წითელი ვერსია
  • 2
  • 8242

ავთენტური თუ ავთენტიკური?

16 აგვისტო 2021

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!

(ნაწილი XVI)


ბოლო რამდენიმე წელია მოდურ სიტყვად მოგვევლინა ზედსართავი სახელი ავთენტიკური, ბერძნული წარმომავლობის სიტყვა (αὐθεντικός), რაც ქართულად: ნამდვილს, სარწმუნოს, პირველწყაროზე დაფუძნებულს ნიშნავს (ინგლისურად: authentic, ფრანგულად: authentique, გერმანულად: authentisch, რუსულად: автентический).


ადრე ეს სიტყვა ერთობ იშვიათად გამოიყენებოდა, ძირითადად სამეცნიერო ტექსტებში. ამჟამინდელი მისი გააქტიურება, სამწუხაროდ, ყოვლად ამაზრზენი მოვლენის – პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული (ნამდვილი თუ გაყალბებული) ვიდეო- და აუდიოჩანაწერებისა თუ ფოტოსურათების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით გასაჯაროებამ გამოიწვია. თანაც ამ სიტყვის უმართებულო ფორმამ – ავთენტურმა – დაჩაგრა მართებული ფორმა – ავთენტ-იკ-ური:


მათი გამოყენების სიხშირე ინტერნეტსაძიებლის 10 აგვისტოს მონაცემების მიხედვით ასეთია:


ავთენტიკური: დაახლ. 3.120 (0,27 წამში),


ავთენტური: დაახლ. 341.000 (0, 32 წამში).


მაგალითები:


„ჩანაწერის ავთენტურობა ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ“

(radiotavisupleba.ge 10.03.2021);


„ჩანაწერების ავთენტურობა რამდენიმე ადამიანმა დაადასტურა“

(tabula.ge 02.08.2021);


„საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც უწყება ეჭვს გამოთქვამს გუშინ [...] გასაჯაროებული ფოტომასალის ავთენტურობაზე

(fortuna.ge 09.09.2020);


„არავის მოსვლია აზრად, ნარიყალა ავთენტური მასალით ამოეშენებინა“

(tvpirveli.ge 29.04.21);


„დღეიდან ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება – ლიეტუვა დამკვიდრდა“

(allnews.ge 24.05.2018).


ავთენტური იმიტომ არის არასწორი, რომ -ურ- სუფიქსის ჩამოცილების შემდეგ გვრჩება ავთენტ-ი, ასეთი სიტყვა კი არ არსებობს (მართებული ფორმის შემთხვევაში -ურ- სუფიქსის ჩამოშორების შემდეგ რეალურად არსებული სიტყვა უნდა დარჩეს, მაგალითად: ქალაქ-ურ-ი – ქალაქ-ი), სემანტ-იკ-ური – სემანტიკ-ა, ხოლო ავთენტიკური კი იმიტომ არის სწორი, რომ მისთვის -ურ- სუფიქსის მოშორების შემდეგ გვრჩება არსებითი სახელი ავთენტიკ-ა, რომელიც უცხო ენებშიც გვხვდება (რუსულად მისი ერთ-ერთი მნიშვნელობა არის „ნამდვილი აქტი“ – „Подлинный акт“) და ქართულშიც – მუსიკის მკვლევრები იყენებენ.


მაგალითი მუსიკათმცოდნეობითი ნაშრომიდან:


„ზოგადად ‘ავთენტიკა’ ოთხი ძირითადი რაკურსით განსაზღვრავს ცნება ‘ნამდვილის’ ადეკვატურ ტრადიციულ სტილს...“ („ქართული ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობა - თანამედროვე რაკურსი“. ავტორი თამაზ გაბისონია. ამ ნაშრომში მრავლად ვხვდებით ასეთ სინტაგმებს: „ავთენტიკური შემსრულებელი“, „ავთენტიკური რეპერტუარი“, „ავთენტიკური ფოლკლორი“).


ავთენტური (ავთენტ-იკ-ურის მაგივრად) ისეთივე უმართებულოა, როგორიც იქნებოდა გრამატული (გრამატ-იკ-ულის მაგივრად), სტატური (სტატ-იკ-ურის მაგივრად) ანტური (ანტ-იკ-ურის მაგივრად) ან ეთური (ეთ-იკ-ურის ნაცვლად). და თუკი „ავთენტური“ ამათსავით არ გვჭრის ყურს, ეს ალბათ იმიტომ, რომ იგი (მართებულ) „სტუდენტურს“, „დისიდენტურს“, „პარლამენტურს“... წააგავს ჟღერადობით და ცდილობს მათ მარაქაში გაერიოს.


ამრიგად, სწორი ფორმაა და მეტყველებაშიც და წერის დროსაც უნდა გამოვიყენოთ ავთენტიკური, როგორც ამას გვთავაზობს ქართული ენის ორთოგრაფიული, განმარტებითი (მათ შორის – უცხო სიტყვათა) ლექსიკონები.


ლევან ბრეგაძე
  • 2
  • 8242
0 Comments