ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!
(ნაწილი XXIX)
არის ერთი მშვენიერი უძველესი ქართული სიტყვა – ზედსართავი სახელი გამჭვირვალე, და მისი შესატყვისი აბსტრაქტული არსებითი სახელი გამჭვირვალობა. გამჭვირვალე ასეა განმარტებული „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ ახალ რედაქციაში (ტ. 2; 2010): „რაშიც სინათლე გადის, რაშიც მზერა აღწევს (გამჭოლად)“.
დადებითი კონოტაციის მქონე ეს სიტყვა ძალიან უყვართ პოეტებს – ძველებსაც და ახლებსაც: „მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა“ (რუსთაველი), „როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭვირვალე, როგორც ბროლი“ (გალაკტიონი).
ზოგჯერ გა- თავსართის გარეშეც იწერება – ასე უფრო პოეტურად ჟღერს: „ადგა ყვავილნარს ანგელოსთა მჭვირვალე ჩრდილი“ (ანა), „გადიკისკისა პატარა გოგომ და ჰაერი გახდა უცებ ისე მჭვირვალე, თითქოს ქუჩაზე დიდი კალათით ალუბალი ჩამოატარეს“ (გურამ პეტრიაშვილი).
ფუძე ამ სიტყვისა არის „ჭვირ-ი“ (ძველად ასე იწერებოდა: „ჭჳრ-ი“), რომელსაც საბა ამგვარად განმარტავს: შეხედვა. იქვეა „ჭვირობა“ – ჭვრეტა, მზერა და პირიანი ფორმა „ჭვირს“, კვლავაც საბას განმარტებით – გამოსჭვრეტს.
რუსთაველთან ფუძის ფორმითაც გვხვდება, არსებით სახელად გარდაქმნილი: „თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი“ და პირიანი ფორმითაც – „შუა ძოწსა და აყიყსა ჭვირს მარგალიტი ტყუბები“. აკაკი შანიძე „ვეფხისტყაოსნის ლექსიკონში“ მათ ასე განმარტავს: „ჭვირი – რაშიმე გამოტანებული სხივი; [...] ჭვირს – ასხივებს, ანათებს“.
ბოლო დრომდე „გამჭვირვალესა“ და „გამჭვირვალობას“ იმის მეტი მნიშვნელობა არ მოეპოვებოდა, თავშივე რომ მოგახსენეთ.
ბოლო დროს კი გადატანითი (არაპირდაპირი) მნიშვნელობაც გაუჩნდა, რაც სათანადოდ აისახა კიდეც „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ ზემოთ უკვე ნახსენებ ახალ რედაქციაში. იქ „გამჭვირვალე“-ს გადატანითი მნიშვნელობა ასეა ახსნილი: „აშკარა, ნათელი; ღია“; ხოლო „გამჭვირვალობის“ გადატანითი მნიშვნელობა კი ამგვარად არის ფორმულირებული: „ინფორმაციული თავისუფლება, ღიაობა“.
როგორც ვხედავთ, ეს უძველესი ქართული სიტყვა ახალ დროში წარმატებით მიესადაგა უცხოენოვან ტრანსპარენტობას და ტრანსპარენტულს, რომლებიც სამოქალაქო სექტორის ჩამოყალიბება-განვითარებამ მოიყოლია თან, საზოგადოების დემოკრატიზაციის თანამედროვე ეტაპზე.
დღესდღეობით უცხოური „ტრანსპარენტულის“ შესატყვისი „გამჭვირვალობა“ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხმარებული ლექსიკური ერთეულია ჩვენს ყოფაშიც და მასმედიაშიც.
მაგრამ ამ სიტყვის წარმოთქმისას და დაწერისას ერთი პრობლემა იჩენს თავს.
გამჭ-ვ-ირვალესა და გამჭ-ვ-ირვალობის ნაცვლად წამდაუწუმ გვესმის და ვკითხულობთ – გამჭირვალე, გამჭირვალობა (პირველი ვ-ს გარეშე).
ვნახოთ რამდენიმე მაგალითი:
„თბილისი პრაიდი, საერთაშორისო გამჭირვალობა, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი, საფარი, ისფედი და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად შესაძლო არჩევას განცხადებით ეხმიანება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ“ (kvira.ge)
„საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების უფლებების დასაცავად „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო" ომბუდსმენს მიმართავს“ (rustavi2.ge)
„არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა“ „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას მოსამართლეს დისკრედიტაციაში ადანაშაულებს“ (mtavari.tv)
„ჰარცელის თქმით, სააკაშვილის საქმე უნდა განიხილებოდეს გამჭირვალედ და სახალხო დამცველის რჩევების გათვალისწინებით“ (formulanews.ge)
„თანამედროვე ძალოსნობაში დღეს ყველაფერი არის გამჭირვალე და ყველა სპორტსმენის მონაცემი დეტალურად შესწავლილია“ (1tv.ge)
***
ზემოთ რუსთაველის ტაეპები დავიმოწმეთ: „თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი“ და „შუა ძოწსა და აყიყსა ჭვირს მარგალიტი ტყუბები“.
ხაზგასმული სიტყვებიდან რომ ვ ამოვაგდოთ, სრულიად სხვა მნიშვნელობის, თანაც მკვეთრად უარყოფითი კონოტაციის მქონე სიტყვა – „ჭირი“ შეგვრჩება ხელთ სხვადასხვა ბრუნვაში.
უმართებულო გამ-ჭირ-ვალესა და გამ-ჭირ-ვალობა-ს, მართალია, ჭირთან ალბათ არავინ დააკავშირებს (თუმცა უსიამოვნო ასოციაცია კი შეიძლება გამოიწვიოს!), მაგრამ რა გვ-ჭირ-ს საიმისო, რომ ეს „ვ“ ამ ძველისძველი ქართული ფუძისგან ნაწარმოებ ყველა სიტყვაში ვერ შევინარჩუნოთ!
რატომ იკარგება აქ „ვ“?
რას უნდა გამოეწვია არასწორი „გამჭირვალეს“ მომრავლება?
რას და – მოსმენით მის ათვისებას: ორი თანხმოვნის მიმყოლი „ვ“ ამ სიტყვის წარმოთქმისას სუსტდება და შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ის არც არსებობს – სმენა გვატყუებს. თვალს კი ასეთი შეცდომა არ მოუვა – თვალით, ანუ კითხვისას, მრავალჯერ აღქმული სიტყვა, ჩვეულებრივ, სწორი ორთოგრაფიით გვამახსოვრდება.
აქედან დასკვნა: მეტი უნდა ვიკითხოთ კლასიკა!
და ბოლოს, გალაკტიონის მშვენიერი ლექსიდან ორი სტრიქონიც გავიხსენოთ, სადაც ეს სიტყვაც ფიგურირებს. ადვილი დასამახსოვრებელი ფრაგმენტია და ამის გამო ის შეიძლება „შპარგალკადაც“ გამოგვადგეს:
„შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით,
ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით?“
ძველი სიტყვის ახალი სიცოცხლე
02 აპრილი 2023ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!