წითელი ვერსია
  • 1
  • 3069

ძალიან გავრცელებული, მაგრამ... არასწორი! (ნაწილი I)

26 ივლისი 2020

სწორია სკალა და არა შკალა, – გვაუწყებს ორთოგრაფიული ლექსიკონი, მაგრამ საქართველოში რადიომიმღებიდან თუ ტელევიზორიდან ხშირად მაინც შკალა გაისმის. ამასვე ვკითხულობთ ბეჭდური მედიის ფურცლებზეც და ინტერნეტგამოცემებშიც. განსაკუთრებით - თუ სადმე მიწისძვრა ხდება ან სხვა ისეთ ინფორმაციასთან გვაქვს საქმე, სადაც ერთეულების სკალა ფიგურირებს. აი წლევანდელი რამდენიმე მაგალითი:


„ოთხბალიანი შკალით, ვუხანში განგაშის მეორე დონე გამოცხადდა


„ყოველწლიურად მომხდარ მიწისძვრებს შორის, საშუალოდ 16 ძლიერი მიწისძვრაა, რიხტერის შკალით 7-ბალიანი, ან კიდევ უფრო მძლავრი“


„მკვლევარებმა მათი საცხოვრებელი მისამართები მოიძიეს და ისინი სოციო-ეკონომიკური სიდუხჭირის მიხედვით 10-ბალიან შკალად დაყვეს


ამ სიტყვის წარმომავლობა ასეთია:


სკალა“ ლათინურად კიბეს ნიშნავს და სხვა ენებზეც ასევე წარმოითქმის, გარდა რუსულისა – რუსულში არის „შკალა“. ოღონდ ამავე სიტყვისგან ნაწარმოებ „ე-სკალა-ტორს“, „ე-სკალა-ციას“ და „ლა სკალას“ („თეატრი კიბეზე“) რუსებიც „ს“-თი წერენ და წარმოთქვამენ და არა – „შ“-თი.


Шкала-ში „с“-ს „ш“-თი ჩანაცვლება იმით უნდა აიხსნას, რომ მისი მართებული ფორმა „скала“ დაწერილობითაც და გამოთქმითაც (მახვილით ბოლოდან პირველ მარცვალზე) ზუსტად გაიმეორებდა (დაემთხვეოდა) იმ რუსულ სიტყვას, რომელიც ქართულად „კლდედ“ ითარგმნება, – ეს კი გაუგებრობებს გამოიწვევდა (ანუ, არასწორ ფორმას რუსულში სიტყვათგანმასხვავებელი ფუნქცია დაეკისრა).


ჩვენს მშობლიურ ენაში კი „სკალის“ „შკალით“ ჩანაცვლების არავითარი საფუძველი არ მოიპოვება. „შკალა“ ისევე უმართებულო ფორმაა, როგორიც „ეშკალატორი“, „ეშკალაცია“ და „ლა შკალა“ იქნებოდა. არავინ ამბობს „ეშკალატორი გამოირთო“, „ვითარების ეშკალაციაა მოსალოდნელი“, „მილანის „ლა შკალას“ სცენაზე კიდევ ერთი ქართველი მომღერლის გამოსვლა იგეგმება“ და ა.შ. ჰოდა, სასურველია სხვა შემთხვევებშიც დავუჯეროთ ორთოგრაფიულ ლექსიკონს და ავიღოთ ხელი უმართებულო „შკალაზე“!


*

კიდევ ერთი მეტად გავრცელებული შეცდომა, რომელიც განსაკუთრებით სპორტულ ჟურნალისტიკაში შეინიშნება, სიტყვა „სინჯის“ არადანიშნულებისამებრ გამოყენებაა.


სინჯი (რუსულად проба) აღნიშნავს ძვირფასი ლითონების (ოქროს, ვერცხლის, პლატინის) შემცველობას შენადნობში და ამოტვიფრულია ამ შენადნობისგან დამზადებული ნივთის ზედაპირზე. იმის მიხედვით, თუ რა ოდენებით შეიცავს ძვირფას ლითონს შენადნობი, ლაპარაკობენ მაღალი ან დაბალი სინჯის თაობაზე.


ვნახოთ მაგალითები:


ბოლო წლებში ქართველმა მოჭადრაკეებმა 300-მდე სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს (lelo.ge 22.07.2019).


სინჯში აქ იგულისხმება ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო, ანუ სპორტულ შეჯიბრებებში პირველ სამ ადგილზე გასულთათვის დაწესებული სამივე სახის მედალი. ამიტომ ასეც უნდა ითქვას და დაიწეროს: „ბოლო წლებში ქართველმა მოჭადრაკეებმა 300-მდე სხვადასხვა სახის მედალი მოიპოვეს“, იმიტომ, რომ ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო სინჯები არ არის, ლითონებია.


ანდა:


„დინამოელებმა" უმაღლესი სინჯის მედლები 1964 წლის შემოდგომაზე მოიპოვეს“ (lelo.ge 04.05.2020)


„უმაღლესი სინჯის მედლებში“ ინფორმაციის ავტორი, ცხადია, ოქროს მედლებს გულისხმობს, ამიტომ ასეც უნდა დაეწერა: „დინამოელებმა" ოქროს მედლები 1964 წლის შემოდგომაზე მოიპოვეს“, ხოლო ის, რასაც ინფორმაციაში ვკითხულობთ, მაშინ იქნებოდა სწორი, სამივე გამარჯვებულს – პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს – ოქროს მედლებით რომ აჯილდოებდნენ, ოღონდ – სხვადასხვა სინჯის, ანუ ოქროს სხვადასხვა შემცველობის მქონე მედლებით.


ლევან ბრეგაძე
  • 1
  • 3069
0 Comments