ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!
(ნაწილი LI)
ერთი ასეთი ძველთაძველი ნასესხობა გვაქვს ქართულში – „აღლუმი“. მზია ანდრონიკაშვილის თანახმად, ის ქართულში სპარსულის გზით შემოსული არაბული სიტყვაა და „შემოწმებას“, „დარწმუნებას“ ნიშნავს. ქეგლ-ში (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, 2008 წლის გამოცემა) ასეა განმარტებული: „აღლუმი – ჯარის დარაზმულობის საზეიმო გასინჯვა, დათვალიერება, – პარადი“ (2008). ის „ვეფხისტყაოსანშიც“ გვხვდება: „აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა“ – ამას ტარიელი ამბობს: აღლუმი (პარადი) მიუღია, ჯარი შეუმოწმებია და კმაყოფილი დარჩენილა ლაშქრის მდგომარეობით.
ამასწინათ რომელიღაც ტელეგადაცემაში ყური მოვკარი, ვიღაცამ „ალღუმი“ თქვა „აღლუმის“ ნაცვლად. ამის მსგავსი ლაფსუსები ხშირად მოგვდის ზეპირმეტყველებისას, როცა სხვადასხვა მიზეზით ამა თუ იმ სიტყვაზე „წავიბორძიკებთ“ ხოლმე.
თავიდან ესეც შემთხვევით ლაფსუსად მივიჩნიე. მაგრამ მერე, როგორც ასეთ დროს ამბობენ, ეშმაკი შემიჩნდა და გადავწყვიტე დამეზუსტებინა, რამე ახალგაჩენილ „პოპულარულ“ ენობრივ შეცდომასთან ხომ არ გვქონდა საქმე. (ბოლო წლების გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ამგვარი შემოწმება ზედმეტი არ არის!).
ამჯერადაც ინტერნეტსივრცეში შევიხედე და... მადლობა ღმერთს, ეს სიტყვა სწორად დაწერილი ბევრად მეტი შემხვდა, მაგრამ მცდარი „ალღუმიც“ სახიფათოდ მომრავლებულა და დროზე უნდა ამ საქმეს მიხედვა!
ა, ბატონო:
„რადიო თავისუფლების რუსული ბიუროს ჟურნალისტი ვლადიმირ ტოლცი ჰყვება, რომ მაშინ, როცა უკრაინა საპირველმაისო ალღუმისთვის ემზადებოდა, ევროპა ნამდვილ პანიკაში იყო. გერმანიის აფთიაქებში იოდი გათავდა, მედია ხალხს აფრთხილებდა, ბავშვები ქუჩაში არ გაეშვათ. ბულდოზერებით გადაუარეს სალათის ფურცლების მოსავალს, რადგან ეს ბოსტნეული რადიაციას განსაკუთრებით იოლად იწოვს. უკრაინელები კი ალღუმს ელოდნენ და ფიქრობდნენ, თუ კრეშჩატიკზე ბავშვებს გამოიყვანენ, ესე იგი ყველაფერი კარგადაა, ბავშვებს ხომ არ გაწირავენო“;
„კორონავირუსის პანდემიის გამო გუნდი პრემიერლიგის მოგებით გამოწვეულ სიხარულს ვერ გამოხატავს და ვერც საჩემპიონო ალღუმს ჩაატარებს (…). შეგვიძლია საჩემპიონო ალღუმი მომავალი სეზონის შუაში ჩავატაროთ“;
„სტალინის პერიოდში მან გახსნა ცნობილი ალღუმი მოსკოვში“;
„ალღუმის შემდეგ ნიკოლოზ პირველს წვეულება გაუმართეს. ღამე რუსეთის იმპერატორმა მისთვის საგანგებოდ მოწყობილ კოჯრის ციხეში გაათია“;
„ინფორმაცია 26 აგვისტოს ბათუმის ახალ ბულვარში გეი ალღუმის გამართვასთან დაკავშირებით უკვე ერთი კვირაა ვრცელდება. თუმცა ბათუმის მერიაში ალღუმის გამართვისთვის ოფიციალურად ნებართვა არავის უთხოვია. ბათუმის მკვიდრი მართლმადიდებელი მრევლი ალღუმის ჩატარების წინააღმდეგია“;
„სანაპირო დაცვის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებებით მოეწყობა ალღუმი, საპატიო სტუმრების ზღვაში გაყვანა და გვირგვინის ჩაშვების ცერემონია გაიმართება“;
„კვირის ბოლოს პლანეტების ამ მრავალფეროვან „ალღუმს“ ცაზე დაასრულებს პლანეტა სატურნის ინგრესია (გადასვლა) მშვილდოსნის ზოდიაქოში.
„ალღუმების“ ეს აღლუმი შეიძლებოდა კიდევ გაგვეგრძელებინა, მაგრამ ესეც საკმარისია საიმისოდ, რომ მივხვდეთ რაოდენ მწყრალად არიან ჩვენი დღევანდელი მასმედიის თანამშრომლები წიგნიერებასთან.
* * *
ამ ბლოგზე მუშაობისას ცოდნა გავიმდიდრე. აღმოვაჩინე, რომ „ალღუმიც“ თურმე რაღაცას ნიშნავს ქართულ ენაში: ალღუმი მეზობელ კომლთა სამეურნეო გაერთიანებას (ამხანაგობას) ერქვა თურმე ფშავ-ხევსურეთის ზოგიერთ თემში ძველად, – როგორც ამას „ქართული ენციკლოპედია“ იუწყება.
და ახლა რა გამოდის?
ზემოთ რომ ფრაზა დავიმოწმეთ: „სტალინის პერიოდში მან გახსნა ცნობილი ალღუმი მოსკოვში“, ეს ასე ხომ არ უნდა გავიგოთ ნეტა: „სტალინის პერიოდში მან გახსნა მეზობელ კომლთა ცნობილი სამეურნეო გაერთიანება მოსკოვში“? ხელოვნური ინტელექტიც კისერს მოიტეხს!
ძველი ნასესხობის ახალი თავგადასავალი
30 ნოემბერი 2025ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!