წითელი ვერსია
  • 3
  • 4863

დარჩა თუ არა ქართულ მედიაში ჟურნალისტიკის ადგილი?

09 ივნისი 2022

9 ივნისს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტი ოფიციალურად დატოვა.


ამ ამბავმა განსაკუთრებული ხმაურის გარეშე ჩაიარა, რადგან დეპუტატმა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ საჯაროდ განაცხადა პოლიტიკიდან წასვლის და მედიაში დაბრუნების შესახებ.


ასეც რომ არ იყოს, მედიიდან პოლიტიკაში და პირიქით მოძრაობა საქართველოში უჩვეულო ამბავი ნამდვილად არ არის.


გვაქვს არაერთი მაგალითი, როცა ჟურნალისტები წასულან პოლიტიკაში და დღეს ისევ მედიაში ვხედავთ; თუმცა პარლამენტარის მიერ მანდატის დატოვება ეთერში დაბრუნების გამო, მაინც განსაკუთრებულ შემთხვევად უნდა ჩაითვალოს.


ალბათ სწორედ ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გაააქტიურა დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რამდენად მისაღებია პოლიტიკოსების მედიაში გადანაცვლება და რა შედეგები მოაქვს ამას მედიისთვის.


ამ მხრივ, ზაალ უდუმაშვილის „პოლიტიკიდან წასვლაზე“ დაკვირვება საშუალებას გვაძლევს, რამდენიმე საინტერესო დასკვნა გავაკეთოთ.


უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში, პოლიტიკიდან რეალურად არავინ მიდის, რადგან ტელეკომპანიას, სადაც ის დირექტორის მოადგილე იქნება და თან მთავარ საინფორმაციო გამოშვებას გაუძღვება, გამოკვეთილი პოლიტიკური პოზიცია აქვს და ეს სარედაქციო პოლიტიკა, ფაქტობრივად, ყოველთვის ემთხვევა იმ პარტიის ხედვას, რომელსაც უდუმაშვილი ფორმალურად ტოვებს.


შესაბამისად, აქ საქმე გვაქვს კადრების შიდა მოძრაობასთან, პარტიასა და მის მხარდამჭერ ტელეკომპანიებს შორის: - რეალურად ზაალ უდუმაშვილი მიდის არა ჟურნალისტიკაში, არამედ პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული მედიის საინფორმაციო სამსახურში. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ზუსტად ასეთივე მედიის საინფორმაციო სამსახურიდან „მოვიდა“ ის პოლიტიკაში 2017 წელს.


სხვათა შორის, უდუმაშვილმა 29 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ყველაზე კარგად აღწერა ის პროცესი, რომელსაც ზოგჯერ „ჟურნალისტიკაში დაბრუნებას“ უწოდებენ: „დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი მედიაზე გადის... ბრძოლის ველიდან არ გავდივარ. ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა ვიცვლი დისლოკაციის ადგილს“ - თქვა ერთხელ უკვე ყოფილმა და ამავე დროს, მომავალმა ჟურნალისტმა.


აქ, როგორც იტყვიან, კომენტარი სრულიად ზედმეტია: - ჟურნალისტობის კანდიდატი პირდაპირ აცხადებს, რომ მედიაში ზუსტად იმავეს გააკეთებს, რასაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერის და სპიკერის ამპლუაში აკეთებდა...


მაგრამ არის თუ არა ეს ჟურნალისტის ფუნქცია, ან ის საქმე, რომელსაც საზოგადოება ჟურნალისტისგან ელოდება?


ან სადამდე შეიძლება მივიდეს მედიის პოლიტიზების ხარისხი და საერთოდ, არსებობს თუ არა დღეს მკაფიო ზღვარი ჟურნალისტურ და პოლიტიკურ საქმიანობას შორის, რომლის გადაკვეთაც (მით უმეტეს - რამდენჯერმე!) რეკომენდებული არ არის?


ამ თემაზე დღეს დასავლეთშიც აქტიურად მსჯელობენ, რადგან მედია-პერსონების პოლიტიკურ ფიგურებად ტრანსფორმაციის ტენდენცია, ამჟამად, თითქმის მთელ მსოფლიოში შეინიშნება.


მაგალითად, ცნობილი ამერიკული გამოცემის, „ატლანტიკის“ ჟურნალისტი ჰელენ ლიუისი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წერდა, რომ „ეს ყველაფერი (ჟურნალისტების პოლიტიკაში მოსვლის „მოდა“) საბოლოო ჯამში ტაკერ კარლსონის პრეზიდენტობით დასრულდება“.


ლიუისის პროგნოზი (ჯერჯერობით) არ გამართლებულა, თუმცა საკითხი რომ ამერიკაშიც აქტუალურია, იქიდანაც ჩანს, რომ რამდენიმე კვირის წინ, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ჯენ ფსაკიმ (უდუმაშვილისა არ იყოს) ასევე დატოვა თანამდებობა და... როგორც მედია იუწყება, მალე ტელეკომპანია MSNBC-ის პოლიტიკურ ანალიტიკოსად და წამყვანად მოგვევლინება.


ამასთან, თუ ინფორმაცია საბოლოოდ დადასტურდა, მიმდინარე წლის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევა იქნება, როცა MSNBC-მ კადრები დემოკრატიული პარტიის გუნდიდან „წაიყვანა“: - ამერიკელებს კარგად ახსოვთ, რომ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მრჩეველი და პრეს-სპიკერი სიმონა სანდერსი რამდენიმე თვის წინ ასევე MSNBC-ის წამყვანი გახდა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ იგივე სანდერსი CNN-ის პოლიტიკურ კომენტატორადაც მუშაობდა.


თუ CNN-ისა და MSNBC-ის დემოკრატიული პარტიისადმი სიმპათიით გამორჩეულ სარედაქციო პოლიტიკას გავითვალისწინებთ, ეს შემთხვევები თვალნათლივ ადასტურებს, რომ პოლიტიკურ პარტიას და მის მხარდამჭერ მედიას შორის „კადრების როტაცია“ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ხდება;


თუმცა როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი ტელეკომპანიების (თუნდაც Fox News-ის) მაგალითზე ჩანს, იქ პარტიული წარსულის ან გამოკვეთილი პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანებს ძირითადად ე.წ. „საავტორო გადაცემებში“ ან პოლიტიკური მიმომხილველის თუ ანალიტიკოსის ამპლუაში ვხედავთ.


დაახლოებით იგივე „დაუწერელი კანონები“ მოქმედებს ბრიტანეთშიც, სადაც პოლიტიკასა და მედიას შორის „მოძრაობა“ კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს ატარებს.


საკმარისია გავიხსენოთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც „მედიიდან მოსულ პოლიტიკოსად“ ითვლება, რადგან წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა კონსერვატიული გამოცემების (The Times, The Daily Telegraph, The Spectator) ავტორი, ხოლო 1999-2005 წლებში ამ უკანასკნელის რედაქტორიც; თუმცა თუ მის წარსულ საქმიანობას გადავხედავთ, ეს არის არა ჟურნალისტის, არამედ მედიაში მყოფი პოლიტიკური ანალიტიკოსის და აქტივისტის ბიოგრაფია.


საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მედიიდან პოლიტიკაში ან პოლიტიკიდან მედიაში გადანაცვლება არ არის ექსკლუზიურად ქართული პრაქტიკა და ამგვარი „მოძრაობის“ მაგალითები დასავლეთის განვითარებულ დემოკრატიებშიც გვაქვს;


თუმცა აქ მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ მედია უფრო ფართო ფენომენია, ვიდრე ჟურნალისტიკა და ჟურნალისტიკის პროფესიული სტანდარტებიც ყველა ტიპის მედიაპროდუქციაზე თანაბრად არ ვრცელდება.


საინფორმაციო გამოშვება (ე.წ. “ნიუსი”) ყველაზე ნაკლებად ეგუება მედიის მხრიდან პოზიციის დემონსტრირებას, რადგან მისი მთავარი დანიშნულება საზოგადოების მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმირებაა, მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.


შესაბამისად, მედიისთვის და მისი მომხმარებლისთვის განსაკუთრებით პრობლემატურია, როცა ახალ ამბებს „აკეთებს“ ან გვაწვდის ადამიანი, რომელსაც გამოკვეთილი პოლიტიკური ბიოგრაფია და მიზნები აქვს.


ზაალ უდუმაშვილი რომ ჟურნალისტის ამპლუაშიც პოლიტიკური აქტივისტი იქნება, ეს მან თავადვე განაცხადა.


ცხადია, რომ ამგვარი მოტივაციის მქონე ადამიანის მიერ მოწოდებული ახალი ამბები თეორიულადაც ვერ იქნება ჟურნალისტიკა, რაც მნიშვნელოვანი ახალი ამბების მიუკერძოებელ გაშუქებას გულისხმობს.


ამიტომ საკითხავი ის კი არ არის, შესაძლებელია თუ არა მედიიდან პოლიტიკაში ან პოლიტიკიდან მედიაში წასვლა (ფაქტია, რომ შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, მოგვწონს ეს თუ არა); საკითხავი ამ შემთხვევაში ისაა, საერთოდ დარჩა თუ არა ქართულ მედიაში ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიის, და როგორც საქმიანობის ადგილი.


ზვიად ავალიანი
  • 3
  • 4863
0 Comments