წითელი ვერსია
  • 8
  • 8319

არშემდგარი ინტერვიუს ქრონიკა

25 სექტემბერი 2022

დრო - 40 წუთი. მზადება, გასაუბრება, კამერები. ჟურნალისტის სავარძელში - კრისტიან ამანპური, მოპირდაპირე მხარეს - სტუმრის სავარძელი ცარიელია.


შემდეგ, ამ სცენის ამსახველი ფოტო ამანპურის ტვიტერის გვერდზე და ჟურნალისტის განცხადება - ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ინტერვიუ ჩაიშალა.


ირანში მიმდინარე მოვლენები ახლა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაკავებული ახალგაზრდა ქალის დაღუპვამ მწვავე პროტესტი გამოიწვია.


უკვე მეორე კვირაა, ისლამურ რესპუბლიკაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, სოციალური ქსელი კი სავსეა ფოტო და ვიდეომასალით, სადაც ქალები თმას იჭრიან, ჰიჯაბებს წვავენ;


ამავდროულად ირანის პრეზიდენტი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩადის და კრისტიან ამანპური მასთან ინტერვიუს ათანხმებს. ამანპურის არქივში იძებნება ირანის ყველა პრეზიდენტთან ჩაწერილი ინტერვიუ, რომლებიც ქვეყანას 1995 წლის შემდეგ მართავდნენ. იბრაჰიმ რაისისთან საუბარი პირველად დაიგეგმა.


ინტერვიუს მზადება გეგმის მიხედვით მიდიოდა, სანამ პრეზიდენტის მხრიდან მოულოდნელი მოთხოვნა არ გაჩნდა - ჟურნალისტი თავსაბურავით უნდა დამჯდარიყო ეთერში.


კრისტიან ამანპური ამბობს, რომ დაუყოვნებლივ თქვა - არა!


როცა ჟურნალისტები ვიწყებთ პროფესიული სტანდარტების სწავლას, ყოველთვის ვეძებთ საუკეთესო მაგალითებს, ვეყრდნობით ისეთ პროფესიონალებს, როგორიც ამანპურია, და ამ შემთხვევაში სწორედ მისი გადაწყვეტილება გახდა მსჯელობის საგანი.


ალბათ ყველას გახსოვთ ცნობილი გამოთქმა - ჟურნალისტს თუ კარიდან არ უშვებენ, ფანჯრიდან უნდა შევიდესო. მსგავსი შემთხვევებიც გვინახავს. ამ გამოთქმას შეფარებული და პროფესიის ფარგლებს გაცდენილი ქცევაც მრავლად გვახსოვს. მაგრამ ძირითად შემთხვევებში, დაუწერელი კანონები მუშაობს მაშინ, როცა ჟურნალისტი ახალი ამბის მოპოვებას ცდილობს.


ამანპურის შემთხვევა კი განსხვავებულია. მრავალწლიანი კარიერის მანძილზე მას ჰქონია არაერთი ინტერვიუ მსოფლიო მრავალი ქვეყნის ლიდერთან, მათ შორის ავღანეთში, ერაყში, ირანში. მას არასდროს უთქვამს უარი ამა თუ იმ ქვეყნის კანონის თუ ტრადიციის დაცვაზე, თუ ინტერვიუ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე იწერებოდა.


ამჯერად ინტერვიუ დაგეგმილი იყო ნიუ-იორკში, CNN-ის პავილიონში, ამანპურის საავტორო გადაცემაში.


ჩაშლილი ინტერვიუს შემდეგ, CNN-ის ახალ ამბებში სტუმრად მიწვეულმა ჟურნალისტმა თქვა - “იბრაჰიმ რაისის ალბათ შეეშინდა, გამოჩენილიყო ქალთან ერთად, რომელსაც თავი აქვს მოშიშვლებული. მას ალბათ არ უნდოდა მსოფლიოს წინაშე ასე გამოჩენილიყო. მე კი ვთქვი - არა. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, ჩემი, CNN-ის და ყველა ჟურნალისტი ქალის სახელით. ასეთ რთულ მომენტში, როდესაც ირანის ქუჩებში ადამიანები საკუთარი უფლებების დასაცავად გამოდიან, ასეთი მოთხოვნა, მოულოდნელად, უკანასკნელ მომენტში, ინტერვიუს დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მიუღებლად მივიჩნიე. შედეგად, სამწუხაროდ, პრეზიდენტის გუნდმა ინტერვიუ გააუქმა.“


ამანპურმა ამ თემაზე თავისი კოლეგის, ანდერსონ კუპერის გადაცემაშიც ისაუბრა; თქვა, რომ პრეზიდენტი ჟურნალისტური პრინციპების წინააღმდეგ წავიდა და ბუნებრივია, გადაცემის ავტორი ასეთ შეთავაზებას არ დათანხმდებოდა.


ამ ბლოგის წერის დროს მეც დავფიქრდი, რას ვიზამდი მე, რას ვიზამდით ჩვენ, სხვა ჟურნალისტები?... მგონი, შეკითხვა უფრო მეტი მაქვს, ვიდრე პასუხი.


სად გადის ზღვარი პროფესიულ ინტერესსა და ღირსებას შორის?


სად არის ლიმიტი, რომელმაც უნდა შეაჩეროს პროფესიული აზარტი? უნდა დავთანხმდეთ კი ყველა პირობას მასალის მოპოვებისთვის? საბოლოოდ, მასალა უფრო მნიშვნელოვანი ხდება თუ ჩვენი ნაბიჯი?


და ამ შეკითხვებში ჩაძირული, youtube არხის სიგნალმა გამომაფხიზლა. ინდოეთის გლობალურმა საინფორმაციო ქსელმა „wion“ ახალი ვიდეო გამოაქვეყნა. შევხედე, - ვიდეოს და ჩემი ბლოგის სათაური უცნაურად დაემთხვა - იქაც ამანპური, ჰიჯაბი, ცარიელი სავარძელი. რა თქმა უნდა, მაინტერესებს.


ვხსნი ვიდეოს და წამყვანი იწყებს ტექსტს: „ჟურნალისტიკის ოქროს წესია, არასდროს გახდე ახალი ამბავი. ჟურნალისტი უნდა იყოს ხიდი - ნიუსის შემქმნელს და აუდიტორიას შორის. თუმცა, ხანდახან ჟურნალისტები ამ წესს არღვევენ. ამანპური აბსოლუტურად თავისუფალია გადაწყვეტილებაში - მისი უფლებაა, თავსაბურავს დაიხურავდა თუ არა, მაგრამ მან საკუთარი თავი აქცია ახალ ამბად“.


ეს უკვე სხვა რაკურსით დანახული ისტორია იყო.


Google-ში ირანის ამბების ძიებისას შევამჩნიე, რომ მართლაც, ამერიკულ მედიაში, ბოლო რამდენიმე დღის ახალი ამბავი ამანპურის სახელით უფრო იწყებოდა, ვიდრე ირანელი ქალების პროტესტით.


იქნებ ვერშემდგარმა ინტერვიუმ მართლაც გადაფარა მთავარი პრობლემა? იქნებ ამანპურმა დაკარგა შანსი, ყოფილიყო ერთადერთი, ვინც მწვავე შეკითხვებს დაუსვამდა ირანის პრეზიდენტს?


რთული სათქმელია, - ვინ მოიგო ამ ისტორიაში.


უფრო ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა, თუ ამანპური მართლაც თავსაბურავით გამოჩნდებოდა ეთერში. ამ კადრებით აჭრელდებოდა მთელი მსოფლიოს ონლაინ-გამოცემები და სოციალური მედია...


შეერთებულ შტატებში უყვართ სიმბოლოები. კრისტიან ამანპურს, თითქმის 40-წლიანი სატელევიზიო კარიერის შემდეგ უკვე შეუძლია თქვას - მე ვარ ამერიკა. მისი თანხმობა მთელ მსოფლიოს აჩვენებდა, როგორ დაახურა ირანმა ჰიჯაბი ამერიკული ჟურნალისტიკის სიმბოლოს.



ფოტო BBC

მარიკა ბაკურაძე
  • 8
  • 8319
0 Comments