წითელი ვერსია
  • 8
  • 10229

ბორის ჯონსონი პროფესიას იცვლის?

27 იანვარი 2024

უახლესი ისტორია გვიჩვენებს, რომ მედია კარგი „ტრამპლინია“ დიდ პოლიტიკაში მოსასვლელად. პოლიტიკურად აქტიური ფიგურები ხშირად იყენებენ მედიას, როგორც ერთგვარ „გარდამავალ საფეხურს“ - მედიის მეშვეობით ზრდიან საკუთარ ცნობადობას და მხარდაჭერას, ხოლო შემდეგ ამ აქტივებს წარმატებით იყენებენ პოლიტიკურ საქმიანობაში.


ამ „სქემაში“ უკანონო არაფერია - მითუმეტეს, რომ ბოლო პერიოდში მედია სულ უფრო და უფრო პოლიტიზებული ხდება, ხოლო ზღვარი პოლიტიკურ აქტივისტსა და პოლიტიკურ კომენტატორს შორის ხშირად მხოლოდ პირობით ხასიათს ატარებს.


თუმცა სწორედ ამ სპეციფიკის გამო, სასურველია აუდიტორია მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული პოლიტიკურად აქტიური მედიაპერსონების ბიოგრაფიის შესახებ, რათა მათგან მოწოდებული ინფორმაციის მიღებისას, მკითხველმა თუ მაყურებელმა გაითვალისწინოს სავარაუდო მოტივაცია და ის, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს სუბიექტურმა ფაქტორმა პოლიტიკურ ანალიზზე.


ამ მხრივ საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის - ბორის ჯონსონის საქმიანობაზე დაკვირვება, რომელიც თავდაპირველად პოლიტიკაში სწორედ მედიიდან მოვიდა (წლების მანძილზე ჯონსონი Spectator-ის რედაქტორი იყო), ხოლო კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარისა და პრემიერის პოსტიდან წასვლის შემდეგ კვლავ მედიას დაუბრუნდა - ამჯერად Daily Mail-ის პოლიტიკური კოლუმნისტის ამპლუაში.


ერთი სიტყვით, - ჯონსონი პოლიტიკიდან „შორს არსად წასულა“ და ბრიტანულ მედიაში იმასაც ამბობენ, რომ „დეილი მეილი“ ჯონსონისთვის ისევ მხოლოდ ტრამპლინია დიდ პოლიტიკაში დასაბრუნებლად.


ასეა თუ ისე, ჯონსონი სტატიებს წერს პოპულარული კონსერვატიული გამოცემისთვის და მისი წერილები ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.


ერთ-ერთი ასეთი „სკანდალურად გახმაურებული“ აღმოჩნდა ჯონსონის სტატია დონალდ ტრამპის შესახებ, რომელიც 19 იანვარს გამოქვეყნდა.


“მსოფლიოს შესაძლოა სწორედ ტრამპის გაპრეზიდენტება სჭირდება“ - წერს ჯონსონი სტატიის სათაურშივე და ამ სიტყვებში ალბათ არაფერი იქნებოდა სენსაციური, რომ არა ავტორის ვინაობა, დონალდ ტრამპის მიმართ მისი დამოკიდებულების ისტორია და ასევე სავარაუდო მოტივაცია, რომელიც სტატიაში ზედმიწევნით კარგად იკითხება.


ჯონსონის სტატია ტრამპის შესახებ რეალურად არის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე ამბიციის მქონე პიროვნების მიერ დაწერილი სიტყვა, სადაც მას იმდენი სუბიექტური ფაქტორის გათვალისწინება უწევს, რომ საბოლოო ჯამში, საკუთარ თავთან მოდის წინააღმდეგობაში.


მაგალითად, სტატიის მთელი პათოსი აშკარად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ჯონსონს სურს, რევერანსი გაუკეთოს ტრამპს იმ გათვლით, რომ მომავალში მისგანაც მიიღოს საპასუხო მხარდაჭერა. ეს ჯონსონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შანსები ამერიკაში თანდათან იზრდება.


ამასთან, ჯონსონს არც ჯო ბაიდენის მტრად მოკიდება სურს (რა იცი რა ხდება?) და მასაც „თავის წილ“ პატივს მიაგებს, რაც ისევ და ისევ, უფრო პოლიტიკური ლიდერისთვის დამახასიათებელ დიპლომატიურ ჟესტს ჰგავს სხვა ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ, ვიდრე ანალიტიკოსის პოზიციას.


და მართლაც, - თუ ბაიდენიც კარგი პრეზიდენტი იყო და ტრამპიც, მაშინ საერთოდ რა ინტრიგა აქვს ამერიკის წინასაარჩევნო კამპანიას ან რატომ ერევა ამ საქმეში ბრიტანეთის ყოფილი (და შესაძლოა ასევე მომავალი) პოლიტიკოსი?


ცხადია, რომ ჯონსონს სურს ასიამოვნოს ტრამპს, მაგრამ ისე, რომ არ აწყენინოს ბაიდენს და ეს უკვე თავის კვალს ამჩნევს სტატიის ხარისხს, - ის რომ პოლიტიკური ამბიციების არმქონე, ტრამპისტ ანალიტიკოსს დაეწერა, ბევრად უფრო მკაფიო იქნებოდა და არ დასჭირდებოდა „ყოველი შემთხვევისთვის“ ბაიდენთან „კონსტრუქციული ურთიერთობის შენარჩუნება“.


ჯონსონს არც ის ავიწყდება, რომ ტრამპის მიმართ მისი დამოკიდებულება და შეფასებები სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარი იყო და მკითხველის წინაშე „თავის გასამართლებლად“ უწევს იმის დაკონკრეტებაც, რომ კვლავ შეცდომად თვლის ტრამპის მიერ 2020 წლის არჩევნების შედეგების არაღიარებას და უარყოფითად აფასებს მის როლს 2021 წლის 6 იანვრის „კაპიტოლიუმის შტურმში“; თუმცა იქვე გვირჩევს, რომ ტრამპის ფიგურის შეფასებისას არა საარჩევნო ინტრიგებით, არამედ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდით ვიხელმძღვანელოთ.


მეტიც, - ჯონსონი, როგორც დიდ პოლიტიკაში „უფრო ადრე“ მოსული (2008 წელს ის ლონდონის მერი გახდა, ხოლო 2016-2019 წლებში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო) თავდაპირველად სერიოზულად არც კი აღიქვამდა ტრამპს და ცდილობდა მისგან, როგორც „პოპულისტისგან“ დისტანცირებას;


თუმცა ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ორ პოლიტიკოსს შორის ურთიერთობა გარკვეულწილად მეგობრულიც კი გახდა, მედია ამას ტრამპის და ჯონსონის „ბრომანსს“ უწოდებდა; როგორც კი ტრამპმა ძალაუფლება დაკარგა და კვლავ „ტოქსიკური“ გახდა, ჯონსონი ისევ გაემიჯნა ამერიკის ექსპრეზიდენტს.


დღეს უკვე ნათელია, რომ დონალდ ტრამპმა მოახერხა კრიზისის გადალახვა და მას აქვს რეალური შანსი, დაბრუნდეს თეთრ სახლში. ამის გამო ჯონსონი კიდევ ერთხელ იცვლის დამოკიდებულებას მის მიმართ და არ ავიწყდება ისიც, რომ ტრამპის მხარდაჭერისას საკუთარ იმიჯს არ უნდა დაუპირისპირდეს.


ამიტომ სტატიაში ტრამპი წარმოდგენილია, როგორც „რეალურად პროუკრაინელი“ და „რეალურად ეკოლოგისტი“ ლიდერი (?); თანაც ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ თავად ტრამპს არაერთხელ ღიად აქვს დაფიქსირებული საკუთარი პოზიცია ამ საკითხებზე და ის აშკარად არ ემთხვევა ჯონსონის საჯარო განცხადებებს.


მერე რა? ჯონსონი წერს, რომ ტრამპის დროს ამერიკელები უფრო გამდიდრდნენ, რაც აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ მაგალითად, ელექტრომობილი შეიძინო და საერთოდაც, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგია სულაც არ არის იაფი სიამოვნება.


როგორც ვხედავთ, კალმის ერთი მოსმით ბორის ჯონსონმა დონალდ ტრამპი... ეკოაქტივისტიც კი გამოიყვანა, რაც მის უდავო ნიჭიერებაზე მიანიშნებს; მაგრამ ამავე დროს ნათელია ისიც, რომ ჯონსონმა ეს სტატია დაწერა არა მკითხველისთვის, არამედ ორი ადამიანისთვის: - ერთი მათგანი დონალდ ტრამპია, მეორე თავად ბორის ჯონსონი, რომელიც ამ „ყველაზე მნიშვნელოვანი მკითხველის“ გულის მოგებას ცდილობს.


მთლიანობაში, ბორის ჯონსონის გახმაურებული წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყოფილი (და იმავდროულად სამომავლო ამბიციების მქონე) პოლიტიკოსები მედიაში რესპონდენტად უფრო საინტერესო არიან, - რადგან არსებული, წარსული თუ სამომავლო პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, მათგან თუნდაც მეტ-ნაკლებად ობიექტურ ანალიტიკას და მითუმეტეს, ჟურნალისტიკას არ უნდა ველოდოთ.


ფოტო bloomberg.com

ზვიად ლიპარტელიანი
  • 8
  • 10229
0 Comments