წითელი ვერსია
  • 5
  • 7227

двери закрываются, ამხანაგებო!

22 სექტემბერი 2022

რუსეთის პრეზიდენტმა 21 სექტემბრიდან ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა რუსეთში.


ეს დღე, გაეროს ეგიდით საყოველთაო მშვიდობის დღედაა გამოცხადებული და მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ყოველგვარი საბრძოლო მოქმედება 24 საათის განმავლობაში, რათა დედამიწის ყველა წერტილში სამშვიდობო შეტყობინებამ მიაღწიოს.


და მაინც, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა იმ მიზნით, რომ საკუთარი ქვეყანა იმ ეკონომიკური, პოლიტიკური და მორალური ჩიხიდან გამოიყვანოს, რითაც უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ აღმოჩნდა.


ჩიხიდან გამოვიყვანო, ასე ჰგონია, ასე სჯერა, თორემ მობილიზაცია რომ რუსეთის მოქალაქეების ყურს იავნანასავით არ მოესმა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რადგან მოსკოვისა და სხვა დიდი ქალაქის ცენტრებში, მცირე, მაგრამ მაინც საგულისხმოდ თამამი საპროტესტო აქციები გაიმართა.


შესაძლოა, პუტინს სურს, ჩიხიდან თავად გამოძვრეს, საკუთარი რეპუტაცია გადაარჩინოს, საკუთარი ეგოცენტრიზმი, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ ყოველი ინტერვენციისა და საომარი მოქმედებების დროს მისი რეიტინგი რუს ხალხში იზრდება.


წინასწარ ჩაწერილ Live მიმართვაში (ეს პუტინის ცნობილი ხერხია), რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ დასავლეთს მათი სამშობლოს განადგურება სურს უკრაინელი ხალხის შეიარაღებით და ამ უკანასკნელთა საზარბაზნე ხორცად გამოყენებით.


ბოლო დროს კრემლში და კრემლისტურ მედიაში შეიცვალა რიტორიკა უკრაინელების მიმართაც. თუ აქამდე მათ ფაშისტებს უწოდებდნენ, ახლა დასავლეთის მიერ შეცდენილ ძმად წარმოაჩენენ. შეიძლება ამას “ჰაიმარსის ეფექტიც” ვუწოდოთ.


პუტინმა ისიც თქვა, რომ რუსეთი იარაღის წარმოების გასაზრდელად დაფინანსებას გაზრდის, რათა კონფლიქტის მიმდინარეობისას დაკარგული შეიარაღება შეივსოს. „ნაწილობრივი მობილიზაცია“ ცოტა ბუნდოვანი ცნებაა და რუსული მაფიოზურ-კლანური მმართველობის სტილს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ასე ითარგმნოს: - რუსულმა ბიზნესმა და მოქალაქეებმა ცოტა მეტი და კიდევ უფრო მეტი უნდა გაიღონ ომისთვის, რომელიც არავის და არაფერში სჭირდება.


თუმცა სახელდება „ომი“ ჯერ კიდევ არ ჩანს.


ნაწილობრივი მობილიზება არის, მაგრამ ომს კვლავაც „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ჰქვია და თებერვლის შემდეგ მოკლულია 45 000-ზე მეტი რუსი სამხედრო (რუსეთის მხარე ამბობს, რომ მხოლოდ 6000 ჯარისკაცია მოკლული, რის საკომპენსაციოდაც, რატომღაც 300 000 ახალწვეული ჭირდება).


ნაწილობრივი მობილიზაციის პარალელურად, პუტინმა კიდევ ერთხელ ახსენა ბირთვული იარაღი, ამჯერად შანტაჟში დასავლური მხარე დაადანაშაულა და დაიქადნა, რომ რუსეთსაც აქვს იარაღი, ბევრი და საშიში იარაღი, რომლის გამოყენებასაც ქვეყნის გადასარჩენად არ მოერიდება.


რას უკავშირდება ასეთი სწრაფი ტემპით გამოცხადებული ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია?


ერთი მხრივ, რუსული ეკონომიკა უდიდეს წნეხს განიცდის, მეორე მხრივ, ახლოვდება ზამთარი და უკრაინის მხარემ ჩრდილო აღმოსავლეთსა და სამხრეთში, რუსეთის არმიის მიერ ექვსი თვის განმავლობაში დაკავებული ტერიტორიები რამდენიმე დღეში დაიბრუნა.


ამავე დროს, დონეცკში, ხერსონში, ლუგანსკსა და ზაპოროჟიეში შაბათ-კვირას ე.წ. რეფერენდუმი ტარდება, სადაც ამ ტერიტორიების რუსეთთან შეერთება უნდა ჰკითხონ ხალხს, რომელიც, დიდი ალბათობით „სიხარულით“ იტყვის „დიახ“-ს, როგორც ამას აკეთებდა ხოლმე საბჭოთა კავშირის დროს.


ყველამ ვიცით, რომ ეს „დიახ“ გულწრფელი არ იქნება და ე.წ. რეფენდუმის შედეგები რეალურად გაყალბდება, ისევე, როგორც ყალბდება ყველა ახალი ამბავი ან ისტორია რუსულ საინფორმაციო წყაროებში.


კრემლი პროპაგანდის სტრატეგიას შეცვლის. ახლა ის იტყვის, რომ უკრაინაში შეჭრის დროს, საკუთარ თავსა და ტერიტორიებს იცავდა და მეტი ცოცხალი ძალა ამიტომაც დასჭირდა.


პუტინმა ეს ამბავი გაკვრით ახსენა და თქვა, რომ მხარს უჭერს რეფერენდუმებს და თვითგამორკვევის პროცესებს, და რომ მობილიზება არა ვინმეს სუვერენიტეტის შესაზღუდად, არამედ სამშობლოს დასაცავად ცხადდება.


პუტინს მეტ დეტალებზე არ ულაპარაკია, მაგრამ ილაპარაკა შოიგუმ, ვინც დააზუსტა, რომ უკრაინის „სამხედრო კამპანიისთვის“ 300 000 კაცსა და ქალს გაიწვევენ. აქვე დაამშვიდა ყველა, რომ ეს გაწვევა სტუდენტებსა და წვევამდელებს ისევ არ შეეხება.


მანამდე ასე ამბობდა პუტინიც. „სპეციალურ საომარ ოპერაციაში არ მონაწილეობენ და არც მიიღებენ მონაწილეობას წვევამდელი სამხედროები და რეზერვისტები. დასახულ მიზანს მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები გადაწყვეტენ!“ - ეს განცხადება მან ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში გააკეთა და ალბათ ეს საიმედო „სხვისი ჭირი“ აიძულებდა რუსეთის მოქალაქეებს სახლში მშვიდად ჯდომას.


ახლა სიტუაცია შეიცვალა. პუტინის გამოცხადებული ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია კიდევ ერთი ნაბიჯია საყოველთაო მობილიზაციამდე. ახლა ომი ღამის კლუბებში გასართობად წასული ახალგაზრდების, ყოველდღიურ რუტინაში ჩაფლული წვრილმანი საქმოსნების, 18 წელს გადაცილებული მოქალაქეების კარზე აკაკუნებს.


როგორც ერთმა ჩემმა ფეისბუკ-მეგობარმა ნინო ლომიძემ მახვილად იხუმრა, ახლა ხალხს მოუწევს გააპროტესტოს არა დემობილიზაცია, არამედ демо-г-илизация, რადგან არჩევანი ციხესა და საფლავს შორის მოუწევთ. მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 425 მოქალაქეა დაკავებული და ეს რიცხვი მატულობს. როგორც ჩანს, ომში გაწვევის შიში მართლაც ოხერია და ცივ საკანში ღამის გატარება ნამდვილად სჯობს ცივ სამარეში წოლას.


დღეს უკრაინა, სადაც რუსეთის ჯარს კრემლისტურ წარმოსახვაში მარილით და პურით უნდა დახვედროდნენ, იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. სულ მალე „ლენდ-ლიზიც“ ძალაში შევა და პროპაგანდისტული ოპიუმით გაბრუებულ რუსეთის მოსახლეობას მოუწევს, თვალი გაუსწოროს ერთადერთ სიმართლეს: რუსეთის ფედერაციის „დიდება“ მხოლოდ ქაღალდის ვეფხვია და ბარიკადების დრო დადგა, - მაიდანი წითელ მოედანზე.


გურამ მეგრელიშვილი
  • 5
  • 7227
0 Comments