წითელი ვერსია
  • 3
  • 5112

გურჯი სხვაა, გუჯარი – სხვა...

29 აპრილი 2022

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!

(ნაწილი XXVIII)


ამას წინათ ერთ-ერთ ტელეარხზე ყური მოვკარი ფრაზას „სიგელ-გურჯები მოგვითხრობენო“, – „სიგელ-გურჯებიო“! – რაც ზეპირმეტყველებისთვის დამახასიათებელ ლაფსუსად მივიჩნიე – ხანდახან ენა რომ დაგებორკება და ბგერებს შეცვლილი თანმიმდევრობით წარმოთქვამ (ბეჭდურ ტექსტში ამის მსგავს შეცდომას კორექტურას ვეძახით) – გუჯრები – გურჯები.


მერე ვიფიქრე, მოდი, მაინც შევიხედავ ინტერნეტში და ვნახავ, მასმედიაში ამ მხრივ რა მდგომარეობაა-მეთქი, და დაუჯერებელი რამ ვიხილე, რასაც ახლა თქვენც გაგიზიარებთ, ამ ბლოგის ძვირფასო მკითხველნო.


მხოლოდ ბოლო წლების მაგალითებს დავიმოწმებ:


„...ერთ-ერთი წყაროა მხატვრული ლიტერატურა და უცხოელი მოგზაურების ჩანაწერები საქართველოზე; ჰაგიოგრაფიულ ხანაში კი, მონასტრის ტიპიკონები და უფრო აქეთ მეფეთა დოკუმენტაცია – ხარკისა თუ მზითვის სიგელ-გურჯები“ (euronews.ge, 11.01.2022);


„1797 წელს დოსითეოს ქუთათელმა განაახლა კაცხის მონასტრის სიგელ-გურჯები“ (nation.ge, 03.18.2021);


„თელავის ისტორიულ მუზეუმში კი, ერეკლე მეორის ოჯახის წევრების პორტრეტები, სიგელ-გურჯები და სხვა ნივთების გამოფენა მოვაწყეთ“ (1tv.ge, 07.11.2020);


„დიდი ნაწილი ქართული ხელნაწერებისა და სიგელ-გურჯებისა რუსეთში იყო გატანილი და საბჭოთა კავშირის დროს, 1922-23 წლებში დაბრუნდა საქართველოში“ (ambebi.ge, 19.09.2019).


(საგულისხმოა, რომ ამ ინფორმაციას ჟურნალისტს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სპეციალისტი აწვდის. გამორიცხულია, რომ მას „სიგელ-გუჯრების“ ნაცვლად „სიგელ-გურჯები“ ეთქვა. ჟურნალისტმა „გაიგონა“ ეს სიტყვა ასე, „გუჯრების“ „გურჯებად“ გადაკეთება მისი „დამსახურებაა“!).


* * *


გურჯი მოგეხსენებათ, რაც არის; მაინც ლექსიკონში ჩავიხედოთ: „ქართველის სახელწოდება მაჰმადიანების (თურქების, სპარსელებისა და სხვ.) ენებზე“ (ქეგლ).


გუჯარი კი ასეა განმარტებული: „1. ეკლესიისათვის მეფის ან მემამულის მიერ გაცემული საბუთი, რომელშიც განსაზღვრული იყო ეკლესიის მეურნეობისათვის სავალდებულო წესები. 2. მერმინდელ ხმარებაში – იგივეა, რაც სიგელი“ (ქეგლ).


ენციკლოპედიიდან კი იმასაც ვგებულობთ, რომ გუჯარი ქართულ დიპლომატიკაში XV საუკუნიდან შემოსულა, ხოლო XVIII საუკუნეში გუჯარი და რამდენიმე საუკუნით მასზე ადრე დამკვიდრებული სიგელი ერთ ტერმინად – სიგელ-გუჯრად გაერთიანებულა (ქსე).


გუჯარი ფუძეკუმშვადი სახელი გახლავთ და ამიტომაც იკარგება „ა“ ხმოვანი მხოლობითის სამ, ხოლო მრავლობითის შვიდივე ბრუნვაში (გუჯრის, გუჯრით, გუჯრად / გუჯრები, გუჯრებმა...). ყველა ამ შემთხვევაში, თუკი „ჯ“ და „რ“ ადგილებს გაცვლიან, სხვა სიტყვას მივიღებთ, რომელიც, თავის ადგილას გამოყენებული (ანუ აღმოსავლური თემატიკის დამუშავებისას), ბევრჯერ შეგვხვედრია (მაგალითი მხატვრული ლიტერატურიდან: „მე სულთნის ლაშქარში მრავალი გურჯი მენახა, რომელთაც ომებში დიდად გაეთქვათ სახელი“, ვკითხულობთ ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობაში „რაჰათ-ლუხუმი“). ჩვენი დღევანდელი მასმედიის ენაში იგი – აი ეს „გურჯი“ – ცდილობს ის კონტექსტებიც დაიპყროს, რომლებიც ჟღერადობით მისი მსგავსი სხვა სიტყვის კანონიერი სამფლობელოა, რისი საშუალებაც მას არ უნდა მივცეთ, ვინაიდან:


გურჯი სხვაა, გუჯარი – სხვა, შუა უზის დიდი ზღვარი,

ნურვინ გარევთ ერთმანეთსა, გესმას ჩვენი ნაუბარი!


PS.


„სიგელ-გუჯარი“ შერწყმული სახელების კატეგორიას მიეკუთვნება (კომპოზიტებში არ აურიოთ!), ის ორი სინონიმური სიტყვის გაერთიანებით არის მიღებული. პირველი მათგანი – „სიგელი“ – მომდინარეობს ლათინური sigillum-იდან, რაც „ნიშანს“, „ბეჭედს“ ნიშნავს (ასეთივე წარმომავლობის არის „სიგნალიც“ და „წიგნიც“), რაც „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონიდანაც“ (ქეგლ) შეგვიძლია შევიტყოთ. ამასვე ვერ ვიტყვით ამ შერწყმული სიტყვის მეორე ნაწილზე – „გუჯარის“ წარმომავლობის შესახებ, რომელსაც აშკარად აღმოსავლური იერი დაჰკრავს, ქეგლ-ში არაფერია ნათქვამი.


მზია ანდრონიკაშვილის აზრით, გუჯარი სპარსულიდან უნდა მომდინარეობდეს (იხ. მისი „ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან“, 1966, გვ. 184, 214, 306. ამ წყაროზე მიმითითა ვახტანგ ელერდაშვილმა, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოვახსენებ).


მაშ, ქართული შერწყმული სახელი „სიგელ-გუჯარი“ ლათინური და სპარსული წარმომავლობის სინონიმთა გაერთიანებით ყოფილა წარმოქმნილი.


სტილის ანალიზმა უნდა დაადგინოს ნიუანსობრივი სემანტიკური განსხვავებები ცალ-ცალკე ნათქვამ-დაწერილ „სიგელს“, „გუჯარს“ და მათი შერწყმით მიღებულ „სიგელ-გუჯარს“ შორის. დასავლურ-აღმოსავლური წარმომავლობის სინონიმთა გაერთიანება ქართულ ენობრივ სივრცეში უთუოდ არის ენობრივი არაცნობიერის დონეზე დადასტურება იმ აზრისა, რომელიც იტალიელმა ქართველოლოგმა ლუიჯი მაგაროტომ ერთ ნაშრომში ასე ჩამოაყალიბა: თანამედროვე ევროპული გადასახედიდან საქართველო მოიაზრება როგორც „ხიდი ევროპულ და აზიურ ცივილიზაციებს შორის“.


სხვათა შორის, ამის დასტურია კიდევ ერთი ხშირად ხმარებული შერწყმული სიტყვა – „სინდის-ნამუსი“ – ამჯერად ბერძნული და არაბული სინონიმების გაერთიანება ქართულ ნიადაგზე.


ლევან ბრეგაძე
  • 3
  • 5112
0 Comments