წითელი ვერსია
  • 0
  • 1577

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი! (ნაწილი V)

30 ოქტომბერი 2020

1. თურმე სულაც არ ხუმრობენ!


როცა რამდენჯერმე გავიგონე გამოთქმა „გაგნებაში არ არის“, მეგონა ხუმრობდნენ – ხუმრობით ამახინჯებდნენ სასაუბრო, ჟარგონული შეფერილობის მქონე და ახალგაზრდებში პოპულარულ იდიომატურ გამოთქმას „გაგებაში არ არის/არაა“, რომელიც „ქართული ჟარგონის ლექსიკონში“ თავის დროზე ასე განვმარტე: „არ იცის, არ ესმის, ვერ ხვდება“ და საილუსტრაციო მაგალითი გია ჭუმბურიძის თარგმანიდან მოვიყვანე: „არა-პიროვნება კი ბოროტის გაგებაში არაა, სიბრიყვე შეიძლება ჩაიდინოს და ნერვები დაგათხლიშოს, თორემ ბოროტების თავი სადა აქვს“.


მაგრამ მერე და მერე დავრწმუნდი, რომ, ნურას უკაცრავად, რაც ხუმრობა და ენობრივი ექსცენტრიკა მეგონა, ჩვენს პოლიტიკოსებს და ზოგიერთ ჟურნალისტსაც, სწორი გამოთქმა ჰგონიათ, ანუ „გაგება“ და „გაგნება“ (გზისა) ერთმანეთში ერევათ!


აი, თუ არა:


„გუშინ მთავარი, რაც გამოჩნდა გახარიასგან, არის ის, რომ ეს ადამიანი, ისევე როგორც მთლიანად მთავრობა და უმრავლესობა, გაგნებაში არ არის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გაგნებაში არ არის, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს.“ (გიგი უგულავა, 28.05.2020, ტვ „პირველი“).


„არც გეგმა აქვთ, არც სტრატეგია, რაზე უნდა ელაპარაკონ ხალხს, იციან რამე?! ეკონომიკური კრიზისის დაძლევა იციან, სამუშაო ადგილების შექმნა იციან?! ინდუსტრიულ პარკებზეც და IT-ქალაქებზე ხომ არ დაიწყებენ საუბარს, რაზეც მე ვსაუბრობ. გაგნებაში არ არიან. ეს რა არის, გაგნებაში არ არიან, როგორ ვითარდება თანამედროვე ეკონომიკები“ (გიორგი ვაშაძე, Newsreport.ge, 15.09.2020).


„გიგა ბოკერიას განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკური ლიდერი არ არის და ეკონომიკაშიც გაგნებაში არ არის“ (24news.ge, 01.10.2019).


„საერთოდ არ არიან გაგნებაში“ (Formulanews.ge, 15.12.2019).


„ის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც გაგნებაში არ იყო, რა ხდებოდა დავით გარეჯში და სოციალური ქსელის მეშვეობით გაიგო ყველაფერი, გიორგი გაბუნიას განცხადებაზე ოპერატიულად გამოენთო“ („კვირის პალიტრა“, 08.07.2019).


„პროკურორი გაგნებაში არ არის, რა კითხვა დასვას, რაზე საუბრობს, თვითონაც არ იცის“ (რადიო „ათინათი“, 05.04.2019).


და ა. შ. და ა. შ. და ა. შ.


*


როცა ამ რეპლიკისთვის მაგალითების მოძიება დავიწყე, არ მეგონა, თუ ამდენს ვიპოვიდი. ისიც კი ვიფიქრე, ულტრათანამედროვე ქართულში მთლიანად ხომ არ ჩაანაცვლა ამ გამოთქმაში „გაგება“ „გაგნებამ“-მეთქი. კიდევ კარგი, აქა-იქ სწორი ფორმაც აღმოვაჩინე:


„მიხეილ სააკაშვილი საერთოდ გაგებაში არაა, საქართველოში რა ხდება“ (ინტერპრესნიუსი, 13.02.2020).


„მასკი თვლის, რომ გეიტსი ელექტრომობილების ინდუსტრიის „გაგებაში არაა“ (On.ge, 14.09.2020).


ოღონდ, სამწუხაროდ, სწორსა და არასწორ ფორმებს შორის შეფარდება აშკარად არასწორის სასარგებლოდ არის, რასაც ენის გულშემატკივრები გაგნებით ვერა და ვერ მოვეკიდებით!


2. საკმაოდ ცოტა?!


საკმაო იგივეა, რაც საკმარისი, სამყოფი (მაგალითი განმარტებითი ლექსიკონიდან: „ღვინო და პური... რამდენიმე წლის საკმაო იყო“).


საკმაოსაგან იწარმოება ზმნისართი საკმაოდ, რომელსაც, როგორც ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (ქეგლ) გვაუწყებს, ორი მნიშვნელობა აქვს: 1. საკმარისად, სამყოფად (მაგალითი ქეგლ-იდან: „იმედი მაქვს... საკმაოდ დაგვიგროვდეს ლაშქარი“) და 2. მნიშვნელოვნად, საგრძნობლად, არა-მცირედ (მაგალითი ქეგლ-იდან: „ელისაბედი საკმაოდ ლამაზი ქალი იყო“).


პირველი მნიშვნელობის მიმართ საპრეტენზიო რა უნდა გვქონდეს! რაც შეეხება მეორეს, მე იმათ რიცხვს ვეკუთვნი, ვისაც არ უყვარს ამ მნიშვნელობით გამოყენებული „საკმაოდ“ და მას რედაქტირებისას ან სულ ამოვაგდებ ხოლმე, ან სინონიმებით ვცვლი (ერთობ, ძალიან, ფრიად, მეტად, გვარიანად...). ახლა ვიკითხოთ, რას ვერჩით მას? რას და, გაუგებარია, ვთქვათ, რატომ არის ან ვისთვის არის კონკრეტული ქალის სილამაზე „საკმაო“. მაგრამ ამჯერად ამას თავი დავანებოთ, ვინაიდან ამ ზედსართავის ამგვარი მნიშვნელობით გამოყენება-არგამოყენება, რამდენადმე მაინც, გემოვნების საკითხია. ჩვენ ის შემთხვევები განვიხილოთ, როცა „საკმაოდ“ აშკარად უადგილოდ ზის წინადადებაში.


რაგინდ ბუნდოვანი ჩანდეს, რას ნიშნავს „საკმაოდ ლამაზი“ და მისი ყაიდის შესიტყვებანი, ისინი იმას მაინც იუწყებიან, რომ რაღაც დადებითი თვისება საგანს თუ მოვლენას საკმარისი ოდენობით მოეპოვება, – ყოველ შემთხვევაში იმაზე ნაკლები დოზით არა, რაც ამა თუ იმ თვისებრიობის არსებობისთვის არის საჭირო, რასაც ვერ ვიტყვით უარყოფითი თვისებების შესახებ. მაგალითად, „საკმაოდ ლამაზი“ თუ რამდენადმე ასატანი ჩანს, „საკმაოდ მახინჯი“ საერთოდ შეუძლებელი შესიტყვებაა. ასეთივე მიმართებაა ამ სინტაგმებს შორისაც: საკმაოდ ჭკვიანი და საკმაოდ სულელი, საკმაოდ უნარიანი და საკმაოდ უუნარო და სხვა მრავალი. არადა, წამდაუწუმ გაიგონებთ და წაიკითხავთ შესიტყვებებს, სადაც „საკმაოდ“ უარყოფითი მნიშვნელობის ცნებას უძღვის წინ. მაგ., „მიხეილ VII დუკა ბიზანტიის იმპერიის საკმაოდ უუნარო მმართველი იყო“ („ბათუმელები“, 19.06.2020).


განსაკუთრებით საგრძნობია ეს შეუსაბამობა გავრცელებულ სინტაგმაში „საკმაოდ ცოტა“. მოდით, დავფიქრდეთ: რაც ცოტაა, იმაზე შეიძლება ითქვას საკმაოაო?!


მაგალითები:


„NBA-ს კომისრის განცხადებით, ხელმძღვანელობა ახალი სეზონის დაწყებას იანვარში განიხილავს. დრაფტი კი დღეის მდგომარეობით 18 ნოემბერს შედგება. გამოდის, რომ თავისუფალი აგენტობის პერიოდი საკმაოდ ცოტა ხანს გასტანს“ (საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, 23.09.2020).


„ოპოზიცია გააგრძელებს წერტილოვან აქციებს, ნეგატიურ ფონზე ხელისუფლების კრიტიკას. ახალი ძალების გამოჩენისთვის დრო საკმაოდ ცოტა რჩება“ (ინტერპრესნიუსი, 06.01.2020).


„გამოვკითხეთ, რომელ სტუდენტებთან ჰქონდა შეხება და ასეთების რაოდენობა საკმაოდ მცირე იყო, რადგან სრული დატვირთვით სწავლა იწყებოდა 15 სექტემბრიდან. ყველა კონტაქტს დავურეკეთ, გავაფრთხილეთ და ისინი მოექცნენ თვითიზოლაციაში, ჩაიტარეს ტესტი, თუმცა ჯერ პასუხი არ არის ცნობილი. იმ ფლიგელს, სადაც ეს სტუდენტი იმყოფებოდა, ჩაუტარდა დეზინფექცია. საკმაოდ ცოტა ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი და ამ დროის განმავლობაში ეკეთა პირბადე“ (2020news.ge, 13.09.2020).


ყველა ამ მაგალითში „საკმაოდ“ შეიძლება შევცვალოთ სიტყვით „ძალიან“ და პრობლემაც მოგვარდება. უკეთესი კი ის იქნება, სხვა რამეთი კი არ ჩავანაცვლოთ იგი, არამედ უბრალოდ შეველიოთ მას: „...აგენტობის პერიოდი ცოტა ხანს გასტანს“, „ახალი ძალების გამოჩენისთვის დრო ცოტა რჩება“; „...ასეთების რაოდენობა მცირე იყო“, „ცოტა ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი...“.


ამ ფრაზების წაკითხვისას არა მგონია ვინმემ მოისაკლისოს ჩვენ მიერ მათგან ამორიდებული „საკმაოდ“!


ლევან ბრეგაძე
  • 0
  • 1577
0 Comments