ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!
(ნაწილი XXX)
გაყრა პოლისემანტიკური (რამდენიმე მნიშვნელობის მქონე) სიტყვაა. ნემსის ყუნწში ძაფის გაყრაც არსებობს, ეზოში შემოხეტებული ღორების ეზოს გარეთ გაყრაც, თვალებიდან ნაპერწკლების გაყრაც, ცოლ-ქმრის გაყრაც და დაპირისპირებულ მხარეთა მშვიდობიანად გაყრაც.
ბოლო ორ გაყრაზე გვექნება საუბარი. დანარჩენი გაყრები, ჩვენი დაკვირვებით, წერისას და წარმოთქმისას პრობლემებს არ გვიქმნის.
ამ ორ ფორმას დავაკვირდეთ: გა-ი-ყარნენ და გა-ე-ყარნენ.
გაიყარნენ ერთპირიანია – ისინი; გაეყარნენ – ორპირიანი – ისინი, მას/მათ.
ძალიან გახშირდა პირველის (ერთპირიანის) ნაცვლად მეორის (ორპირიანის) გამოყენება:
„ქორწინებამ დიდხანს ვერ გასტანა და 2010 წელს გაეყარნენ“;
„მათი ქორწინება 30 წელი გაგრძელდა. ისინი 2013 წელს გაეყარნენ“;
„ზუსტად არ ვიცი, ოფიციალურად როდის გაეყარნენ, მაგრამ ერთად დიდი ხანია არ ცხოვრობენ“;
ადვილი შესამჩნევია, რომ ამგვარად ფორმულირებული ფრაზა დაუმთავრებლის შთაბეჭდილებას ტოვებს, კერძოდ, ჩნდება კითხვა: ვის გაეყარნენ?
აქ ვითარებას გამოასწორებდა სიტყვა „ერთმანეთის“ ჩამატება, როგორც ეს აი ამ ფრაზაშია:
„ნიკოლასი და ლიზა ქორწინებიდან სამთვიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს გაეყარნენ“.
ეს უკვე გამართული ქართულია, მაგრამ სტილისტიკურად უმჯობესია ერთი სიტყვით გამოვხატოთ ის, რაც ცოლ-ქმარმა მოიმოქმედა, ეს ერთი სიტყვა კი არის: გა-ი-ყარნენ, რომელიც სავსებით მართებულად ზის ამ ფრაზაში:
„შეყვარებულებმა ორჯერ იქორწინეს და ორჯერ გაიყარნენ“.
***
ამ ბოლო დროს ეს სიტყვა – გაეყარნენ – სპორტულ ჟურნალისტიკაშიც გავრცელდა. მას იყენებენ შეხვედრის ფრედ დამთავრების მაუწყებელ ინფორმაციაში, მაგრამ თითქმის ყოველთვის არასწორად:
„წყალტუბოს „სამგურალი“ და ბოლნისის „სიონი“ ფრეზე გაეყარნენ – 1:1“;
„რუსთავი“ და „სიონი“ ფრეზე გაეყარნენ“;
„მილანი“ და „ტორინო“ შედეგიან ფრეზე გაეყარნენ“;
„დაძაბულ ბრძოლაში გუნდები ნულოვან ფრეზე გაეყარნენ“.
ამ ფრაზებში ყველგან გა-ე-ყარნეს ადგილას გა-ი-ყარნენ უნდა, თორემ უამისოდ აქაც დაუმთავრებელ წინადადებებთან გვაქვს საქმე.
აქაც შესაძლებელი შესიტყვება იქნება „ერთმანეთს გაეყარნენ“, ოღონდ, როგორც ზემოთ ითქვა, ის სტილისტიკურად ჩამოუვარდება იმავე მნიშვნელობის მქონე სხარტ ერთსიტყვიან გამოთქმას, სწორად გამოყენებულს ქვემოთ ციტირებულ ფრაზაში:
„დარჩენილ დროში გუნდები ინტენსიურად უტევდნენ, თუმცა ანგარიში უცვლელი დარჩა და გუნდები ფრეზე გაიყარნენ“.
ან კიდევ:
„ბათუმელები პავლოდარელებს ფრეზე გაეყარნენ“ –
აქაც სწორად ზის გაეყარნენ იმიტომ, რომ კარგად ჩანს ვინ ვის გაეყარა, რასაც ვერ ვიტყვით მის მსგავს ამ წინადადებაზე:
„თელავი“ და „ლიახვი“ ფრეზე გაეყარნენ“ –
არ ჩანს, „რუსთავი“ და „სიონი“ ერთმანეთს გაეყარნენ თუ ორივენი გაეყარნენ ვიღაც მესამესა და მეოთხეს (ადვილი წარმოსადგენია ასეთი ფრაზით აღწერილი ვითარება: „რუსთავი“ და „სიონი“ ფრეზე გაეყარნენ თავ-თავიანთ მეტოქეებს“).
***
და ბოლოს, ტრადიციულად, სწორი ფორმის დასამახსოვრებელ პოეტურ „შპარგალკასაც“ შემოგთავაზებთ – კარგად ცნობილ სტრიქონებს აბესალომისა და ეთერის თქმულებიდან:
„ორშაბათს შეყრილ მიჯნურნი
სამშაბათს გავიყარენით,
ვისაც რომ შაყრა გეწყინათ,
გავყრილვართ, გაიხარენით“.
გა-ი-ყარნენ, გა-ე-ყარნენ
08 აპრილი 2023ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!