წითელი ვერსია
  • 0
  • 2389

აქცია „სანქცია“

11 ივლისი 2020

პოლიტიკური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები უკვე კარგა ხანია, ცდილობენ „ქართული ოცნება“ წარმოაჩინონ ანტიდასავლურ ძალად, რომელიც დევნის ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირე სახელმწიფოებიდან მომავალ ბიზნესს და ამით უწყობს რუსული კაპიტალის გაზრდასა და გაძლიერებას. შედეგად, დასავლელი პარტნიორები იძულებული არიან, დაიცვან თავიანთი ინტერესები და, კანონზომიერად, სანქციები დაუწესონ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მთავრობას, არამედ, მთლიანად, ქვეყანას.


7 ივლისს „მთავარი არხის“ 9-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც სწორედ ამ მოსაზრების გამყარებას ისახავდა მიზნად. სიუჟეტში ერთმანეთს დაუკავშირეს აშშ-ის კონგრესში დარეგისტრირებული კანონპროექტი (რომელიც რატომღაც „სანქციად“ მოიხსენიეს) და ცნობილი „ფრონტერას საქმე“. ეს სიუჟეტი, რომელიც მაყურებელს მცდარ ინფორმაციასა და დასკვნებს აწვდის, მედიის მხრიდან ფაქტებითა და შეფასებებით მანიპულაციის თვალსაჩინო ნიმუშია.


მაგალითად, სიუჟეტის დასაწყისში წამყვანი გვაუწყებს, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სანქციები დაუწესა. მეტიც, ჟურნალისტი ამბობს, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ქვეყანა დაისაჯა დემოკრატიული უკუსვლისთვის, კორუფციაში ჩაფლობისა და ამერიკული ბიზნესის დევნისთვის, თუმცა სიუჟეტის ბოლოს ირკვევა, რომ სინამდვილეში საქმე გვაქვს არა სანქციასთან, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ინიციატივასთან, რომელიც ან დამტკიცდბა, ან არა; თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კანონპროექტი თურმე გულისხმობს არა სანქციის დაწესებას, არამედ იმის დადგენას, რა პირობით გადაეცემა საქართველოს მისთვის დახმარების სახით გამოყოფილი 132 მილიონი დოლარი.


ინიციატივის თანახმად, გამოყოფილი დახმარების 15% შეიძლება არ გაიცეს მანამ, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ მიაწოდებს კონგრესს ინფორმაციას საქართველოში არსებულ დემოკრატიულ პროცესებზე და არ დაადგენს, ხომ არ განიცადა ქვეყანამ უკუსვლა ამ თვალსაზრისით. ანუ, საუბარი არ არის არავითარ სანქციაზე და კანონპროექტის წარდგენილი რედაქციით მიღების შემთხვევაშიც კი დახმარების ხსენებული ნაწილი, სავარაუდოდ, არც იქნება დაკავებული, რადგან ამისთვის საჭირო იქნება, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ თბილისში აშშ-ის ელჩისგან მიიღოს უარყოფითი შეფასებები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე.


აქ საქმე გვაქვს საკმაოდ ხანგრძლივ პროცესთან, რომლის შედეგებსაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, ალბათ, არ უნდა ველოდეთ. თუმცა, სიუჟეტის ავტორები მიზნად ისახავდნენ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობის შექმნას და იმ მოსაზრების განმტკიცებას, თითქოს სანქციები დაწესდა და ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება.


„მთავარი არხის“ ხელმძღვანელობამ, ცხადია, იცის, რომ ტელემაყურებლების უმრავლესობა ჩახედული არ არის აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის სპეციფიკაში და რიგითი მოქალაქე, ალბათ, არც კი დაიწყებს დეტალებში ჩაძიებას. ეს კი არხს უადვილებს მიზნის მიღწევას − მცდარ ინფორმაციაზე დაყდრნობით ხელისუფლებისადმი უარყოფითი განწყობა შექმნას.


აღსანიშნავია, რომ „მთავარი არხის“ ზემოხსენებულ სიუჟეტში, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების კრემლის მოკავშირედ „გამოყვანის“ სხვა მცდელობებში მანიპულაცია არ ამოიწურება მხოლოდ არარსებული სანქციების გამოგონებით. „მთავარი არხი“ აქტიურად ადანაშაულებს ხელისუფლებას ამერიკული ბიზნესის შევიწროებაში და მაგალითებად მოჰყავს კომპანიები „ფრონტერა რისორსი“, „ჯორჯიან მანგანეზი“ და „იაკონია კაპიტალი“.


2 ივნისის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მაყურებელმა მოისმინა „ფრონტერა რისორსის“ დირექტორის ზაზა მამულაიშვილის და „იაკონია კაპიტალის“ დირექტორის, სეტ ჩანის კომენტარებიც. ბიზნესმენთა მტკიცებით, სახელმწიფო პრობლემებს უქმნის ამ კომპანიებს, ხოლო კონგრესმენების შენიშვნებს ყურადღებას არ აქცევს, თუმცა სიუჟეტში საერთოდ არ უხსენებიათ ის გარემოება, რომ იმავე „ფრონტერა რისორსის“ შემთხვევაში საქმე გვაქვს კომპანიასთან, რომელიც 2020 წლის აპრილში ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ გაამტყუნა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“ სამართლებრივ დავაში.


სეტ ჩანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არასოდეს მოუტანია რაიმე არგუმენტი იმის დასამტკიცებლად, რომ შეერთებული შტატების კონგრესის ზოგიერთი წევრის კრიტიკა ლობისტური საქმიანობის შედეგია, თუმცა ცნობილია, რომ რესპუბლიკელ კონგრესმენს პიტ ოლსონს, რომელმაც მთელი გამოსვლა მიუძღვნა „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ „ფრონტერას“ „დევნის“ საკითხს, აქტიურად აფინანსებს სწორედ „ფრონტერა“.


სხვათა შორის, კონგრესმენის არგუმენტები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მაგალითად, ოლსონმა განაცხადა, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ამერიკული ბიზნესი იმიტომ განდევნა, რომ ქართული გაზი ვლადიმირ პუტინისთვის გადაეცა, თუმცა ამ საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია და დარწმუნდეს, რომ საქართველოში საერთოდ არ არის აღმოჩენილი ბუნებრივი გაზის სერიოზული მარაგი. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი თეორიულადაც კი ვერ გადასცემდა რუსეთის პრეზიდენტს იმას, რაც ქვეყანას, უბრალოდ, არ გააჩნია.


დაბოლოს, ცალკე უნდა გაესვას ხაზი იმ გარემოებას, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ასეთ სიუჟეტებში ექსპერტებად ხშირად გვევლინებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომელთა კომენტარებიც გამოიყენება სიუჟეტში გამოთქმული მოსაზრების გასამყარებლად.


კერძოდ, ჩვენ მიერ განხილულ სიუჟეტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური საუბრობს „სანქციებზე“, როგორც შემდგარ ფაქტზე, არადა მან, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, წესით, კარგად უნდა იცოდეს სანქციის განმარტებაც და ჰააგის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენიც.


არჩილ სიხარულიძე
  • 0
  • 2389
0 Comments