • 4
  • 3490
0 Comments