წითელი ვერსია
  • 5
  • 3628

გამარჯვების სიხარული შერჩევით

30 იანვარი 2023

ცოტა რამ უხდება ზამთარს ისე, როგორც ფიგურული სრიალი - სპორტის ეს გამორჩეული, ნატიფი, ულამაზესი სახეობა, რომელიც ყინულის გამჭვირვალე მაქმანებით ესაზღვრება ხელოვნებას.


მზიურ საქართველოში, ყინულის სპორტი სხვა ეგზოტიკაა და იმის მიუხედავად, რომ ფიგურული სრიალის ჩემპიონატებს ჩვენს ქვეყანაშიც მუდმივად აქტიური მაყურებელი/გულშემატკივარი ჰყავს, ამ სახეობასთან ტრადიციები მაინც არ გვაკავშირებს.


ყველაზე დიდი წარმატება, რაც სხვადასხვა დროს საქართველომ მოიპოვა, სამი ბრინჯაოს მედალია (2 - ელენე გედევანიშვილს ეკუთვნის, 1 - მორის ყვითელაშვილს).


29 იანვარს კი, ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ეს ტიტული პირველია ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში.


ეს გამარჯვება, ალბათ, ყველასთვის სასიხარულო იქნებოდა, რომ არა ჩემპიონის რუსული წარმომავლობა.


მედიამ ტრადიციულად „თავი გამოიჩინა“, ხშირ შემთხვევაში არასრულყოფილად გაშუქებულმა ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რაც ინტერნეტ-პოლემიკასა და აჟიოტაჟში გადაიზარდა.


დომინირებდა აზრი, რომ გუბანოვამ საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის სანქცირების გამო მიიღო, რათა ჩემპიონატში ასპარეზობა შესძლებოდა. მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ის რუსეთ-უკრაინის ომამდე, ჯერ კიდევ პეკინის ოლიმპიადაზე ასპარეზობდა საქართველოს სახელით.


ამ ფაქტის გარშემო ატეხილ „ფეისბუკ-აურზაურში“, ნაციონალისტური განწყობების გარდა, გავრცელდა კონსპირაციული თეორიებიც („რუსი მაღალჩინოსნების ჩაწყობილი საქმე“, „პეტერბურგელი გოგო, რომელიც, კაცმა არ იცის, რაში გამოიყენებს საქართველოს დროშას“ და ა.შ.); ერთმანეთში აირია საქართველოს მოქალაქეობის, ეთნიკური წარმომავლობის, პატრიოტიზმის, პროფესიონალიზმის თემები.


არადა, ამ მუდმივი იდეოლოგიურ-ფასეულობითი, საქმიანი თუ უსაგნო დისკურსების თავიდათავი, სწორად ან არასწორად გაშუქებული მოვლენებია ხოლმე.


ამაში ჩანს მედიის პასუხისმგებლობაც და პროფესიონალიზმიც.


სპორტსმენისგან უპირობო გმირობის მოთხოვნა, ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფებთან/იდეოლოგიებთან/პარტიებთან აფილირებული პოზიციების მაინცდამაინც სცენიდან თუ პედესტალიდან გაცხადების იძულება, რბილად რომ ვთქვათ, პროვინციალიზმია და ცუდ მდგომარეობაში აყენებს იმას, რაც მართლა მონაპოვარს წარმოადგენს.


კიდევ რამდენი სამოქალაქო მაგალითი უნდა გადაგვხდეს, რომ ეს ელემენტარული ჭეშმარიტებები გაცხადდეს. ან რამდენი გამარჯვება სჭირდება იმას, რომ კომპლექსების, ეჭვების, კონსპირაციების გარეშე მივიღოთ ის?..


არადა, თუ რამე გვჭირდება ახლა, ეს - გამარჯვების შეგნებაა. მისი დაშვება, მიღება და შენარჩუნება. ყველა სფეროში და რა თქმა უნდა - მხოლოდ შრომის, პასუხისმგებლობის და სიყვარულის შედეგად.


ფოტო europop.ge

ნინია სადღობელაშვილი
  • 5
  • 3628
0 Comments