წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 0
  • 3480

ერთი მოდური სიტყვის გასაჭირი

09 იანვარი 2026

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!


(ნაწილი LIII)



იდენტიფიკაცია / იდენტიფიცირება ახალი ნასესხობააო, ვერ ვიტყვით, ვინაიდან ჯერ კიდევ იოსებ იმედაშვილის „უცხო სიტყვათა ლექსიკონში“ გვხვდება (მესამე გამოცემა 1928 წ.), მაგრამ ამ ბოლო დროს ის ნამდვილ მოდურ სიტყვად მოგვევლინა (ასე უწოდებენ – არცთუ მთლად ირონიის გარეშე! – მეტისმეტად ხშირად ხმარებულ სიტყვებს ლინგვისტები). თანაც მნიშვნელობაც გაიფართოვა. ი. იმედაშვილთან ის ერთი სიტყვით განიმარტება: „გაიგივება“, რაც, როგორც ტერმინი, წარმატებით გამოიყენება ესთეტიკაშიც: მხატვრული ქმნილების მკითხველი თუ მაყურებელი თავის თავს ძალაუნებურად აიგივებს (თავისი თავის იდენტიფიკაციას / იდენტიფიცირებას ახდენს) ამა თუ იმ პერსონაჟთან, რაც თანაგანცდას და კათარსისს იწვევს.


მიხეილ ჭაბაშვილის „უცხო სიტყვათა ლექსიკონში“ ამ განმარტებას ერთი სიტყვაც მიემატა – „გათანაბრება“, რაც დიდად არ განსხვავდება „გაიგივებისგან“, მაგრამ სულაკაურის გამომცემლობის „ქართული ლექსიკონის“ (2014) განმარტებაში უკვე გაჩნდა „იდენტიფიკაციის“ მნიშვნელობის დამაზუსტებელ-გამაფართოებელი სიტყვა „ამოცნობა“. სრულად ასეა: „საგანთა ან მოვლენათა შორის შესაბამისობის, იგივეობის დადგენა, ამოცნობა“. იქვე ასეთი საილუსტრაციო ფრაზაც არის: „იდენტიფიცირება თითის ანაბეჭდით“.


„ამოცნობა“, საილუსტრაციო მაგალითითურთ, მკაფიოდ მიგვანიშნებს ამ სიტყვის მჭიდრო კავშირზე კრიმინალისტიკასთან, რაც ადრინდელ განმარტებაში არ ჩანდა.


ჰოდა, ამ ჩვენს მოდურ „იდენტიფიცირებას“ რამდენიმე გასაჭირი ადგას.


ერთი არის თავსართმეტობა.


აბა დააკვირდით ერთ-ერთი მედიასაშუალებიდან ამოწერილ ამ ფრაზაში ხაზგასმულ სიტყვას:


„...მოსჩანს მისი [მკვლელის] აღნაგობა, ფიგურა, ამით შესაძლებელია მისი დაიდენტიფიცირება“.


ცხადია, „დაიდენტიფიცირებაში“ თავსართი „და-“ ყოვლად ზედმეტია. უნდა იყოს „იდენტიფიცირება“. მოაცილეთ ამ სიტყვას ეს თავსართი და ხელახლა წაიკითხეთ ფრაზა. გაუგებარი გახდა მისი აზრი? არა, რა თქმა უნდა! თანაც, რაც დარჩა, ის წარმოსათქმელადაც უფრო ადვილია.


მაშინ ამ ფრაზებშიც შეველიოთ თავსართს:


„ბრალდებულთა დაიდენტიფიცირების მიზნით ვიდეოებზე ექსპერტიზებია დანიშნული“;


„იმ მომენტში გაფერადებული წრის კვალის უკან არსებობის გამო, შესაძლებელი იყო დაიდენტიფიცირება, რომელ არჩევანს, რა მიმართულებით არჩევანს ეხებოდა კონკრეტული ამომრჩევლის ნება“.


მოდით, ვეცადოთ გამოვიცნოთ, რატომ ჩნდება აქ ეს სრულიად ზედმეტი თავსართი „და-“.


კი ვამბობთ (და ამით თავიც მოგვაქვს!) ქართული ზმნა იმდენად მოქნილია, რომ შეგვიძლია ლამის ნებისმიერი სიტყვა თუ გამონათქვამი ზმნის პირიან ფორმად ვაქციოთო, მაგრამ ენის ამ თავისებურებით ბოროტად თუ ვისარგებლებთ, ექსცენტრიკაში გადავიჭრებით და ისეთ ღიმილისმომგვრელ შემასმენლებს შევქმნით, როგორიც არის გურამ დოჩანაშვილის „ჩამოალაბორანტეს“.


ავიღოთ, მაგალითად, სიტყვა „იზოლირება“ (განცალკევება, გამოყოფა). ექსტენტრიკულ ფორმებს მივიღებთ, თუკი მისგან ასეთ შემასმენლებს ვაწარმოებთ: ვაიზოლირებ, დააიზოლირა, დააიზოლირებს, დაუიზოლირებია... ამ დროს სხვა სიტყვა უნდა მოვიშველიოთ და ასე ვთქვათ: „პოლიციამ დროულად შეძლო (ან: მოახერხა) დაპირისპირებული მხარეების იზოლირება“ და არა ასე: „პოლიციამ დროულად დააიზოლირა დაპირისპირებული მხარეები“.


იგივე ითქმის „დააიდენტიფიცირაზეც“, რომელიც ამ ბოლო დროს უხვად გვხვდება.


მაგალითები მასმედიიდან:


„[გამომძიებელმა] ვიდეოებში სამი ბრალდებული დააიდენტიფიცირა“.


უნდა ითქვას:


„[გამომძიებელმა] ვიდეოებში სამი ბრალდებულის იდენტიფიცირება შეძლო“.


აი თურმე საიდან მოდის ეს სრულიად ზედმეტი „და-“ „იდენტიფიცირების“ წინ – ზმნის ზოგიერთი მწკრივის საწარმოებლად იყენებენ მას და, სადაც იყენებენ, იქაც უმჯობესია სხვაგვარად გამოვთქვათ იგივე აზრი.


„კამერები რომ ამოიღონ პერიმეტრზე და ნახონ მინივენის გადაადგილება, შემდეგ ამ მინივენს მიყვნენ, ნებისმიერს დააიდენტიფიცირებენ“.


„დააიდენტიფიცირებენ“ – ენას მოიტეხს კაცი. სამაგიეროდ, ნახეთ რა სოლიდურად ჟღერს ასე გადაკეთებული ეს ფრაზა: „...ნებისმიერის იდენტიფიცირებას შეძლებენ“.


ანდა:


„უდიდესი დამნაშავე დააიდენტიფიცირეს“.


შეადარეთ ამ ენის გასატეხს ეს: „უდიდესი დამნაშავის იდენტიფიცირება შეძლეს“.


* * *

არის კიდევ ერთი პრობლემა, რაც „იდენტიფიცირების“ გამოყენებისას იჩენს თავს.


ეს სიტყვა რომ მოდური გახდა (ხშირად რომ იხმარება), ამას მისმა არასწორად, კერძოდ, სხვა სიტყვების ნაცვლად, გამოყენებამაც შეუწყო ხელი.


„იდენტიფიკაცია“ მაშინ გვჭირდება, როდესაც ის, რის ამოცნობასაც ვცდილობთ, ფიგურალურად რომ ვთქვათ, უძალიანდება ამოცნობას – ამოსაცნობს არ სურს ამოცნობილ იქნეს! სწორედ ამ ნიუანსის გამო დამკვიდრდა ის კრიმინალისტიკის ტერმინად.


თუ ამოცნობას ეს ნიუანსი არ ახლავს, მაშინ უმჯობესია მის ნაცვლად სხვა სიტყვებს, მის ქართულ სინონიმებს, მივმართოთ.


აი, მაგალითად, ეს ფრაზა წავიკითხოთ:


„მოხდება თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებების დაიდენტიფიცირება, რომ რეგიონის ქვეყნებმა განავითარონ ერთობლივი მიდგომები მთელ რიგ საკითხებზე“.


აზრი ეს არის: განვსაზღვრავთ (დავადგენთ) იმ მიმართულებს, რა მიმართულებებითაც რეგიონის ქვეყნები თანამშრომლობას შეძლებენ.


ეს მიმართულებები (კვლავაც ზემოთ გამოყენებულ გაპიროვნების ხერხს რომ მივმართოთ) კი არ უძალიანდებიან დადგენას, არამედ ლამის თვითონ მოითხოვენ ამას – შეგვნიშნეთ, გეგმაში შეგვიტანეთ, თქვენდა სასიკეთოდ გამოგვიყენეთო.


ჰოდა, რა საჭიროა აქ ჩვენს ენაში ესთეტიკისა და კრიმინალისტიკის ტერმინად დამკვიდრებულ უცხო სიტყვას მივმართოთ დასახმარებლად! მის ნაცვლად „განსაზღვრა“ ან „დადგენა“ უფრო ზუსტიც იქნება და... მშობლიურიც!


აქაც მსგავსი ვითარებაა:


„[ჩვენი მიზანია] მომხმარებლის საჭიროებების დაიდენტიფიცირება, შესაბამისი დახმარების აღმოჩენა და ტექნიკური შეხვედრის დაგეგმვა“.



რად გვინდა ეს იდუმალებით მოსილი უცხო სიტყვა, როდესაც მომხმარებლის საჭიროებების დანახვაზე, მათ დადგენაზეა ლაპარაკი!


ან კიდევ:


„[ჩვენი მოვალეობაა] რეგიონში განვითარების შესაძლებლობების დაიდენტიფიცირება“.



აქ უცხო ნასესხობას წარმატებით ჩაანაცვლებდა ქართული „აღმოჩენა“, „მიგნება“ ან „მიკვლევა“, ასეთნაირად:


„[ჩვენი მოვალეობაა] რეგიონში განვითარების შესაძლებლობების აღმოჩენა / მიგნება / მიკვლევა“.


თუ ამის შედეგად ამ მოდური სიტყვის გამოყენების არეალი შემცირდება, ეს მხოლოდ წაადგება მას, ვინაიდან ხშირი გამოყენების გამო სიტყვის ზემოქმედების ძალა კლებულობს – სიტყვა ჭრას კარგავს.



ლევან ბრეგაძე
  • 0
  • 3480
0 Comments