წითელი ვერსია
  • 0
  • 3594

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი! (ნაწილი VI)

20 ნოემბერი 2020
  • როგორ წავიკითხოთ ცესკო?

ენაში ყველა დონეზე მოქმედებს ე. წ. ლინგვისტური ეკონომიის კანონი, რომლის ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა აბრევიატურები (შემოკლებანი). რამდენიც უნდა ვიბობოქროთ ამ მოვლენის გამო და ვიქილიკოთ მასზე (განსაკუთრებით მტანჯველია ის სამედიცინო ტექსტების კითხვისას), ვერც წერისა და ვერც ზეპირმეტყველების დროს აბრევიატურებს თავს ვერ დავაღწევთ. ამიტომ ისღა დაგვრჩენია, სწორად მაინც დავწეროთ და წარმოვთქვათ ისინი. ნურც იმას ვიფიქრებთ, რომ სამეცნიერო-ტექნიკური ეპოქის მოტანილი „სენია“ ეს: უძველესი ტექსტებიც სავსეა აბრევიატურებით, ხშირად ხმარებული სიტყვებისა და გამოთქმების შემოკლებებით, რასაც დაქარაგმებას ეძახდნენ.


შემოკლებათა მრავალი სახეობა არსებობს. ცნობილია, რომ რუსულ და ევროპულ ენებში ყველაზე გავრცელებულ ასოებრივ (ინიციალურ) შემოკლებას (რამდენიმესიტყვიანი სახელწოდებების პირველი ასოებისაგან შედგენილ ხელოვნურ ლექსიკურ წარმონაქმნს) ქართული ენა მაინცდამაინც ვერ იხდენს, ვინაიდან პრობლემები იქმნება მათი წარმოთქმისას. კარგია, თუ თანხმოვნები და ხმოვნები ასეთ დროს იმგვარად დალაგდება, რომ გაუჭირვებლად მოხერხდეს მათი ერთ სიტყვად წაკითხვა. ასეთია, მაგალითად, ჰეს-ი (იდრო-ლექტრო-ადგური).


მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ქართული ინიციალური აბრევიატურების წაკითხვა არც ისე ადვილი საქმეა. თსუ-ს კი ვწერთ, მაგრამ წაკითხვისას აჯობებს შეუმოკლებელი ვერსია წარმოვთქვათ – „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ვინაიდან „თე-სე-უ“, როგორც კითხულობენ ხოლმე, ერთობ უგვანი რამ გახლავთ (ყველაფერი რომ გვერდზე გადავდოთ, „სე“ რა არის?! არც ერთ ენაზე არ ჰქვია „ს“-ს ეს სახელი). სწორი წაკითხვა იქნებოდა „თან-სან-უნი“, მაგრამ იმის გამო, რომ ქართული ანბანის ასოთა სახელების უმეტესობა სამი ასოსგან შედგება, ასე წარმოთქმული აბრევიატურები აბრევიატურებს არ ჰგავს და შესაძლოა გაუგებრობა გამოიწვიოს.


ჩვენთვის ცნობილია ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქართული ინიციალური შემოკლების ამგვარმა წაკითხვამ გაამართლა და ის ხელოვნური სიტყვა დამკვიდრდა კიდევაც ენაში: მან-სან-კან-ი (მსკ – მხიარულთა და საზრიანთა კლუბი). ეს არის და ეს.


ჩვენს ენას უხდება შერეული ყაიდის შემოკლებანი – როგორც ზოგიერთი სიტყვის პირველი ბგერის, ასევე ზოგიერთი მათგანის საწყისი მარცვლის გამოყენებით შედგენილნი. ამ დროს ზოგჯერ ბგერები ჭარბობენ მარცვლებს (თემქაბილისის ლმავალშენებელი ქარხანა), ზოგჯერაც – მარცვლები ბგერებს (გაეროგაერთიანებული ერების რგანიზაცია). ამ აბრევიატურების წაკითხვისას არავითარი პრობლემა არ იჩენს თავს – ესენი ერთ სიტყვად იკითხება, არც ერთი ბგერის ჩამატებას არ საჭიროებენ წარმოთქმისას.


წესით ასეთივე ვითარება უნდა გვქონდეს დღესდღეობით ყველაზე ხშირად გამოყენებული აბრევიატურის, ცესკო-ს შემთხვევაშიც – თითქოსდა არც ამ შემოკლების წაკითხვა უნდა ჭირდეს; ესეც ორი სიტყვის საწყისი მარცვლისა და ერთი სიტყვის ინიციალის მეშვეობით არის შედგენილი: ცენტრალური აარჩევნო კომისია; ესეც ერთ სიტყვად, ანუ, როგორც იწერება, ისე უნდა წავიკითხოთ – არაფრის ჩამატებას იგი არ მოითხოვს. მაგრამ უმეტესობა მას რატომღაც არასწორად კითხულობს და წამდაუწუმ გაისმის: ცე-ეს-კო. ხაზგასმული „ეს“-ი ასო სანის ლათინური და რუსული სახელწოდებაა და ქართული აბრევიატურის „ს“ ბგერის ამგვარ წაკითხვას არავითარი გამართლება არ აქვს.


საიდან გვეძალება ცესკო-ს ეს არასწორი წაკითხვა?


მოსკოვის ერთ-ერთ სპორტულ კლუბს ჰქვია ЦСКА, რაც აბრევიატურაა სახელწოდებისა Центральный Спортивный Клуб Армии, და ის, რუსული აბრევიატურების კითხვის წესების თანახმად, ასე გამოითქმის: ცე-ეს-კა. ფეხბურთის, კალათბურთისა თუ ჰოკეის ამ გუნდების სახელწოდების ჟღერადობა გვაქვს ჩარჩენილი ყურში და ის გვიბიძგებს ქართული აბრევიატურის – ცესკოს – უმართებულოდ წარმოთქმისაკენ.


ყველას, მაგრამ მეტადრე პოლიტიკოსებს მართებთ გათავისუფლდნენ ამ ერთობ არასასურველი სპორტული რემინისცენციისა და გავლენისაგან!


ლევან ბრეგაძე
  • 0
  • 3594
0 Comments