წითელი ვერსია
  • 3
  • 2945

გააჟღერა, დააფიქსირა, გაახმოვანა

21 ივლისი 2025

ჩვენს საზოგადოებრივ თუ მედია-ლექსიკონში ხშირად გამოიყენება ზმნათა ისეთი ფორმები, როგორებიცაა - გააჟღერა, დააფიქსირა და გაახმოვანა. მათ, ძირითადად, უმართებულოდ ხმარობენ.


მაგალითად: მწერალმა საინტერესო აზრი გააჟღერა;


მოსწავლემ დააფიქსირა, რომ შესვენებაზე ეზოში იმყოფებოდა;


მოსამართლემ გადაწყვეტილება დაგვიანებით გაახმოვანა და ა.შ.


გააჟღერა ფორმის გამოყენება მართებულია კონკრეტულ კონტექსტში (თუკი წინადადების შინაარსი მუსიკას უკავშირდება).


მაგალითად, მუსიკოსმა გიტარის სიმები გააჟღერა.


დანარჩენ შემთხვევაში, გააჟღერა სხვა ზმნებით უნდა ჩავანაცვლოთ - აღნიშნა, განაცხადა, გამოთქვა...


მაგალითად: მწერალმა საინტერესო აზრი გამოთქვა.


უმართებულოა აფიქსირებს ზმნის გამოყენება აღნიშნა/თქვა/განაცხადა მნიშვნელობით.


ის ბუნებრივია შემდეგ კონტექსტში: მეცნიერმა არაერთი ანალოგიური ფაქტი დააფიქსირა;


მაგრამ, შეცდომაა: მეცნიერმა დააფიქსირა, რომ მისი ნაშრომი კონკრეტულ კვლევას ეფუძნება.


ასევე, უმართებულოა ახმოვანებს ზმნის გამოყენება აზრის გამოთქმის ან გამოცხადების მნიშვნელობით, მაგალითად: მოსამართლე თავის გადაწყვეტილებას დღეს გაახმოვანებს;


სწორია: მოსამართლე თავის გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს/განაცხადებს...


ახმოვანებს ზმნის გამოყენება მართებულია სხვა კონტექსტშიც: ფილმის პერსონაჟს ქართველი მსახიობი ახმოვანებს.


ნინია სადღობელაშვილი
  • 3
  • 2945
0 Comments