წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 5
  • 6223

ერთ სუფრასთან

22 მარტი 2024

„ერთი კანდიდატი ზედმეტად მოხუცი და პრეზიდენტობისთვის მენტალურად შეუფერებელია, მეორე - მე ვარ“, - ასე იხუმრა დონალდ ტრამპის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გრიდაირონის ჟურნალისტთა კლუბის წლევანდელ ვახშამზე.


მაღალი რანგის 650-ზე მეტი სტუმრის, მათ შორის, ირლანდიის და ესტონეთის პრემიერ-მინისტრების თანდასწრებით, მან კიდევ არაერთი ხუმრობა თქვა და თავისი ოპონენტი გააკრიტიკა.


ვაშინგტონის ჟურნალისტთა უძველესი და პრესტიჟული გაერთიანების ეს ყოველწლიური შეკრება 1885 წლიდან იღებს სათავეს.


139 წლის განმავლობაში, გრიდაირონის კლუბის ვახშამზე აშშ-ის ყველა პრეზიდენტი, სულ მცირე, ერთხელ მაინც გამოსულა სიტყვით.


გამონაკლისი არც დონალდ ტრამპი იყო, რომელიც ამ ღონისძიებაში 2018 წელს მონაწილეობდა.


კლუბის ყოველწლიურ წვეულებაზე მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და მედიამფლობელები იკრიბებიან.


წლევანდელ ვახშამს ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რამდენიმე კონგრესმენი, გუბერნატორი და ელჩი, “ამაზონის” დამფუნებელი და “ვაშინგტონ პოსტის” მფლობელი ჯეფ ბეზოსი, ასევე, “ტიკ-ტოკის” აღმასრულებელი დირექტორი შოუ ჩიუ, რომლის სოციალურ ქსელს აშშ-ში აკრძალვა ემუქრება.


წლების განმავლობაში გრიდაირონის კლუბის ვახშამზე ტრადიციად იქცა ორივე პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსების და ჟურნალისტების იუმორისტული გამოსვლები.


ასეთი არასტანდარტული ატმოსფეროს გამო ღონისძიებას ხშირად აკრიტიკებენ კიდეც; ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტებს ავიწყდებათ თავიანთი როლი, ერთობიან და იცინიან იმ პოლიტიკოსების ხუმრობებზე, რომელთა საქმიანობაც შემდგომში მიუკერძოებლად უნდა გააშუქონ.


ტრადიციულად, საღამოს მონაწილეები ხუმრობენ ოპონენტებზე, მედიაზე, თავიანთი გუნდის წევრებზე და საკუთარ თავზეც კი.


ვახშამზე გამომსვლელების ხუმრობებში ზოგჯერ მათი რეალური პოზიციაა შენიღბული. როგორც ამბობენ, - „ყველა ხუმრობაში სიმართლის მარცვალია”.


შეკრების დაუწერელი წესი კი ასეთია - ხუმრობამ ადრესატი უნდა „დასუსხოს, მაგრამ არ დაწვას”.


თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშმისგან განსხვავებით, გრიდაირონის საღამოზე ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია.


ჯო ბაიდენის მიმართვის ტექსტი თეთრმა სახლმა გაავრცელა. ამასთან, მისი გამოსვლა მხოლოდ იუმორისტული არ ყოფილა. პრეზიდენტმა მომენტით ისარგებლა, საარჩევნო კამპანიის გზავნილებზე ისაუბრა და მედიის როლიც არ დავიწყებია.


“შესაძლოა, მე თქვენს გაშუქებას ყოველთვის არ ვეთანხმები, ან არ ვარ მოხიბლული, მაგრამ ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ თქვენი სიმამაცით. კარგი ჟურნალისტიკა ქვეყნის სარკეა, რათა ავსახოთ კარგი და ცუდი, სიმართლე იმის შესახებ, ვინ ვართ”, - განაცხადა ბაიდენმა.


ბოლო პერიოდში, მოქმედი პრეზიდენტი სულ უფრო ხშირადაა უკმაყოფილო მედიის მუშაობით.


გასული წლის სექტემბერში თეთრი სახლის ადმინისტრაციამ წამყვანი ამერიკული მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელებს წერილობით მიუთითა, როგორ გააშუქონ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი.


ამჯერად, ბაიდენის გუნდის წევრები უკმაყოფილო არიან საიდუმლო დოკუმენტებთან არასათანადო მოპყრობის საქმეზე სპეციალური პროკურორის ანგარიშის გაშუქებით.


კრიტიკული წერილი თეთრი სახლის წარმომადგენელმა ამჯერად თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციას გაუგზავნა.


პრესის მიმართ პრეტენზიები ეკონომიკური საკითხების გაშუქების გამოც ისმის. უკმაყოფილო პრეზიდენტმა დეკემბერში ჟურნალისტებს მიმართა - დაიწყონ ამ თემის “სწორად გაშუქება”.


თავის დროზე, წამყვანი მედიასაშუალებების მიმართ კრიტიკულ განწყობას არ მალავდა დონალდ ტრამპიც.


„ფეიკნიუს მედია” და “ხალხის მტერი” - ასე მოიხსენიებდა ტრამპი ტრადიციულ მედიას.


კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ, სოციალურ ქსელებში ანგარიშების დაბლოკვის გამო, ტრამპმა კომუნიკაციის ძირითად ფორმად საკუთარი სოციალური პლატფორმა აირჩია.


ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის პირველი წლის დასასრულს, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი აღნიშნავდა, რომ მედიის მიმართ ბაიდენის და ტრამპის დამოკიდებულება ერთმანეთისგან განსხვავდება, „როგორც დღე და ღამე”, თუმცა, იგივე ორგანიზაცია წუხდა, რომ ბაიდენი უფრო რთულად „ხელმისაწვდომია” რეპორტიორებისთვის.

ფოტო dailymail.co.uk


ქეთი ჩოხელი
  • 5
  • 6223
0 Comments