წითელი ვერსია
  • 72
  • 7533

გავიცნოთ გმირი ( I )

14 ნოემბერი 2019

რა გვიყვარს, როდესაც ვკითხულობთ? რა არის ის, რის გამოც სხვა საქმეებს ვწყდებით, ხელში წიგნს ვიჭერთ და გვერდიდან რომ შემოგვხედოს კაცმა, მთლად ნორმალურის შთაბეჭდილებას არ ვტოვებთ? რითი ერთობა ამ დროს ჩვენი ტვინი? რა გვანიჭებს სიამოვნებას? რატომ შეგვიძლია ერთად აკინძულ ფურცლებში, რომელსაც წიგნს ვეძახით, ფული გადავიხადოთ, შემდეგ ყველა საქმე გადავდოთ და კითხვით დავტკბეთ? რთული შეკითხვაა...


ეგ კიდევ არაფერი! აბა გაიხსენეთ, რომ არიან ადამიანები, ვინც კითხვის ნაცვლად - წერს. და წერას ყველაფრის მიუხედავად, ახერხებს. წერა მანქანის თვალახვეულ მდგომარეობაში მართვას ჰგავს. რაც უფრო დიდ ფორმატს შეეჭიდები (რომანს მაგალითად) მით უფრო დიდია შანსი, რომ სადმე, რომელიმე მოსახვევში კისერი მოიტეხო, ერთი სიტყვით - დაიმტვრე. დაიმტვრე მსუბუქად ან სასიკვდილოდ. მაგრამ ის, ვინც იცის როგორ ატაროს მანქანა თვალახვეულმა - სამშვიდობოს გადის.
გამოდის, რომ როგორც მანქანის ტარებას უნდა ცოდნა, ისე წერასაც ცოდნა უნდა. მხოლოდ, წერის ცოდნა უნარების, წესების, შრომისმოყვარეობის და ნიჭის ნაზავია. (მართალია, ნიჭს ვერაფერს უზამს ადამიანი. თუ წერის ნიჭი არ გაქვს, არც გექნება.) უნარების, წესების და შრომისმოყვარეობის გამომუშავება კი ადამიანზეა დამოკიდებული.


მაშ ასე! ვისაც წერა უნდა და თვლის, რომ აქვს ამისთვის საკმარისი ნიჭი, სურს შეიძინოს უნარი, ისწავლოს წესები და იყოს შრომისმოყვარე - ეს გვერდი მისთვისაა. თუ მრავალტომეულს ვერ დაწერთ, საკითხთან სწორი მიდგომის შემთხვევაში, რაღაც შედეგს აუცილებლად მიაღწევთ.


როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში დრამატურგის ხელოვნების ფაკულტეტზე მოვხვდი, შორეული მეოცე საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისი იყო. ჯგუფი თამაზ ჭილაძეს ჰყავდა აყვანილი და რაც პირველ ლექციაზე გვითხრა, კარგად დამამახსოვრდა. მე თქვენო, წერას ვერ გასწავლითო, მაგრამ გასწავლით, როგორ უნდა წეროთო.
აქაც დაახლოებით ასეა. მე თქვენ ვერ გასწავლით, როგორ უნდა წეროთ, მაგრამ გასწავლით, როგორ უნდა წაიკითხოთ.


დავიწყოთ ყველაზე მარტივი, აუცილებელი და საჭირო საგნით. ეს არის „გავიცნოთ გმირი“. მოგეხსენებათ, ყველა ნაწარმოებში არის გმირი. რაც უფრო სახასიათოა გმირი - მით უფრო დიდხანს გვახსოვს მისი ნამოქმედარი. რაც უფრო მამაცია გმირი - მით მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს მას. რაც უფრო დიდია მის მიერ ჩადენილი საგმირო საქმეები - მით უფრო მეტი ადამიანისთვისაა სამაგალითო. მთავარი გმირის გარეშე არ არსებობს არც ერთი ღირებული ნაწარმოები. შესაბამისად, არც მკითხველი ჰყავს მას. (ღირებული ნაწარმოები, თორემ ისე რამდენიც გინდა!)


მთავარი გმირია ის, ვის გამოც ყველა საქმე შეგვიძლია გადავდოთ და სიამოვნებით გადავშალოთ წიგნის ფურცლები. მთავარი გმირია ჩვენი მოტივატორი. მთავარი გმირი - აი, ვინ გვინდა ვიყოთ, როდესაც ნაწარმოებს ვკითხულობთ. არ აქვს მნიშვნელობა, პატარები ვართ თუ მოზრდილები. გვინდა ვიყოთ გმირები. და რადგან გმირები არ ვართ, რადგან ჩვენზე არავინ წერს, ხელში წიგნი გვრჩება, წიგნში კი მთავარი - გმირია.
მაგრამ, როგორ მივაღწიოთ იმას, რომ მთავარი გმირი იყოს ყველასთვის სამაგალითო, რომ დროს გაუძლოს, რომ მის გამო წიგნებს ყიდულობდნენ და მასზე ლაპარაკობდნენ?


ამისათვის ერთი წესი არსებობს.


ჩვენ უნდა გავიცნოთ გმირი მის ჩვეულ გარემოში. უნდა ვიცოდეთ, როგორია ის იქ, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. მაგალითად, ვაჟა ფშაველას პოემაში „ალუდა ქეთელაური“, სანამ ალუდა ნაწარმოების გმირი გახდება, მასზე ვიგებთ, რომ დოვლათიანი კაცია, ანუ ბარაქიანია, ანუ არ უჭირს. არის თავისთვის, შრომობს და ამ შრომაში ბედნიერია. რატომ არის ბედნიერი? იმიტომ, რომ საფიხვნოს თავში რომ დაჯდება (საფიხვნო კი, მოგეხსენებათ ადგილია, სადაც სოფლის ხალხი იყრის თავს), ამ სოფლის სათათბიროზე „სიტყვა მაუდის გზიანი“, ანუ სიტყვა ეთქმისო. უსაქმური და ღარიბი კაცი საფიხვნოს თავში ვერ დაჯდებოდა (და პრინციპში ახლაც ვერ დაჯდება). გამოდის, რომ ჩვენ, გმირი ალუდა ქეთელაურის შესახებ გავიგეთ, რომ მისი ჩვეული გარემო - ეს არის შატილი, სადაც უსმენენ, აფასებენ, და როგორც კი რაღაც გასაჭირი დგება, მას ეძახიან.


ესე იგი, თუ გვინდა შევქმნათ გმირი, უნდა ვაჩვენოთ როგორია იგი გმირობამდე. აღვწეროთ ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანი, მიწიერი. სულ მალე, თქვენის მეოხებით, მას ჩვეული საქმის მიტოვება მოუწევს. სხვადასხვა გარემოებების გამო თქვენს გმირს ე.წ. კომფორტის ზონის დატოვება მოუხდება.
კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვა, თუ გვინდა მოვყვეთ დათვზე, რომელიც სამსახურში ველოსიპედით დადის, ჯერ უნდა მოვყვეთ, როგორ ცხოვრობს ტყეში.



როგორ მუშაობს ეს პრინციპი ჟურნალისტებისთვის?


ხშირად ჟურნალისტს უკვე ჰყავს ადამიანი, რომელზეც მასალაა მოსამზადებელი. თუ გვინდა, რომ სტატია (ბლოგი, სიუჟეტი, ჩანახატი) საინტერესო გამოვიდეს, თუ გვინდა, რომ მკითხველს (მაყურებელს) მოვუყვეთ მისი გმირობის შესახებ და ამ გმირობის ეფექტი გავაძლიეროთ, ჯერ უნდა ვაჩვენოთ მისი ჩვეულებრივი ყოფა.


თუ ვყვებით ოლიმპიურ ჩემპიონზე, რომელმაც ქვეყანა ასახელა, საინტერესო იქნება მოვუთხროთ, რომ იგი ერთი ჩვეულებრივი ბიჭი (გოგო) იყო, რომელიც თანატოლებისგან არაფრით გამოირჩეოდა. (რაში გვაინტერესებს ისტორია ადამიანზე, რომელიც დაბადებიდან ოლიმპიელი იყო.) ამიტომ საინტერესოა, როგორ ცხოვრობდა, როგორი იყო შინ და გარეთ, რა უყვარდა, რა აინტერესებდა, რაზე ოცნებობდა... და მხოლოდ ამის შემდეგ მოვუყვეთ მკითხველს (მაყურებელს), რა გზა განვლო რიგითი მოქალაქეობიდან ოლიმპიელობამდე.



P.S.
როგორ უნდა დავაჯეროთ მკითხველი, რომ გმირისათვის ჩვეული გარემოს დატოვება (ე.წ. კომფორტის ზონიდან გამოსვლა) აუცილებელი იყო, ამის შესახებ მომდევნო ბლოგში დავწერ.

ბასა ჯანიკაშვილი
  • 72
  • 7533
0 Comments