წითელი ვერსია
  • 7
  • 2765

ბევრი აქცენტი და ერთი ტაში

21 სექტემბერი 2022

ახალი სატელევიზიო სეზონის პირველ გადაცემაში „უცნობის კიდობანის“ წამყვანმა - გია გაჩეჩილაძემ, ზურაბ ჯაფარიძესთან საუბარი იმ განწყობით დაიწყო, რომ ჩვენს გარშემო გამეფებული სიძულვილის, განსხვავებული აზრის ვერატანის პირობებში, უპრიანია გამოვნახოთ სასაუბრო ენა, დავაახლოვოთ ხედვის და აღქმის წერტილები, რათა ამ რთული გლობალური თუ ლოკალური სიტუაციებიდან ერთობლივად ვიპოვოთ გამოსავალი.


თუმცა, ეს განწყობა ექსპოზიციურ ნაწილშივე გაქრა, ინტერვიუ კი ქართული სატელევიზიო თოქ-შოუებისთვის დამახასიათებელი აგრესიული ინფანტილიზმით წარიმართა.


გადაცემაში რამდენიმე ძალიან საგულისხმო აქცენტი გაკეთდა, თუმცა ქართულმა სოციალურმა მედიამ მხოლოდ ერთი კონკრეტული ეპიზოდი აიტაცა, და რომ არა მეორე დღეს, უფრო შემზარავად სიურეალისტური ამბავი - ბანკის ძარცვა ქუთაისში - ალბათ, მომდევნო დღის ბოლომდე მთავარ თემად დარჩებოდა ქართული საინფორმაციო სივრცის ტაბლოიდებზე.


ეპიზოდი შეეხებოდა 7 მილიონის თემას, რომელიც ზურაბ ჯაფარიძემ „უცნობთან“ საუბარში გაიხსენა და მეტი დამაჯერებლობისთვის, პირდაპირ ეთერშიც „დაგუგლა“, საიდანაც ამოიკითხა, რომ თავის დროზე, „უცნობის“ ძმას, ლევან გაჩეჩილაძეს, ეს თანხა საპარტნიორო ფონდიდან, სახელმწიფო რისკის ფასად აუღია.


7 მილიონის ამბავი კი ომის თემას მოჰყვა. წამყვანსა და გადაცემის სტუმარს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:


„უცნობი“: „მე მყავს შვილიშვილები და ვარ წყნარად, რომ ამ ქვეყანაში ცეცხლი არ ანთია...“


ზურაბ ჯაფარიძე: „ჩემს ძმასაც რომ ჰქონდეს შვიდი მილიონი მიღებული საპარტნიორო ფონდიდან, რომელსაც არ სთხოვენ და აჩუქებენ, შეიძლება მეც წყნარად ვყოფილიყავი, მაგრამ არა ვარ.“


ამ ეპიზოდს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ მედიაში - ზურაბ ჯაფარიძეს უქებდნენ სითამამეს, სამართლიანობას, ღირსებას. ამ ტაქტიკური სვლით აღებული უპირატესობა, „კიდობანის“ სტუმარს გადაცემის ბოლომდე აღარც დაუთმია.


თუმცა, ომის თემაზე დაწყებულ საუბარში, ზურაბ ჯაფარიძემ მეტად უცნაური და სიმპტომატური რამ თქვა:


კითხვაზე, რას ნიშნავს ჩვენი მხრიდან „შესაძლებლობათა ფანჯრის“ გამოყენება, მისი პასუხი ასეთი იყო:


„უკრაინისთვის შეიძლება რაღაც ტიპის მხარდაჭერა იყოს, რომ რუსეთის რაღაც ნაწილები აქ დააბა, და იმათ გაუადვილდეთ იგივე ბოროტების დამარცხება, რომელიც შენ გებრძვის ამდენი საუკუნეა... ათი ათასი კაცი რომ გააჩერონ აქ, პატარა საქმე არ არის, უკრაინისთვის რაღაც დახმარება იქნება.“


მიუხედავად იმისა, რომ ლოგიკა ყველაზე აბსურდულ აზრსაც აქვს, მაინც რთული აღსაქმელია ომის სარგებლიანობის ეს რეფლექსია. ამ აზრშიც რომ გავყვეთ და მოძმე უკრაინისთვის „რაღაც დახმარება“ ალალად გავიღოთ, ეს ბუნებრივად იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოს და აფხაზ თანამოქალაქეებს მივადგეთ და... სხვანაირად რუსული ჯარის „დაბმა“ წარმოუდგენელია, მსხვერპლისა და სისხლის გარეშე.


ცხადია, ეს ამდენწლიანი გაყინული კონფლიქტების, ჩატეხილი ხიდების, დანაღმული ურთიერთობების მოგვარების ყველაზე საშიში და მეტიც - ავადსახსენებელი გზაა.


ვერ ვიტყვით, სწორედ ამას გულისხმობდა თუ არა თავად ჯაფარიძე. დისკუსია ამ მიმართულებით აღარ გაშლილა.


თუმცა, ასეთმა შემართებამ „უცნობს“ „გირჩის“ რამდენიმე წლის წინანდელი პერფორმანსიც გაახსენა, საზღვრისპირა სოფელ ატოცთან - ჩემი აზრით, პირველ რიგში საკუთარი თავის/იდენტობის შეურაცხმყოფელი და მეორე რიგში, სრულიად კონტრპროდუქტიული ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო დისკურსში.


მაგრამ, თუ გახსენებაზე მიდგება საქმე, ჯაფარიძემაც ისეთები გაიხსენა, რამაც მომენტალურად განაიარაღა მორალურ-ეროვნულ-მამულიშვილურ პედესტალზე ნიშნის მოგებით მდგომი წამყვანი.


თავად საუბარი კი, როგორც კულტურულ-სოციალური აქტი, დატოვა მორიგ ფიქციად, ვერშემდგარი მსჯელობის და დაუძლეველი მენტალურ-იდეოლოგიური ბარიერების ნიმუშად.


მედია ყველაფერზე უნდა რეფლექსირებდეს, მით უფრო, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ომი, ოკუპაცია და ჩვენი პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიმართ. ოღონდ, ამას სჭირდება კომპლექსებისგან და ინფანტილიზმისგან დაცლილი აქტორები და ნარატორები - ისინი, ვინც მართლა გრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარი სიტყვისა და ქმედების წინაშე. ვისთვისაც მართლა მნიშვნელოვანია მსჯელობა და ჯანსაღი კამათი ჩვენს ეგზისტენციალურ საზრისზე, გლობალური ვითარების/შესაძლებლობების და ისტორიული გამოცდილების გამოყენებაზე, გადარჩენის გზებზე.


საზოგადოების/მაყურებლის მხოლოდ ერთ საკითხზე აქცენტირებულმა რეაქციამ და მუდმივად ვინმეს ჯიბრში დგომის წყურვილმა კი აჩვენა, რომ ჩვენი კიდობანი ჯერ ისევ ფატალურ-მენტალურ ქიმერებს ებრძვის და ზეთისხილის რტომდე, მინიმუმ, 30-წლიან ისტორიაზე პირუთვნელი ფიქრის მანძილია...


ნინია სადღობელაშვილი
  • 7
  • 2765
0 Comments