წითელი ვერსია
  • 8
  • 2843

ინტერაქტიული თუ ინტერაქტიური?

21 ოქტომბერი 2024

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!
(ნაწილი XXXVIII)



კარგად არის ცნობილი ქართული ენის ფონეტიკის ის თავისებურება, რომ, თუ ერთ სიტყვაში ორი „რ“ შეხვდა ერთმანეთს, ერთი მათგანი შეიძლება „ლ“-დ გადაიქცეს, რასაც დისიმილაციას ანუ განმსგავსებას უწოდებენ.


განსაკუთრებით მკაფიოდ იჩენს თავს ეს წესი -ურ სუფიქსით ნაწარმოებ ზედსართავებში. მაგალითად: იდეა > იდე-ურ-ი, მაგრამ პრაქტიკა > პრაქტიკ-ულ-ი; კლასიკა > კლასიკ-ურ-ი, მაგრამ გრამატიკა > გრამატიკ-ულ-ი.


ახლა ძირითად სათქმელზე გადავიდეთ.


„ინტერაქტივი“ ქართულში ახალი სიტყვაა, ის ჯერ კიდევ ნეოლოგიზმად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან ლექსიკონებში შეტანილი არ არის. მნიშვნელობა ასეთი აქვს: დიალოგის მეშვეობით ურთიერთობა (მაგ., მასწავლებლისა მოსწავლეებთან გაკვეთილზე). კომპოზიტია, ლათინური წარმომავლობის ორი სიტყვისგან შედგება: „ინტერ“ (შორის) და „აქტივი“ (მოქმედი).


თითქოს დისიმილაციის („რ“-ს „ლ“-დ გადაქცევის) ზემოთ ნახსენებ წესს უნდა მისდიოს „ინტერაქტივი“-სგან -ურ სუფიქსით ნაწარმოებმა ზედსართავმაც: სუფიქსი -ურ, იმის გამო, რომ ერთი „რ“ ფუძეში უკვე გვაქვს („ინტე...“), -ულ-ად უნდა გადაკეთდეს – „ინტერაქტი-ულ-ი“ – და აქ სადავოც არაფერი უნდა იყოს.


მაგრამ ეს მოდური სიტყვა ორივე სახის სუფიქსით გვხვდება მასმედიის ენაში. ინტერნეტსაძიებელმა 0.20 წამში 326 000 „ინტერაქტიული“ და 29 300 „ინტერაქტიური“ იპოვა.


რომელია უფრო სწორი? „ინტერაქტიური“ თუ ბევრად უფრო ხშირად ხმარებული „ინტერაქტიული“?


ყურს თითქოს არცერთი მათგანი არ გვჭრის, რასაც ვერ ვიტყვით „იდეულსა“ ან „პრაქტიკურზე“ – ასე არც არავინ იტყვის და არც არავინ დაწერს – ეს გამორიცხულია; „ინტერაქტიული“ და „ინტერაქტიური“ კი თითქოს ორივე შესაძლებელი ჩანს.


„თითქოს“ იმიტომ დავწერე, რომ მაინც, თუ კარგად დავუკვირდებით, „ინტერაქტი-ულ-ში“ რაღაც არის სახამუშო.


საქმე ის გახლავთ, რომ ამ კომპოზიტს მის პირველ ნაწილს – „ინტერს“ – თუ ჩამოვაშორებთ, დაგვრჩება „აქტიური“ – სიტყვა, რომელიც დიდი ხანია აქტიურად იხმარება ქართულში და ყური ისეა მიჩვეული ცალკე აღებული „აქტიურის“ ჟღერადობას, რომ კომპოზიტშიც მოისაკლისებს ამას.


იმის გასარკვევად, რომელ ფორმას უნდა მიენიჭოს უპირატესობა, „ინტერაქტიულს“ თუ „ინტერაქტიურს“, ანალოგიები მოვიშველიოთ. ვნახოთ რა ხდება „რ“ ბგერის შემცველ სხვა უცხოური წარმომავლობის კომპოზიტებში -ურ სუფიქსის დართვის შედეგად.


ინტერტექსტი > ინტერტექსტ-ურ-ი. თითქმის არავინ ამბობს და წერს „ინტერტექსტ-ულ-ს“, უთუოდ იმიტომ, რომ არსებობს ზედსართავი სახელი „ტექსტური“ (მაგ., [მოკლე]ტექსტური შეტყობინება);


ინტერნაციონალი > ინტერნაციონალ-ურ-ი. არავინ იტყვის და დაწერს „ინტერნაციონალ-ულ-ს“, უთუოდ იმიტომ, რომ არსებობს ზედსართავი სახელი „ნაციონალური“;


ინტერლინგვისტიკ-ურ-ი. არავინ იტყვის და დაწერს „ინტერლინგვისტიკ-ულ-ს“, უთუოდ იმიტომ, რომ არსებობს ზედსართავი სახელი „ლინგვისტიკური“;


ინტერვოკალ-ურ-ი. არავინ იტყვის და დაწერს „ინტერვოკალ-ულ-ს“, უთუოდ იმიტომ, არსებობს ზედსართავი სახელი „ვოკალური“.


ხოლო მეორე მხრივ გვაქვს:


ინტერნირებ-ულ-ი. არავინ ამბობს და წერს „ინტერნირებ-ურ-ს“, იმიტომ, რომ არ არსებობს ზედსართავი სახელი „ნირებური“;


ან კიდევ:


გვაქვს „ინტერპრეტირებ-ულ-ი“. არავინ ამბობს და წერს „ინტერპრეტირებ-ურ-ს“, იმიტომ, რომ არ არსებობს ზედსართავი სახელი „პრეტირებული“.


ამრიგად, „ინტერაქტი-ურ-სა“ და „ინტერაქტი-ულ-ს“ შორის პირველს უნდა მიენიჭოს უპირატესობა.


* * *


იმის ნათელსაყოფად, თუ რა უხერხულობა შეიძლება გამოიწვიოს „ინტერაქტ-ულ-მა“ ზედსართავ „აქტიურის“ არსებობის პირობებში, მოვიხმობ სამოქალაქო განათლების ლექსიკონის სტატიას, რომლის სათაურია „ინტერაქტიული სწავლების სტრატეგიები“:


ინტერაქტიული სწავლება გათვლილია ყოველი მოსწავლის სარგებელზე. ამ დროს აქცენტი კეთდება სწავლების ისეთ ფორმებზე, სადაც მოსწავლე აქტიურად ერთვება სწავლის პროცესში. მასწავლებელი ისე გეგმავს გაკვეთილს, რომ ყოველი მოსწავლე პოულობს თავის ადგილს და არ რჩება პასიური ან გარიყული.


ინტერაქტიული სწავლება არის ორმხრივი პროცესი, რომლის დროსაც მოსწავლეები აქტიურ როლს ასრულებენ, პასუხობენ კითხვებს, თანამშრომლობენ ჯგუფური მუშაობის დროს, აქტიურად ერთვებიან დისკუსიაში, გამოთქვამენ აზრს და ა.შ. ამგვარად, ინტერაქტიული გაკვეთილის დროს მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად ურთიერთობენ. კარგი ინტერაქტიული სწავლება მიიღწევა სწავლების და სწავლის სხვადასხვა მეთოდის ბალანსირებული გამოყენებით. ინტერაქტიული არ არის სწავლა, როდესაც მასწავლებელი კითხვებს უსვამს მოსწავლეს და მოსწავლეები მას პასუხობენ. ინტერაქტიულია სწავლა, როდესაც მოსწავლე თვითონ არის აქტიური საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობის ფორმირებაში“.


ამრიგად, „აქტიუ-რ-ის“ გადაკეთება „აქტიუ--ად“, როცა ეს სიტყვა კომპოზიტის შემადგენელი ნაწილი ხდება, მართებული არ ჩანს, მით უფრო, რომ ერთ სიტყვაში წარმოდგენილი ორი (ზოგჯერ მეტი) „რ“-ს წარმოთქმა ქართველი ადამიანის საარტიკულაციო აპარატისთვის დაუძლეველ დაბრკოლებას სულაც არ წარმოადგენს: „არაფერი“, „რექტორი“, „პროკურორი“ და ორი ან მეტი „რ“-ს შემცველი მშობლიური თუ უცხო წარმომავლობის მრავალი სხვა სიტყვა მოიპოვება ქართული ენის ძირითად ლექსიკურ ფონდში.


* * *


და ბოლოს ერთი ქართული კომპოზიტის ორთოგრაფიული „თავგადასავალიც“ დამაჯერებელ მაგალითად გამოგვადგება იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ „ინტერაქტიულს“ „ინტერაქტიური“ უნდა ვამჯობინოთ.


„ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ მე-8 ტომში, რომელიც 1964 წელს გამოიცა, „ჯარისკაცისგან“ ნაწარმოები ზედსართავი სახელი ორი ფორმით შეუტანიათ: ჯარისკაცულიც არის და ჯარისკაცურიც სათანადო მაგალითებითურთ ლიტერატურიდან. „ჯარისკაცულის“ გასწვრივ ვკითხულობთ: „იგივეა რაც ჯ ა რ ი ს კ ა ც უ რ ი“.


მაგრამ 1968 წელს დასტამბული „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი“ მართებულ ფორმად მხოლოდ „ჯარისკაცურს“ აღიარებს.


„ჯარისკაცული“ აღარ გვხვდება არც განმარტებითი ლექსიკონის 1986 წლის გამოცემაში (ერთტომეულში) და არც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ მომზადებულ „ქართულ ლექსიკონში“ (2014) – ორივეგან მხოლოდ „ჯარისკაცურია“, ისევე, როგორც ორთოგრაფიული ლექსიკონის 1998 გამოცემაში.


ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ „ჯარისკაც-ულ-ზე“ უარის თქმა ზედსართავ „კაცურის“ არსებობამ გამოიწვია.


ლევან ბრეგაძე
  • 8
  • 2843
0 Comments