წითელი ვერსია
  • 3
  • 2054

დატყვევებულნი

10 დეკემბერი 2020

11 დეკემბერს შეიკრიბება საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი და ამით, ფაქტობრივად, დასრულდება საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული საარჩევნო პროცესი. კენჭისყრის შედეგი უკვე ცნობილია და ამ შედეგებს პოლიტიკური ოპოზიციის გარდა ეჭვქვეშ არავინ აყენებს; შესაბამისად ერთადერთი ინტრიგა, რომელიც პარლამენტის შეკრების მომენტამდე არ კარგავს აქტუალობას, შემდეგია: შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში და, თუ შევა, კონკრეტულად რომელი პოლიტიკური ძალა და როდის?


საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები, აქტიურად არიან ჩართულნი მოლაპარაკების პროცესში და ამ წუთისთვის სავსებით შესაძლებელი ჩანს კონსენსუსის მიღწევა, რის შედეგადაც საკანონმდებლო ორგანოში ადრე თუ გვიან წარმოდგენილი უნდა იყოს ოპოზიციაც.


თუმცა დიპლომატიური კორპუსი სულაც არ არის ერთადერთი მოთამაშე, რომელიც გავლენას ახდენს მოლაპარაკების პროცესზე. მასში აქტიურად მონაწილეობენ „კრიტიკული“ (სინამდვილეში ოპოზიციური, პარტიული) მედიასაშუალებებიც, რომლებიც არათუ ხელს არ უწყობენ, არამედ, პირიქით, ყოველმხრივ ეწინააღმდეგებიან პარლამენტში ოპოზიციის შესვლას. ამ მიზნის მისაღწევად ისინი ელჩებთან ღია დაპირისპირებასაც არ ერიდებიან და მათ „ქართველი ერის საწინააღმდეგო“ ქმედებებში სდებენ ბრალს;


გარდა ამისა, დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ „კრიტიკული“ მედია იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა შედარებით პატარა და სუსტი ოპოზიციური პარტიები აიძულოს, უარი თქვან მოლაპარაკებაზე და არ შევიდნენ პარლამენტში. ზოგჯერ ეს ხორციელდება შანტაჟის მეშვეობით, რომ შესვლის შემთხვევაში „მოღალატეებისთვის“ დაიხურება ყველა ეთერი, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იარაღია თავიანთი მოსაზრებების ფართო საზოგადოებამდე მისატანად.


ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შედარებით მცირე ოპოზიციური პარტიები, როგორებიცაა „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „მოქალაქეები“, „ლელო“ და სხვა, დღემდე განიცდიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მთავარი განშტოების, „ევროპული საქართველოს“ ზეწოლას, რომელიც ძირითადად სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოსთან“ დაკავშირებული მედიასაშუალებების მეშვეობით ხორციელდება.


მეტიც: როგორც კი მიხეილ სააკაშვილმა მორიგი რევოლუცია „დააანონსა“ და, ფაქტობრივად, აუკრძალა ოპოზიციას მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლა, „მთავარმა არხმა“ ეს სტრატეგია დაუყოვნებლივ ასახა თავის სარედაქციო პოლიტიკაში. „მთავარ არხს“ არც ტვ „პირველი“ და „ფორმულა“ ჩამორჩნენ.


აღსანიშნავია „მოღალატეების“ მიმართ „ტაბულის“ მთავარი რედაქტორის აგრესიული რიტორიკაც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „ევროპულმა საქართველომ“ საბოლოოდ დაუჭირა მხარი პარლამენტის ბოიკოტირების იდეას. თუმცა ოპოზიციის „მედიაბულინგი“ არ ამოიწურება მხოლოდ იმ მედიასაშუალებებით, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან მის რომელიმე „განაყოფთან“ ასოცირდებიან.


„გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებებზე“ და მათ შესაძლო „საფრთხეზე“ პირველად ტელეკომპანია „კავკასიის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ალაპარაკდა, თუმცა ნამდვილი „პრესინგი“ ოდნავ მოგვიანებით დაიწყო, როდესაც საქმეში ნიკა გვარამიას სახით „მძიმე არტილერია“ ჩაერთო.


მას შემდეგ, რაც რამდენიმე ოპოზიციონერმა ლიდერმა გარკვეულ საკითხებზე მხარეთა პოზიციების დაახლოებაზე ისაუბრა, „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში მყისვე გააზიარა ჯანგირაშვილის პოსტი და გაერთიანებულ ოპოზიციას შეახსენა, ხალხის ხმებით ვაჭრობა დაუშვებელიაო.


გვარამიასა და მისი „მთავარი არხის“ რიტორიკა კიდევ უფრო გამკაცრდა მას შემდეგ, რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ერთგვარი პროტესტი და წინააღმდეგობის გაწევა სცადა. გვარამიამ მას მეტად აგრესიულად უპასუხა და, „სხვათა შორის“, პოლიტიკური პარტიის ლიდერს „საეთერო ბადის მათხოვარი“ უწოდა, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეთერს, როგორც შანტაჟის ძირითად ინსტრუმენტს.


საბოლოოდ, ამ ეპიზოდის კულმინაციად შეიძლება ჩაითვალოს 8 დეკემბერს გასული გადაცემა „მთავარი აქცენტები“ ნიკა გვარამიასთან ერთად, სადაც გიორგი ვაშაძესა და არხის გენერალურ დირექტორს შორის დებატები გაიმართა. ამ გადაცემაში თვით დებატებზე უფრო ხმაურიანი და სკანდალური გამოდგა უშუალოდ გვარამიას მონოლოგი, სადაც მან საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებს „ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ“ მოქმედი ძალები უწოდა, ხოლო ელჩების რეკომენდაციების გათვალისწინება პოსტკოლონიალურ აზროვნებად და პოსტსაბჭოთა მენტალიტეტად გამოაცხადა.


ამ ერთ გადაცემაში იმდენი ანტიდასავლური განცხადება გაკეთდა, ნებისმიერ, თუნდაც დეკლარირებულად ევროსკეპტიკურ მედიასაშუალებას შეშურდებოდა, ხოლო ოპოზიციის მისამართით კიდევ ერთხელ და მკაფიოდ დაკონკრეტდა, რომ, თუ ვინმეს სურს „კრიტიკული“ მედიის ეთერი, ის უნდა დაემორჩილოს ამ ეთერის მესვეურებს და „ჭკუით“ მოიქცეს. ეს გზავნილი იმავე დღეს და იმავე არხზე, გადაცემა „დღის სტუმარში“ გააჟღერა მკვეთრად ანტისახელისუფლებო განწყობით გამორჩეულმა კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ელისო კილაძემ.


დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ამ მომენტისთვის მივიღეთ „კრიტიკული მედიის“ მიერ „დატყვევებული“ პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც მძიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: თუ პარლამენტში შევა, მისთვის დაიხურება ოპოზიციური ტელევიზიების კარი, ხოლო თუ ბოიკოტის რეჟიმს გააგრძელებს, საშუალება მიეცემა, მომავალშიც აქტიურად გამოიყენოს ოპოზიციური ეთერი; თუმცა ამ შემთხვევაში ის ამოვარდება ლეგალური საპარლამენტო ცხოვრებიდან, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენებს.


არჩილ სიხარულიძე
  • 3
  • 2054
0 Comments