წითელი ვერსია
  • 18
  • 3380

ბორის ჯონსონის მოკრძალებული ხიბლი

11 ივლისი 2022

7 ივლისს ბრიტანეთში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა მოხდა - გაერთიანებული სამეფოს 77-ე პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ვადაზე ადრე დატოვებს მთავრობის მეთაურის თანამდებობას. ამავე დღეს მან დატოვა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტიც.


ჯონსონის გადადგომა ბრიტანული საზოგადოებისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა: გადადგომამდე ერთი თვით ადრე, 7 ივნისს, კოვიდრეგულაციების დარღვევით მოწყობილ წვეულებებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ბრიტანეთის პარლამენტში კენჭი უყარეს ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას, თუმცა მაშინ პრემიერმა მოახერხა უმრავლესობის მხარდაჭერის მობილიზება და თანამდებობის შენარჩუნება.


ბორის ჯონსონის მიმართ არსებობდა სხვა პრეტენზიებიც: - გადადგომის წინ პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრისა და ლონდონის მერის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ბრიტანეთის უშიშროების სამსახურის გაფრთხილების მიუხედავად, რამდენჯერმე შეხვდა რუს ოლიგარქს და КГБ-ს ყოფილ თანამშრომელს, ალექსანდრ ლებედევს.


ლებედევთან და მის ვაჟთან, ევგენისთან კავშირის გამო ჯონსონი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი, თუმცა „ბოლო წვეთი“ ჯონსონის კარიერაში სექსუალური სკანდალი აღმოჩნდა: - 4 ივლისს თანამდებობა დატოვა მისი ადმინისტრაციის თანამშრომელმა და საპარლამენტო წარმომადგენელმა კრის პინჩერმა, რომელსაც რამდენიმე მამაკაცი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. როგორც აღმოჩნდა, პინჩერის მიმართ არსებული პრეტენზიების შესახებ ჯონსონმაც იცოდა, თუმცა მაინც დანიშნა თანამდებობაზე, რის გამოც, საბოლოო ჯამში, თავად მოუწია მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება.


ბორის ჯონსონის პოლიტიკური კარიერა ყოველთვის გამოირჩეოდა სკანდალებით, რაც განაპირობებდა კიდეც მის წინააღმდეგობრივ რეპუტაციას ბრიტანეთში;


პრემიერს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამოც, რომ მან ვერ შეძლო ქვეყნის წინაშე არსებული ორი მთავარი გამოწვევის - ბრექსიტის და კორონავირუსის ეპიდემიის სწორი მართვა.


ამ მოცემულობებიდან გამომდინარე, ბრიტანელებისთვის ჯონსონის გადადგომა სიურპრიზი არ ყოფილა;


უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა ეს ფაქტი ქართული საზოგადოების და განსაკუთრებით მედიისთვის, სადაც ჯონსონს აშკარად უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში.


მეტიც - შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა მედიამ ბოლო პერიოდში და, განსაკუთრებით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ბორის ჯონსონისგან შექმნა დასავლური სამყაროს ერთგვარი სიმბოლო, რომელიც, ისე ჩანდა, რომ „გარკვეული ექსცენტრულობის“ მიუხედავად, ყველაზე მკაფიოდ გამოხატავდა დასავლეთის პრინციპულ პოზიციებს და თუნდაც მხოლოდ ამის გამო, თითქოს შეუცვლელი უნდა ყოფილიყო.


არადა, როგორც თავად ჯონსონმა გადადგომისას განაცხადა, პოლიტიკაში შეუცვლელი არავინ არის.


მთლიანობაში, ბორის ჯონსონის ფიგურის გაშუქება ქართულ მედიაში კარგად გვიჩვენებს იმ ცალმხრივობას, რომელიც დამახასიათებელია ქართველი ჟურნალისტების დიდი ნაწილისთვის, საგარეო და საერთაშორისო პოლიტიკაზე მუშაობის პროცესში;


ამგვარი სტერეოტიპული მიდგომების გამო კი, საზოგადოებას ხშირად არასწორი წარმოდგენა უყალიბდება როგორც კონკრეტული დასავლელი ლიდერების, ისე მთლიანად დასავლეთში მიმდინარე პროცესების თუ განწყობების შესახებ.


მაგალითად, - ბორის ჯონსონის პოპულარობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული მედია დასავლელ (და არა მხოლოდ დასავლელ) პოლიტიკოსებს ხშირად აფასებს მხოლოდ მათი რიტორიკით რუსეთთან მიმართებაში. შესაბამისად, რაც უფრო ხმამაღლა და ხშირად გააკრიტიკებს პოლიტიკოსი რუსეთს, მით უფრო კეთილგანწყობილი ხდება მის მიმართ მედია;


თუმცა იმავე მედიამ შესაძლოა საერთოდ ვერ შეამჩნიოს (ან არ გააშუქოს) ის ფაქტი, რომ ხმამაღალი განცხადებების მიღმა, პოლიტიკოსს შესაძლოა თავად ჰქონდეს საეჭვო კონტაქტები რუსეთთან, ან მისი განცხადებები წინააღმდეგობაში მოდიოდეს მისსავე ქმედებებთან.


რუსეთის წინააღმდეგ უკომპრომისო მებრძოლის იმიჯსა და რეალობას შორის ამგვარი „აცდენა“ ქართულ სინამდვილეშიც არაერთხელ მომხდარა, თუმცა ჯონსონს რომ დავუბრუნდეთ, აშკარაა, რომ ქართული მედია დეკლარირებული პროდასავლურობის მიუხედავად, აშკარად არასაკმარისად იცნობს თავად დასავლურ სამყაროს, რის გამოც იქ მიმდინარე სრულიად პროგნოზირებადი და კანონზომიერი პროცესები ქართული საზოგადოებისთვის ზოგჯერ, შესაძლოა, გაუგებარი მოულოდნელობაც კი აღმოჩნდეს;


აღწერს რა მოვლენებს ექსკლუზიურად დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირების ჭრილში, ქართულ მედიას ხშირად თითქოს ავიწყდება, რომ დასავლურ საზოგადოებებში პოლიტიკოსები არ ფასდებიან მხოლოდ იმის მიხედვით, რას იტყვიან რუსეთზე ან რამდენად ხმამაღლა დაგმობენ კრემლის პოლიტიკას. რეალურად, დასავლეთში, ლიდერების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად ამართლებენ ისინი ამომრჩევლის ნდობას და ასევე, რამდენად შეესაბამება მათი ქმედება დასავლეთში მიღებულ ნორმებს და აღიარებულ პრინციპებს.


ფაქტია, რომ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ბორის ჯონსონმა ვერ შეძლო საზოგადოების (და საკუთარი პარტიის) ნდობის შენარჩუნება და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მართლაც ყველაზე ენერგიულად აკრიტიკებდა რუსეთს, ეს მისთვის ინდულგენცია არ აღმოჩნდა.


ბორის ჯონსონის შემთხვევამ გვაჩვენა, რომ მკვეთრად პროდასავლური რიტორიკის უკან შესაძლოა დასავლური ღირებულებების ცინიკური უგულებელყოფა და რუსეთთან გაურკვეველი კავშირებიც კი იმალებოდეს.



ფოტო The Guardian

ზვიად ავალიანი
  • 18
  • 3380
0 Comments