წითელი ვერსია
  • 7
  • 11354

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი! (ნაწილი III)

06 სექტემბერი 2020

1. ორმაგი უარყოფის უარყოფა


სკოლის სახელმძღვანელოში ვკითხულობთ: „თუ წინადადების წევრად წარმოგვიდგება არც ერთი, ვერც ერთი, არავითარი, ვერავითარი, მაშინ [...] მხოლოდ ორმაგი უარყოფა არის შესაძლებელი: „არც ერთი არ მოხვედრია“, „მათთან არავითარი კავშირი არა მაქვს“, „ვერავითარი ძალა ვერ შეაკავებს“ (როზა გაბეჩავა, ზურაბ ჭუმბურიძე. ქართული ენა. XI კლასის სახელმძღვანელო. თბილისი: 1999, გვ, 64).


ასე იყო აქამდე, ეს წესი განუხრელად მოქმედებდა. ახლა კი ძალიან ხშირად გაიგონებთ და წაიკითხავთ ზემოთ დასახელებული სიტყვებისა და გამოთქმების შემცველ ფრაზებს ორმაგი უარყოფის გარეშე:


„საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებები პარლამენტში დღეს 2 სექტემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს. ცვლილებებს 77 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არცერთი იყო“. (02.09.2020)


ვერც ერთი დაპირება შესრულდება ეკონომიკური განვითარების გარეშე“ (26.08.2020)


„ანდრიუს კუბილიუსის უმწვავესი წერილი პრეზიდენტმა და პრემიერმაც მიიღეს, თუმცა მედიასთან დღეს არცერთი გამოჩენილა“ (08.05.2020)


„მაგრამ ბოლო 5 წელიწადია არც ერთი უმაღლესი კლასის კარის დარაჯი გამოჩენილა“ (08.01.2020)


ამით სურთ თითქოსდა უადგილო ორმაგი უარყოფა აიცილონ თავიდან, მაგრამ ენაში მათემატიკური ლოგიკა არ მოქმედებს, ენობრივ მოვლენებში ორმაგი უარყოფა აუცილებლად დადებით შინაარსს არ იძლევა.


ვერც ერთი დაპირება შესრულდება“ ლოგიკური კი არის, მაგრამ ენობრივი თვალსაზრისით უმართებულოა. ერთი უარყოფა – მარტო სახელის უარყოფა – აქ არ კმარა. თუ ზმნასაც არ დავურთეთ უარყოფითი ნაწილაკი, ფრაზა დადებითი შინაარსის გამომხატველ წინადადებას ემსგავსება. ისე გამოდის, თითქოს შესრულებაზე იყოს ლაპარაკი და არა ვერშესრულებაზე, რამაც, თუ ყურადღებით არ ვიქენით, შესაძლოა, გაუგებრობა გამოიწვიოს. ეს მეტადრე მაშინ იქნება მოსალოდნელი, როცა „ვერც ერთი“ და „შესრულდება“ რამდენიმე სიტყვით არიან გათიშულნი ერთმანეთისგან:


ვერც ერთი დაპირება, გულმხურვალედ გაცემულიც კი, შესრულდება, თუ...“ და ა. შ.


ზოგჯერ კი ერთმაგი უარყოფა წარმატებით ენაცვლება ორმაგს: „არაფერი ვიცი, რა მოხდა“ და „არაფერი არ ვიცი, რა მოხდა“ ორივე შესაძლებელია.


დასამახსოვრებელია მარტივი წესი: თუ არ ვიცით, სწორი იქნება თუ არა ერთმაგი უარყოფა, ორმაგი გამოვიყენოთ – ის ყოველთვის სწორი იქნება.


2. „იკავებდასა“ და „ეკავას“ გამო


მოგეხსენებათ, ზმნის პირიანი ფორმები იმითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ ზოგიერთი მათგანი დასრულებულ მოქმედებას გამოხატავს, ზოგიერთი კი – დაუსრულებელს. მაგალითად, „იკავებდა“ დაუსრულებელი მოქმედების გამომხატველია (ჯარი ქალაქის მოსადგომებს იკავებდა, – ნიშნავს: დაკავების პროცესი ჯერ დასრულებული არ იყო, და შესაძლოა, ის წარმატებით ვერც დაგვირგვინებულიყო, ანუ ჯარს დასახული მიზნისთვის რაიმე მიზეზით ვერ მიეღწია). იმავე ზმნის ფორმა „ეკავა“ კი დასრულებული მოქმედების გამომხატველია (ჯარს ქალაქის მოსადგომები ეკავა, – ნიშნავს: დაკავების პროცესი წარმატებით დამთავრებულა).


ეს სავსებით ცხადია და არა მგონია, დავას იწვევდეს.


ამიტომ ერთობ უცნაურია, რომ მასმედიაში ამ ზმნის უმართებულოდ (უადგილოდ) გამოყენების შემთხვევები ესოდენ მრავლად გვხვდება:


„დღესვე, საგარეო საქმეთა მინისტრად ალიევმა ჯეიჰუნ ბაირამოვი დანიშნა. ბაირამოვი დღემდე აზერბაიჯანის განათლების მინისტრის პოსტს იკავებდა“ (16.07.2020)


„ყველაფერი 2017 წელს, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო როდესაც გიორგი გახარია ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა“ (13.01.2020)


„კეიტა მალის პრეზიდენტის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა“ (19.08.2020)


„2008 წლის აგვისტოში, რუსული სამხედრო აგრესიის დროს, დიმიტრი მედვედევი რუსეთის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა“ (09.08.2020)


იკავებდა“-ს ნაცვლად აქ ყველგან უნდა იყოს „ეკავა“.


ანალოგიისთვის:


ებარა“-სა და „იბარებდა“-ს შორისაც ისეთივე მიმართებაა, როგორიც „ეკავა“-სა და „იკავებდა“-ს შორის.


რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „პატარა ბიჭი გოლგოთაზე“ ასე იწყება: „მე მაშინ მეგონა, რომ მამა უკვე ხნიერი იყო, ოცდათექვსმეტი წლისა, ებარა სოფელი – მხრებგაშლილს, მკერდგანიერს, ბრტყელქამარშემოჭერილს, სანეფო ჩექმებამოჭიმულს“.


აქ რომ „ებარა“ „იბარებდა“-თი ჩავანაცვლოთ, ასეთი რამ გამოვა:


„მე მაშინ მეგონა, რომ მამა უკვე ხნიერი იყო, ოცდათექვსმეტი წლისა, იბარებდა სოფელს – მხრებგაშლილი, მკერდგანიერი, ბრტყელქამარშემოჭერილ, სანეფო ჩექმებამოჭიმული“.


შინაარსობრივი განსხვავება თვალსაჩინოა. ასევეა ეს „იკავებდა“-სა და „ეკავა“-ს შემთხვევაშიც.


* * *

ეს ყოველივე პრაქტიკული სტილისტიკის საკითხებია, ხოლო პრაქტიკული სტილისტიკა შესწავლას ექვემდებარება – ამისთვის განსაკუთრებული ტალანტი ან განსაკუთრებული ენობრივი ალღო არ არის საჭირო.


რამ უნდა აიძულოს თავისუფალ საზოგადოებაში ადამიანი, მეტყველებისა და წერის კულტურა აიმაღლოს? მხოლოდ და მხოლოდ იმის შეგნებამ, რომ სწორმეტყველება სასარგებლოა, ვინც სწორად მეტყველებს, ის ხშირად აღწევს დასახულ მიზანს, კარგად მეტყველი კარგად აგვარებს პრობლემებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მეტყველება საუკეთესოდ წარმოაჩენს ადამიანის განათლების დონეს, საერთოდ, მის სულიერ ავლადიდებას. „ენა ულმობელი მსაჯულია, თუკი მას უდიერად მოვეპყრობით, მის განაჩენს ვერ გავექცევით“ (იოჰანეს ბეხერი).


ლევან ბრეგაძე
  • 7
  • 11354
2 Comments

მანანა ქაფიაშვილი

ვგიჟდები ამდენ უწიგნურზე. რა უბედურებაა, ხალხმა ლაპარაკი არ იცის. ყველაზე დიდი დანაშაული სკოლას მიუძღვის, მერე უტვინო ჟურნალისტებს

Nona Mindiashvili

🌺 💝