წითელი ვერსია
  • 37
  • 7440

გაცხადებული ცოდნის ეფექტი # 2

12 მარტი 2020

მაშ ასე. ჩვენ ვიცით, რომ კარგი ნაწარმოების დაწერისთვის საჭიროა ორი რამ: ნიჭი და უნარი. ნიჭი ღვთის მადლია (ყოველ შემთხვევაში, ასე თვლიდნენ ჩვენი წინაპრები, სანამ მარკეტინგმა სრულად არ მოიცვა სახელოვნებო სფერო), ხოლო უნარებს სწავლა, შეძენა და გამოყენება უნდა.


უნარების მთავარი ცოდნა რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხს ეფუძნება, რომელიც წინა ბლოგში განვიხილეთ. ესენია:
ა) უნდა ვიპოვოთ მთავარი გმირი.
ბ) უნდა ავხსნათ, დავახასიათოთ და მოვიფიქროთ, როგორია იგი.
გ) უნდა შევუქმნათ მთავარ გმირს წინააღმდეგობა.
დ) ვიპოვოთ მთავარი გმირის მტერი - ანტაგონისტი და შესაბამისად უნდა მოვექცეთ მას (ისე, როგორც ვექცევით მთავარ გმირს).
ე) უნდა ვიპოვოთ მეორეხარისხოვანი და მესამეხარისხოვანი პერსონაჟები.
ვ) უნდა გამოვკვეთოთ ნაწარმოების მთავარი თემა.


ახლა კი, ვისაუბროთ სიუჟეტზე და მის განვითარებაზე, თუ ადგილი დაგვრჩა, შევეხოთ პარალელურ ისტორიას (სხვა მნიშვნელოვან თემებზე მომავალ ბლოგში დავწერ).


დავიწყოთ სიუჟეტით. სიუჟეტი ნაწარმოების ღერძია. ეს არის მოვლენათა რიგი. მასზე იგება ყველაფერი, რასაც ფურცელი იტევს. სიუჟეტის განვითარება მწერლის/ჟურნალისტის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ერთი შეხედვით, სიუჟეტის ქარგის მოქსოვისას მწერალი თავისუფალია. მაგრამ, სწორედ ამ თავისუფლებაშია საფრთხე. რადგან შესაძლოა, თავისუფლების ხარჯზე მწერალს სიუჟეტი გაექცეს. გზას აცდენილი სიუჟეტი ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემივითაა - საითაც ქარი დაუბერავს, იქით რომ მიდის. ამიტომ, ნაწარმოები უფორმო რომ არ გამოვიდეს, მწერალს სიფრთხილე მართებს.


მაგალითად, დავით კლდიაშვილის მოთხრობაში „სამანიშვილის დედინაცვალი“ ასეთი სიუჟეტია: ბეკინა სამანიშვილი ქვრივი კაცია. იგი სიბერეში ცოლის მოყვანას გადაწყვეტს. მისი შვილი პლატონ სამანიშვილი და რძალი მელანო წინააღმდეგი არიან, რადგან ეშინიათ, რომ მამამისს შვილი გაუჩნდება და მათ ისედაც ღარიბ ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატება (კონტექსტი ისაა, რომ სოციალურად უჭირთ, ზედმეტი წევრი კი ზედმეტი მჭამელია. ამის გარდა, ოჯახის ახალი წევრი მემკვიდრეთა რიცხვს ზრდის).


მიუხედავად ყველაფრისა, ბეკინა სამანიშვილი განზრახვაზე უარს არ ამბობს. მას ცოლის მოყვანა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. შვილი - პლატონი გადაწყვეტს, რომ მამას ისეთი ცოლი შეურჩიოს, რომელიც ორჯერ იქნება გათხოვილი, ორჯერ დაქვრივებული და უშვილო. ეს კი ამცირებს იმის შანსს, რომ მათ (ახალდაქორწინებულებს) შვილი გაუჩნდეთ. დახმარებისთვის პლატონი მიდის დასთან და სიძესთან (დარიკო და კირილე), ისინი შეარჩევენ ქალს, (ელენეს) რომელიც ბეკინას მოეწონება და ქორწილსაც გადაიხდიან. მიუხედავად ყველაფრისა, ელენე ფეხმძიმდება. გაბრაზებული და ჭკუაშეშლილი პლატონი ელენეს წიხლს ურტყამს, მაგრამ ააცილებს. ელენეს მუცელი არ მოეშლება და ბავშვი ჩნდება. ხუთი წლის თავზე ბეკინა სამანიშვილი გარდაიცვლება. გულღრძო პლატონი ქვრივ ელენეს და მის ნახევარძმას ქონებას წაართმევს.


ეს მარტივად, როგორც იტყვიან - ერთ აბზაცში (მაგრამ რამდენი ტკივილი, გაჭირვება და სევდანარევი იუმორია ჩაქსოვილი ამ ნაწარმოებში).


როგორც გითხარით, სიუჟეტი მოვლენათა რიგია, სადაც ამბები ერთმანეთს ენაცვლება და საერთო ჯამში ერთ ისტორიად იკვრება. ასეა აქაც. ამბავი ბეკინა სამანიშვილზეა, მაგრამ მთავარი პერსონაჟი პლატონია, მისი ქმედებები მოვლენათა რიგს იწვევს, მაშინ როდესაც ბეკინა მხოლოდ ელოდება. ნაწარმოების სათაური „სამანიშვილის დედინაცვალი“ პლატონის პატივსაცემადაა დარქმეული, თორემ სხვა სათაურსაც დაარქმევდა ავტორი (თუმცა, ამ ნაწარმოების სხვა წაკითხვით მთავარი პერსონაჟი ბეკინაა, რადგან იგია ის, ვინც მოქმედებას იწყებს და ამბავიც მასზე იწყობა). ასეა თუ ისე, ნაწარმოებში მეორეხარისხოვანი პერსონაჟები დარიკო, კირილე და ელენე არიან.


თხრობის ძირითადი ამბის გარდა, გმირის თავს კიდევ რაღაც ხდება. ეს „კიდევ რაღაც“ - პარალელური ისტორიაა. რა ხერხია ეს? პარალელურ ისტორიას შეუძლია ამბავი ორიგინალურ, განსხვავებულ ამბად აქციოს. პარალელური ისტორია მთავარი გმირისათვის დამატებით მოტივაციას ქმნის.


ის ხშირად მთავარი სიუჟეტური ხაზის იდენტურია, მხოლოდ მას სხვა (მეორეხარისხოვანი) პერსონაჟები ჰყავს, ან კიდევ სრულიად ცდება მთავარ სიუჟეტს და ცალკე, განსხვავებულ სიუჟეტს მოგვითხრობს. (შესაძლოა, ეს ამბები ნაწარმოების შუაში ერთანეთს გადაეკვეთოს და ისევ აცდეს, ან სულაც ერთი ფინალი ჰქონდეთ).


მაგალითად, „სამანიშვილის დედინაცვალში“ პარალელური ისტორია არ გვხვდება (მთავარი ამბავი პლატონის მიერ მამისათვის საცოლის მონახვაა, პარალელური ისტორია არ ჩანს. ყველა გმირი, მთავარი და მეორეხარისხოვანიც - ერთი ამბის გარშემო ვითარდება). ხოლო ჭაბუა ამირეჯიბის რომანში „დათა თუთაშხია“ პარალელური ისტორია აბრაგი თუთაშხიას ბიძაშვილის მუშნი ზარანდიას თავგადასავალია. ამ ორი ადამიანის სიუჟეტური ხაზი ერთმანეთის პარალელურად ვითარდება. ხშირად ერთმანეთს კვეთს და ბოლოს, როდესაც დათა თუთაშხიას მოკლავენ, მალე ისიც გარდაიცვლება (მელანქოლიითო, წერს გრაფი სეგედი. თუმცა, ახლა ამას დეპრესიას ეძახიან).


მაშ ასე, ნაწარმოებში შესაძლოა იყოს, ან არ იყოს პარალელური ისტორია. „სამანიშვილის დედინაცვალიც“ და „დათა თუთაშხიაც“ დიდი ნაწარმოებებია და პარალელური ისტორიის ყოფნა-არყოფნით არ წყდება მათი ავკარგიანობა. მთავარია, რომ მწერალმა/ჟურნალისტმა სწორად იგრძნოს ამის აუცილებლობა.


როდესაც ჟურნალისტი ამბავს წერს/იღებს ადამიანზე, რომელიც სამოგზაუროდ უცხოეთში იმყოფებოდა და ამის გამო კარანტინში მოყვა, შეგვიძლია მთავარი ამბის გარდა, მის ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე და მეგობრებზე მოვყვეთ (გამოვკვეთოთ მეორეხარისხოვანი პერსონაჟები). დრო თუ საშუალებას მოგცემთ, შეგიძლიათ პარალელური ისტორიაც გაგვაცნოთ, ამით სტატიას/სიუჟეტს უფრო გაამდიდრებთ და საინტერესოს გახდით.




ბასა ჯანიკაშვილი
  • 37
  • 7440
0 Comments