წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 0
  • 2337

დავუბრუნოთ მარცვლები სიტყვებს!

28 იანვარი 2026

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!


(ნაწილი LIV)


ამ ბოლო დროს მედიაში დაეტოვა / გამოეტოვა გავრცელდა (უფრო სპორტულ ჟურნალისტიკაში, მაგრამ არა მარტო), მაშინ, როდესაც ორთოგრაფიული ლექსიკონი სწორ ფორმებად მხოლოდ: დაეტოვ-ებინ- / გამოეტოვ-ებინ--ს ასახელებს.


მაგალითები:


„ესპანურმა კლუბმა ლუკას უფლება მისცა მადრიდი დაეტოვა და სერბეთში გაუშვა…“;


„რაშფორდი დიდხანს ყოყმანობდა იმასთან დაკავშირებით, დაეტოვა თუ არა რუბენ ამორიმის გუნდი“;


„არც ერთ იქ მცხოვრებს არ შეეძლო დაეტოვა ოლქი ხელისუფლების ნებართვის გარეშე“;


„სწორედ მან განახორციელა ამ სფეროს გაფილტვრა, მან განსაზღვრა ვინ უნდა გაეგდო ქუჩაში და ვინ დაეტოვა“;


„მილანის ინტერთან შეხვედრამდე ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო ტრავმა და იყო იმის საშიშროება, რომ მას ფინალი გამოეტოვა“;


„ჰილსბოროში ჩასული ყველა ფანი სტადიონზე შესვლას ჩქარობდა, რომ რამე არ გამოეტოვა (როდესაც ფეხბურთის მატჩს რამოდენიმე წუთით მოსწყვეტს ფანი თვალს, მას ისეთი გრძნობა ეუფლება, თითქოს ეს-ესაა რაღაც მნიშვნელოვან მომენტს გამოტოვებს. დარწმუნებული ვარ, ბევრს გქონიათ ასეთი შეგრძნება)“;


„დონალდ ჯუისს გაფრთხილება შეგნებულად მისცეს, რათა მომავალ ტურში „ზესტაფონთან“ თამაში გამოეტოვა“;


„ავარიის შემდგომ შუმახერი იძულებული იყო გამოეტოვა ექვსი ავტორბოლა“;


„…ტრავმა გაუმიზეზდა და პიკე იძულებული გახდა გამოეტოვა რამდენიმე შეხვედრა, რომელიც „ბარსელონამ“ ჩაატარა“;


„ვაითლოქს იაპონურ კლუბთან კონტრაქტის გამო სუპერ რაგბის 2020 წლის სეზონი სრულად უნდა გამოეტოვა“;


„ესპანელმა ძალით მიიღო ყვითელი ბარათი, რომ საპასუხო მატჩი გამოეტოვა“;


„ამის მერე კი მესი ძალიან ხშირად იღებდა დარტყმებს ფეხში თუ კორპუსში, მაგრამ ისეთი სერიოზული არაფერი ყოფილა, რომ არგენტინელს თამაში გამოეტოვოს“;


„ცდილობდნენ, არბიტრისთვის გაფრთხილების (რათა საპასუხო ნახევარფინალი არ გამოეტოვათ) საბაბი არ მიეცათ“;


„ცდილობდნენ, არ გამოეტოვათ არც ერთი ფესტივალი“.


ხაზგასმულ სიტყვებს აკლიათ ორი მარცვალი – „-ებინ-“, რომელთაგან პირველი თემის ნიშანია.


შეუძლებელი ჩანს ასეთი რამ, ვთქვათ, ამ ზმნებში: გაეკეთებინა“ / „გამოეკეთებინა ან გაეცილებინა“ / „გამოეცილებინა. მათ ნაცვლად არავინ იტყვის გაეკეთა“ / „გამოეკეთა-ს ან გაეცილა“ / „გამოეცილა-ს.


ხოლო გაეღვიძებინა“ / „გამოეღვიძებინა და გაემგზავრებინა“ / „გამოემგზავრებინა რომ ვთქვათ ან დავწეროთ ამ ორი მარცვლის გარეშე, სიტყვის სემანტიკა შეიცვლება: დაგვრჩება გაეღვიძა“ / „გამოეღვიძა და გაემგზავრა“ / „გამოემგზავრა , რაც სხვა რამეს ნიშნავს.


მაგრამ „დაეტოვა“ / „გამოეტოვა“ რატომღაც ყურს ძალიან არ გვჭრის და ისიც ნათელია, რას გულისხმობენ, როცა ამას ამბობენ. (მსგავსი ვითარებაა მაშინაც, როდესაც მართებული ფორმის „გამოეძიებინა/თ“ ნაცვლად წერენ და ამბობენ – „გამოეძია/თ“. ეს მარცვლებნაკლული ფორმაც მოხშირდა ამ ბოლო დროს მედიაში. მაგ.: „მას [სახელმწიფო ინსპექტორს] სამართალდამცავების ძალის გადამეტება უნდა გამოეძია“; „ოლიმპიური კომიტეტი და ფიგურული სრიალის მსოფლიო ფედერაცია იძულებული გახდა სასწრაფოდ გამოეძია ინციდენტი“).


*

დავინტერესდი, ამ მოვლენის გამო ვინმეს თუ გამოუთქვამს-მეთქი აზრი, და ენათმეცნიერ ჟუჟუნა ფეიქრიშვილის ნაშრომში – „გარდამავალ ზმნათა მეორე თურმეობითის წარმოება ახალ ქართულში“ – ასეთი რამ ამოვიკითხე:


„ამრიგად, ახალ სალიტერატურო ქართულში გარდამავალ ზმნათა მეორე თურმეობითის წარმოება ძველ ქართულთან შედარებით

გართულდა, უჩვენებს ფორმათა სხვადასხვაობას. ამ მრავალფეროვნებას ქმნის როგორც ახალ, ისე არქაულ ან ანალოგიურ და დიალექტურ წარმოებათა თანაარსებობა. კერძოდ, ნამყო ძირითადის გარდა, თურმეობითი მეორე ამოსავალ ფუძედ იყენებს -ებ ნიშნიან თურმეობით პირველსაც და წარმოდგენილია პარალელური (-ებინა||-ებია) დაბოლოებებით; ამავე დროს აქა-იქ ჯერ კიდევ შემორჩენილია არქაული წარმოება (მოეგონა, მოეფიქრა...), რომელშიც ზოგჯერ -სუფიქსიც იჩენს თავს თურმეობითი მეორის სხვა ნარიან ფორმათა გვერდით. ამის გამო, ახალ სალიტერატურო ქართულში ერთი და იგივე ზმნა შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვაგვარი სახეობებით: დაეტოვა || დაეტოვნა || დაეტოვებია || დაეტოვებინა. ამათგან პირველი სამი ფორმა უმართებულოა (არქაიზმია ან დიალექტიზმი), თანამედროვე სალიტერატურო ქართულში ნორმად დამკვიდრებულია დაეტოვებინა ტიპი“.


ამ ნორმას ასახავს სწორედ ორთოგრაფიული ლექსიკონი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ორი გაუჩინარებული მარცვალი, ოთხი ბგერის შემცველი, ზედმეტი სულაც არ არის და დამოწმებული ტექსტების ავტორებს ისინი – არ უნდა გამოეტოვათ კი არა – არ უნდა გამოეტოვებინათ!“


დავუბრუნოთ მარცვლები სიტყვებს!


ლევან ბრეგაძე
  • 0
  • 2337
0 Comments