წითელი ვერსია
  • 10
  • 5396

აფხაზეთზე უფრო მნიშვნელოვანი (?) თემები ქართულ მედიაში

13 თებერვალი 2022

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დეოკუპაცია, აფხაზ და ოს ძმებთან (და დებთან) შერიგება, დევნილთა სახლებში დაბრუნება - ბოლო 30 წელია ეს ფრაზები ქართული მედიალექსიკონის განუყოფელ ნაწილად იქცა.


გასაგებია, რომ ჟურნალისტი (ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანი) შესაძლოა ყოველთვის გულწრფელი არ იყოს, თუმცა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ყველასთვის იმდენად მტკივნეული თემაა, რომ ამ შემთხვევაში ალბათ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უმეტესობა არ იტყუება და ეს პრობლემები მედიის წარმომადგენლებსაც აწუხებთ.


მაგრამ თუ ასეა, მაშინ როგორ შეიძლება ავხსნათ ის ფაქტი, რომ ქართული მედია იშვიათად თუ აშუქებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და მაშინაც კი, როცა იქ გამორჩეულად საინტერესო ამბები მიდის, ქართული მედიიდან ამ ამბების შესახებ ფაქტობრივად ვერაფერს ვიგებთ?


„იქ“ მიმდინარე მოვლენებს, შესაძლოა, ახალი ამბების გამოშვებაში დაეთმოს მცირე დრო და სულ ეს არის. სერიოზულ გადაცემებსა და მსჯელობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე მე პირადად ვერ ვიხსენებ (ყოველ შემთხვევაში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში).

წამყვანები და მათი რესპონდენტები, როგორც წესი, შიდაპოლიტიკური პერიპეტიებისა და სკანდალების გარჩევით არიან დაკავებული. ამ დროს კი შეიძლება, მაგალითად, იგივე აფხაზეთში გაცილებით საყურადღებო რამ ხდებოდეს.

დიახ, აფხაზეთში ნამდვილად ხშირად ხდება „რაღაც“, რაც წესით და რიგით, ჩვენს მედიას უნდა აინტერესებდეს. სოხუმის მმართველ რეჟიმს კრემლისგან ავტონომია რაღაც დოზით ისევ აქვს შენარჩუნებული და სწორედ ეს განაპირობებს მოვლენების „უფრო საინტერესო“ სცენარით განვითარებას.


თუმცა ჩვენი მედია ამ განსხვავებასაც იშვიათად ამჩნევს. ჩვენს მედიაში ორივე რეგიონი „სტანდარტულად“ ოკუპირებულ ტერიტორიად მოიხსენიება და შიდა განსხვავებების ძიებით თავს დიდად არავინ იწუხებს.


ოკუპირებული ოკუპირებულად, მაგრამ ამგვარი „გათანაბრება“ ქართულ საზოგადოებაში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სოხუმის რეჟიმი ისევე კონტროლდება მოსკოვის მიერ, როგორც ცხინვალის რეჟიმი, რაც უკვე არასწორია. არასწორ წარმოდგენებზე დაფუძნებით კი შეუძლებელია სწორი დამოკიდებულების და პოზიციის შემუშავება.


მაგალითად, სოხუმის რეჟიმმა ორი წლის წინ ერთი შეხედვით წარმოუდგენელი რამ გაბედა და საკუთარ „საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში“ შეიტანა პუნქტი ჟენევის ფორმატის პარალელურად, თბილისთან დიალოგისთვის დამატებითი ფორმატების შექმნის საჭიროებაზე.


ვინც ასე თუ ისე ერკვევა აფხაზურ საქმეებში, წესით, უნდა იცოდეს როგორი სკანდალი ტყდება იქ ქართულ მხარესთან ნებისმიერი კონტაქტის გამო. შესაბამისად, ასეთი პუნქტის ჩაწერა დიდ პოლიტიკურ გამბედაობას მოითხოვდა და აშკარას ხდიდა, რომ სოხუმის ახლანდელი მმართველი რეჟიმი თბილისის მიმართ „განსხვავებულად“ იყო განწყობილი და დაახლოებისათვის ნიადაგს სინჯავდა.


საგულისხმოა ისიც, რომ სოხუმის რეჟიმს აქამდე ოფიციალურად არასოდეს დაუფიქსირებია თბილისთან დიალოგის სურვილი (და აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ დიალოგის სანაცვლოდ სოხუმი არანაირ აღიარებას არ ითხოვდა).


ასეთი რამ მითუმეტეს რთულია 2008 წლიდან მოყოლებული - ანუ მას შემდეგ, რაც აფხაზეთზე მოსკოვის კონტროლი ადრინდელზე მეტად გაიზარდა. შესაბამისად, წესით და რიგით ამ ინიციატივას ქართული მხრიდან ადეკვატური გამოხმაურება თუ არა, ყურადღება მაინც უნდა მოჰყოლოდა.


ამ ეტაპზე დავანებოთ თავი პოლიტიკოსებს, რომლებიც ყველა საშუალებას უნდა იყენებდნენ აფხაზურ საზოგადოებასთან კონტაქტის გასააქტიურებლად და ვილაპარაკოთ მხოლოდ მედიაზე: დაუთმო თუ არა მედიამ ამ თემას ისეთი ყურადღება, როგორსაც ის იმსახურებდა?


ბოლოს და ბოლოს, თუ პოლიტიკოსებს არ აინტერესებდათ ან ამა თუ იმ მიზეზით თავს იკავებდნენ გადაცემებში მონაწილეობისგან, მედიას შეეძლო ექსპერტებად და ანალიტიკოსებად წოდებული ადამიანები მიეწვია გადაცემებში და მათთან ერთად ეცადა გაერკვია - რას შეიძლება ნიშნავდეს ამგვარი სიგნალები სოხუმიდან.


ბედმა ისე ინება, რომ თბილისთან დიალოგის დამატებითი პლატფორმების შექმნის ინიციატივის ჩაწერა აფხაზეთის „საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში“ ჩვენთან პარლამენტში ოპოზიციის შესვლა-არშესვლის დილემას დაემთხვა.


ალბათ ეს საპატიო მიზეზია იმისთვის, რომ მედიამ მაშინ აფხაზეთისთვის „ვერ მოიცალა“ და ამ ამბავს გაგებით უნდა მოვეკიდოთ: ბოლოს და ბოლოს, რა დროს აფხაზეთია (?!), როცა ძალაუფლების განაწილების საკითხი წყდება და უნდა გაირკვეს, შევა თუ არა ესა თუ ის პარტია პარლამენტში. მაგრამ საქმე ისაა, რომ აფხაზეთში ახლაც საინტერესო პროცესები მიდის.


მოვლენებს თუ ქრონოლოგიურად გავყვებით, სოხუმის რეჟიმმა პოლიტიკურ ისტერიკებს (ან ზეწოლას) ვერ გაუძლო და საბოლოო ჯამში კონცეფციიდან თბილისთან დიალოგის საჭიროებაზე პუნქტი ამოიღო.


მეტიც, მალე ე.წ. საგარეო მინისტრად სოხუმში ვლადისლავ სურკოვის კადრი - ინალ არძინბა დაინიშნა, რომელიც ქართულ მხარესთან ყველა კონტაქტის დაბლოკვას ცდილობს. თუკი მეტყვით, რომ მედია ამ თემებს ფეხდაფეხ მიჰყვება და სერიოზულ ყურადღებას უთმობს - ძალიან გამეხარდება, თუმცა თუკი მეტყვით რომ ქართული მედია აფხაზეთისთვის უბრალოდ „ვერ იცლის“ ისევ გაგებით მოვეკიდები: ალბათ, შიდა პოლიტიკაში კვლავ ხდება რაიმე უფრო მნიშვნელოვანი. ხუმრობა იქით იყოს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იოლი რომ არ იქნება ალბათ ყველანი ვთანხმდებით.

ამ გზაზე დასაწყისისათვის აუცილებელია შიდა დისკუსია, მოვლენების დინამიკაში გააზრება და მუდმივად ცვალებადი სიტუაციის ყოველდღიური ანალიზი.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში ბოლო პერიოდში მომხდარი გეოპოლიტიკური რყევების ფონზე, რის შედეგადაც საქართველოსთვის უსაფრთხოების კუთხით გარემო ადრინდელზე უფრო დამძიმდა.


აქედან გამომდინარე დღეს განსაკუთრებით საჭიროა დებატები და დისკუსიები ისტერიკებისა და პოპულიზმის გარეშე, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს უფრო ადეკვატურ დასკვნებთან, პოზიციებთან და კონსენსუსთან მტკივნეულ საკითხებთან მიმართებაში, რაც ნამდვილად გვჭირდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად გავაგრძელებთ ერთი ადგილის ტკეპნას და სასწაულის ლოდინს.


ასეთი დისკუსიები და დებატები კი მედიის გარეშე ვერ შედგება.


/ფოტო Sovietmodernism.com/



  • 10
  • 5396
0 Comments