წითელი ვერსია
  • 9
  • 2458

ენა - ჩვენი ჯვარცმა და აღდგომა

13 აპრილი 2023

თავიდან ფიქრობ, რომ გაუძლებ. ბლოკნოტს და ფანქარს ნიჩბებივით მოიმარჯვებ და საბედისწერო მორევში შეცურავ.


ცდილობ ჩაინიშნო ყველა სიტყვა, ბარბარიზმი და ვულგარიზმი, სინტაქსი, რომელიც ამ მორევის სპირალში ყიჟინით ბრუნავს, ფონეტიკაც კი, რომელსაც მორევის ფსკერი ჯოჯოხეთის შხეფებივით ისვრის ზედაპირზე... ეს საზარელი, შავბნელი ყულფი თავის ნებაზე გატრიალებს და შენს ნიჩბებს უმწეო ფრთებივითღა იქნევ აქეთ-იქით. ამ დროს ჩნდება განცდა, რომ ამას ვეღარ მოერევი, რომ ამის საშველი არაა - არც გამოაშკარავებით, არც განგაშის ზარების დარისხებით.


ეს ენაა - ზუსტად იმის პასუხად, როგორადაც (ვ)იქეცი(თ) - ენა-სასჯელი.


„მინდა გავაჟღერო ერთი ინფორმაცია“...


„ჯგუფი ახდენდა პატრულირებას აღნიშნულ ლოკაციაზე“...


„მაღალკვალიფიციური ქოუჩი დაგატრენინგებთ და მერე დაგაინფიცირებთ მენტალური კეთილდღეობით!“..


ტელევიზიაში, ინტერნეტში, ბილბორდებსა და კორპუსის კედლებზე, ლამის უთოშიც კი - ეს მორევი ბრდღვინავს და ანგრევს ენის გალავანს.


ამ მორევით იწამლება ახალგაზრდობა, რომლებსაც მშობლიურ ენაზე მეტად უკვე ინგლისური „ეხერხებათ“; არაერთხელ გამიგია, რომ თუ საქმე არჩევანზე მიდგება, ისინი ქართულის ნაცვლად ინგლისურს ირჩევენ, რადგან „ბევრად მარტივი და მოქნილია და აზრის გადმოცემა უკეთესად შეიძლება“, მოკლედ რომ ვთქვათ - ერთმანეთს ინგლისურად უკეთ გააგებინებენ...


ეს არაა უტრირებული სურათი. ეს ჩვენი სამწუხარო რეალობაა. ენა ჩვენი პიროვნული და ეროვნული იდენტობის უპირველესი მდგენელია, ჩვენი პირადი და საზოგადო ისტორიაა; ბოლოსდაბოლოს - ჩვენი ყოფის სახლია, ჩვენი „შინ“ არის;


რამ მოგვიყვანა აქამდე, თუ არა, უპირველესად, ენამ? ენაში შენახულმა ენერგიამ, სიცოცხლის ძალამ, სასწაულმა, რომელიც ამ ენაზე თქმულა და გაცხადებულა?!


ენით დაიწყო ილია ჭავჭავაძემ დიდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, ენის წახდენაზე და გადაგვარებაზე წერდა სასტიკ წერილებს მიხეილ ჯავახიშვილი, ენის გამო პროტესტით შეირყა საბჭოთა რეჟიმი საქართველოში, ნახევარი საუკუნის წინ, 1978 წლის აპრილის დღეებში...


დღეს ენას ისევ მძიმე დღეები უდგას, ოღონდ ამაზე ჯერჯერობით არც მიტინგები იმართება და არც არავინ სანქცირდება. ენა ჩვენს აღვირახსნილ ყოფაში გვაქვს მოთრეული და თითქოს განგებ ვკლავთ, რათა საბოლოოდ გავწყვიტოთ კავშირი ერთმანეთთანაც და სამშობლოსთანაც. რათა ისევ ენას დავაბრალოთ - არ გვესმის ერთმანეთის, დაგვავიწყდა ნამდვილი სიტყვებიო...


ფერეიდნელ ქართველებზე რომ აღვტაცდებით ხოლმე, მათ ბებერ ქართულზე, შუა საუკუნეების ენაში შემონახულ ქართველობაზე, იმის გააზრებაც ხომ შეგვიძლია, რად დაუჯდათ ამ კარგ ონიკაშვილებს და დავითაშვილებს, ბათუაშვილებს და ლაჩინაშვილებს მშობლიური ენის არდავიწყება, ან რა მაგიას ფლობდნენ ასეთს, რაც ჩვენთვის უკვე წარმოუდგენელია, ჩვენს გულამდე ვეღარ მოდის.


რომ მოდიოდეს, ხომ გვეშველებოდა, „ისტებლიშმენტებისგან“ და „სეგრეგაციებისგან“, „მთელი რიგი“ სიმახინჯეებისგან ხომ დავიცავდით ენას!


საუკუნის წინ ენას რუსული ბარბარიზმების წარღვნა დაატყდა თავს, დღეს ეს „სტოლ“ და „სუდია“ „დაქენსელება-დაფორვარდებამ“ შეცვალა; შესაძლოა არც შეუცვლია, უბრალოდ ერთ ჯოჯოხეთს მეორე დაემატა და რეალობად ეს მკვდრადშობილი ენისმსგავსი მივიღეთ, რომლითაც გაძეძგილია ჩვენი ტელე და აუდიოეთერი, თუ ბეჭდური და სოციალური მედია, შესაბამისად - გაძეძგილია ჩვენი ცნობიერება და ყოფიერება.


ამ კატასტროფულ სურათში კი, ნუღარ გვიკვირს, რომ ერთმანეთის მართლა აღარ გვესმის, რომ ეს ყბადაღებული „დეპოლარიზაცია“ ჩვენი დროის ახალი „გამოწვევაა“, ზუსტად იმის პასუხია, რა ყრუ და გაუვალი სააზროვნო-სამეტყველო ჯებირებიც ერთმანეთის წინააღმდეგ აღვმართეთ.


არ ვიცი, ხელოვნური ინტელექტი რას მოიტანს, იქნებ მასში მაინც ჩავდოთ სუპერ-პროგრამა, რომელიც ენის სრულყოფილ თუ არა, მეტ-ნაკლებად გასაძლებ ვერსიას შეინახავს და გაავრცელებს? ამ ხუმრობას თავისი სიმწარეც აქვს - ხელოვნური ინტელექტის საზოგადოებაში ენაც ხელოვნური იქნება ალბათ...


ენა, რომელშიც არის სიტყვა „წუთისოფელი“ და მასში მთელი ეგზისტენციალური ფილოსოფიაა დამუხტული;


სიტყვა „გენაცვალე“ იმ ხალხის ენერგიას გამოხატავს, ვისაც თავზე მეტად სხვისი სიყვარული შეუძლია;


იტყვი „ლაჟვარდს“ და ბუნება თავისი სიზმრებით თვალწინ დაგეხატება!..


დღეს მედიას უდიდესი ძალა და ზეგავლენა აქვს საზოგადოებაზე. ვფიქრობ, ელემენტარული სამოქალაქო შეგნებაა საჭირო იმისთვის, რომ მან თავისთავზე, უპირველესად, ენაზე ზრუნვა იტვირთოს, ე.წ. სარედაქციო პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ბოლოსდაბოლოს, კულტურის ნაწილად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ წარღვნასა და ღვარცოფში, რაც დღევანდელი მედიიდან ენის კუთხით მოედინება, უპირობო დამნაშავე თავადაა და დღეს იქნება თუ ხვალ, ამაზე პასუხსაც აუცილებლად აგებს.


და ბოლოს, ჩვენ გვაქვს ორი სახელმწიფო ენა - ქართული და აფხაზური. თავის მხრივ, ამ დიდ სახელმწიფოებრივ/ეროვნულ აქტში უდიდესი პასუხისმგებლობაცაა - თუ ქართული აღარ გვესმის და ქართულად ვერაფერს ვაგებინებთ ერთმანეთს, აფხაზურად ვინღა მოგვისმენს?.. რას ვეუბნებით ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებს ოკუპირებულ აფხაზეთში, რასაც ვფლობთ, იმასაც ჩვენ თვითონ ვანადგურებთო?.. მაშინ მათ ნდობას როგორღა მოვიპოვებთ, ან ვის მოვატყუებთ, სანამ მშობლიურ ქართულს ასე (მო)ვექცევით?..


14 აპრილი დედა ენის დღეა.


დროა, ამოვყვინთოთ მღვრიე მორევიდან, რომელშიც ჩვენი ძვირფასი და სანუკვარი მშობლიური ენა და საკუთარი თავი მოვაქციეთ, დროა გადავარჩინოთ ქართული ენა. ეს ბრძოლა დიდი ხნის წინ დაიწყო. მასში გამარჯვება ჩვენი აღდგომაა.


ნინია სადღობელაშვილი
  • 9
  • 2458
0 Comments