წითელი ვერსია
  • 9
  • 4704

ასო-ბგერებმა ადგილები გაცვალეს?!

21 ივლისი 2024

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!

(ნაწილი XXXVII)



ჩვენი ბლოგების კომენტარებში მკითხველები გავრცელებული ენობრივი შეცდომების ნიმუშებს გვთავაზობენ და გვთხოვენ, მათზეც ვთქვათ რამე.


შემოთავაზებულთაგან ნაწილზე უკვე გვქონდა საუბარი წინა ბლოგებში, უმეტესობა კი ისეთი ენობრივი დამახინჯებებია, რომლებიც მხოლოდ სასაუბრო მეტყველებაში ისმის და შეიძლება "ფეისბუკის" პოსტებსა და ინტერნეტფორუმების ტექსტებში შეგვხვდეს, ჩვენ კი მასმედიის ენის მდგომარეობა გვაინტერესებს, ანუ იმ შეცდომებსა თუ უზუსტობებზე ვამახვილებთ ყურადღებას, რაც ჟურნალისტების მიერ მომზადებულ ტექსტებში გვხვდება, რასაც რუბრიკა „მედიაკრიტიკაც“ მოწმობს.


აი, ასეთი არასწორი ფორმების დაგმობას გვთხოვენ: ფეღბურთი (ნაცვლად ფეხბურთისა), თბილიში (ნაცვლად მართებული ფორმისა – თბილისში), ეხა (ეხლა/ახლას ნაცვლად), შემილია (შემიძლიას მაგივრად) და სხვ.


ამათი გამართლება არ შეიძლება, მაგრამ ისინი საინტერესოა, როგორც დაკვირვების ობიექტები, ვინაიდან რომელიმე ფონეტიკური მოვლენის ილუსტრაციას წარმოადგენენ.


ამ ფონეტიკური მოვლენების შედეგად, შორეულ წარსულში იცვლებოდა სიტყვათა ბგერითი შემადგენლობა და არასწორი ფორმა ნორმად იქცეოდა (მაგ. ლელწამიდან განმსგავსების, ანუ დისიმილაციის შედეგად მივიღეთ ლერწამი, რაც ნორმად დამკვიდრდა კიდეც, მაგრამ ბეჭდვითი სიტყვის მასობრივი გავრცელების ხანაში მსგავსი ცვლილების შედეგად მიღებული ფორმები ნორმის სტატუსს ვეღარ იხვეჭენ).


საზოგადოდ, ზეპირმეტყველება დაუდევრობით გამოირჩევა, რასაც სხვადასხვა მიზეზი (ზოგი ობიექტური, ზოგიც სუბიექტური) შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ მას ისეთი სიმკაცრით ვერ მოვეკიდებით, როგორ სიმკაცრესაც მასმედიის ენის მიმართ უნდა ვიჩენდეთ.


გარდა ამისა, ვერც მასმედიაში შემჩნეულ ისეთ უზუსტობებს გამოვეკიდებით, რომლებიც შემთხვევით, ყოველ შემთხვევაში, არატიპობრივ, ნაკლებგავრცელებულ ლაფსუსებს წარმოადგენენ.


ჩვენი ინტერესის საგანი ფართოდ გავრცელებული ენობრივი უზუსტობებია, რომლებიც ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მეტისმეტად ხშირად გვხვდება (შეგახსენებთ ჩვენი რუბრიკის სახელწოდებას: „ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!“).


ერთ ასეთ ძლიერ გავრცელებულ უზუსტობაზე ვილაპარაკებთ დღევანდელ ბლოგშიც.


არსებითი სახელის თვალი-საგან იწარმოება ზმნა „ათვალიერებს“ და მიმღეობა „დამთვალიერებელი“.


როგორც სასაუბრო, ასევე მასმედიის ენაშიც ერთობ გავრცელებულია ამათი ისეთი ვარიანტი, რომელშიც „ლ“ და „რ“ ადგილებს ცვლიან:


„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა [...] რუსთავში მეგობრობის გამზირის სარეაბილიტაციო პროცესი დაათვარიელა“;


„საქართველოს პრეზიდენტმა, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, შავი ზღვის ტერმინალი, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვარიელა";


„ამასთანავე, გამოფენის ფარგლებში დამთვარიელებელს შესაძლებლობა ექნება, იხილოს ქართველი ქუჩის მხატვრების [...] მიერ მუზეუმის კედლებზე შესრულებული ნამუშევრები“;


„ეს გახლავთ მცირე ჩამონათვალი იმ სანახაობებისა, რომელსაც კაპადოკია იქ ჩასულ დამთვარიელებელს სთავაზობს“;


„ზოოპარკში მაიმუნმა დამთვარიელებელს ბანანი მოსთხოვა და შემდეგ უკან ქერქი გადაუგდო“;


„ექსპოზიციას დამთვარიელებელი 1 აგვისტომდე იხილავს“;


„გალაკტიონ ტაბიძის ლექსებზე შექმნილ ილუსტრაციებს სხვა ნამუშევრებთან ერთად დამთვარიელებელი პირველად იხილავს“.


*


„დაათვა--იე--ა“-ს ადგილას ყველგან „დაათვა--იე--ა“ უნდა იყოს, ხოლო „დამთვა--იე--ებელი“ „დამთვა--იე--ებლით“ უნდა ჩანაცვლდეს.


ძნელი სათქმელია, რა ფონეტიკურ მოვლენასთან გვაქვს აქ საქმე. ამას ვერც ასიმილაციას (დამსგავსებას) დავარქმევთ (არასაჭიროს და არასწორს, ცხადია!), ვერც დისიმიმილაციას (განმსგავსებას) და ვერც სუბსტიტუციას (შენაცვლებას), თუმცა ცოტათი ყველა ამათგანს მოგვაგონებს.


განხილულ ნიმუშებში „ლ“ და „რ“, უბრალოდ, ადგილებს ცვლიან, რაც ისევე უცნაური ჩანს, როგორი უცნაურიც, მაგალითად, ის იქნებოდა, ვინმეს „მრევლის“ მაგივრად „მლევრი“ ეთქვა და დაეწერა, ან კიდევ – „მრავალის“ ნაცვლად „მლავარი“.


ლევან ბრეგაძე
  • 9
  • 4704
0 Comments