წითელი ვერსია
  • 4
  • 4941

ძველი თუ ახალი?

09 ივლისი 2024

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!

(ნაწილი XXXVI)



ჯერ წავიკითხოთ ფრაზა სახარების ძველი ქართული თარგმანიდან:


„და იგინი წარვიდეს და შევიდეს დაბასა სამარიტელთასა“ (ლუკა 9, 52).


„წა[რ]ვიდეს“ და „შევიდეს“ თანამედროვე, ანუ ახალ ქართულში მხოლობითი რიცხვის მესამე პირის ბრძანებითი კილოს ფორმებად აღიქმება, ძველად კი თხრობითი კილოს მრავლობითი რიცხვის მესამე პირი იყო. ამიტომ ოთხთავის ახალ თარგმანში ციტირებული ადგილი ასე იკითხება:


„ხოლო ისინი წავიდნენ და შევიდნენ სამარიელთა სოფელში“.


ამ მოვლენის გამო აკაკი შანიძე „ქართული ენის გრამატიკის საფუძვლებში“ წერს:


-ეს სუფიქსი ძველად ფართოდ იყო გამოყენებული. იგი თანაბრად იხმარებოდა წყვეტილშიცა და უწყვეტელშიც, როგორც გარდამავალს, ისე გარდაუვალ ზმნებში. თანამედროვე სალიტერატურო ენაში კი -ეს დაბოლოება გარდამავალ ზმნებს შერჩათ (ან კიდევ გარდამავალთაგან გამოსულ გარდაუვალ ზმნებს ცელქობს-იცელქებს ტიპისას) და ისიც მარტოოდენ წყვეტილში“ (§ 219).


„თანამედროვე სალიტერატურო ენაში“-ო, შენიშნავს აკადემიკოსი, ვინაიდან დიალექტებში სხვაგვარი ვითარებაა – სუფიქსი -ეს გარდაუვალ ზმნებშიც შეიძლება შეგვხვდეს ძველებურად, მაგალითად, თუშურში: „ჲამ ოჯახშიგ ცხოვრობდეს დედ-მამაი-დ’ ორ და-ძმები“ (ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე. ქართული დიალექტოლოგია. 1961: 121), რაც თანამედროვე სალიტერატურო ქართულს შეჩვეულ ყურს ეხამუშება.


არადა, მომრავლდა მსგავსი შემთხვევები მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ მომზადებულ ტექსტებში:


„ამის მიუხედავად, თავდასხმები გრძელდებოდა – დრონებით შეტევები რუსეთის სიღრმეში (რომელიც ომის დროს კანონიერად მიიჩნევა და ამას მოსკოვიც და ვაშინგტონიც მეტ-ნაკლებად შეეგუეს), მაგრამ ასე ვერ ვიტყვით ზოგიერთ იმ მკვლელობაზე, რომელიც ბოლო დროს რუსეთში განხორციელდა;


„ფაქტი ის არის, რომ ვერ შეეგუეს ნიკა მელიას გამარჯვებას, ვერ ელევიან და უკვე ოფისების დარბევაზე არიან გადასული“.


ორივე ამ ფრაგმენტში „შეეგუეს“ ნაცვლად უნდა იყოს „შეეგუვნენ“.


*


ახლა ასეთი შემთხვევა ვნახოთ, ცოტა განსხვავებული:


„მე ამას ორი ფეხბურთელის შეკამათებას ვადარებ, რომლებმაც ცოტა წაიჩხუბეს, მაგრამ არავინ დაშავებულა“.


უნდა იყოს: „...რომლებიც... წაიჩხუბნენ“; ანდა წა- ზმნისწინი უკუვაგდოთ და ასე დავწეროთ: „...რომლებმაც ცოტა იჩხუბეს“ (ი ჩ ხ უ ბ ე ს – ეს იმ ტიპის ზმნაა, რომელსაც აკაკი შანიძე ზემოთ დამოწმებულ ციტატაში „გარდამავალთაგან გამოსულ გარდაუვალ ზმნებად“ იხსენიებს).


ასეთივე ვითარებაა მომდევნო სამ ფრაგმენტშიც:


„რამდენი ასეთი ბიზნესი დაინგრა და დასამარდა იმის გამო, რომ ვიღაცამ მეტი წილი მოინდომა, ვიღაცამ ინვესტიციებისთვის მოზიდული სესხი კაზინოში ან ნაშებში დაფქვა, ან უბრალოდ იმიტომ, რომ რაღაცა უმნიშვნელოზე წაიჩხუბეს“;


„სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვა მათ შორის, როგორც მოზარდებს სჩვევიათ, წაიჩხუბეს კიდეც“;


„ევროპა ლიგის ფინალის წინ, კონფლიქტი მოხდა „ჩელსის“ ვარჯიშზე. „არსენალთან“ გადამწყვეტი მატჩისთვის მზადებისას, არგენტინელმა ფორვარდმა გონსალო იგუაინმა და ბრაზილიელმა მცველმა დავიდ ლუიზმა წაიჩხუბეს“.


ყველა ამ ფრაგმენტში „წაიჩხუბეს“ უნდა ჩანაცვლდეს ფორმით „წაიჩხუბნენ“, ან კიდევ წა- ზნისწინს უნდა შეველიოთ.


*


ახლა ამ ფრაზებს დავაკვირდეთ:


„ბერლინელებმა ბევრი ეცადეს შინ ქულა წაეღოთ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ“;


„ჩემზე უფრო გავლენიანმა და წონადმა ფიგურებმა ეცადეს ეს და ესე მარტივი ვერ აღმოჩნდა“;


„ბევრი ეცადეს, რომ ჩვენ შორის უთანხმოება ჩამოეგდოთ“.


„ეცადეს“ ნაცვლად ყველგან „ეცადნენ“ უნდა.


იქნებ ამ ზმნის სწორი ფორმის დასამახსოვრებლად იოსებ ნონეშვილის ცნობილი ლექსი გამოდგეს ზეპირ „შპარგალკად“:


ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი,

ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი...

წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე

თურმე ესეც გმირობაა დიდი“.


P.S.

დავიმოწმე ეს ლექსი, რომელიც ზეპირად მახსოვს, და მერე პუნქტუაციის დასაზუსტებლად ინტერნეტში მოვიძიე იგი... ბევრ ვებგვერდზეა განთავსებული, უმეტესად სწორად, მაგრამ რამდენიმე მცდარი ციტირება მაინც შემომეგება, – ასეთნაირი: „ეცადეს და ვერ გამხადეს ბოროტი, ეცადეს და ვერ გამხადეს ფლიდი“... ეჰ!..


ლევან ბრეგაძე
  • 4
  • 4941
0 Comments