წითელი ვერსია
  • 0
  • 3513

POS TV – მედლის მეორე მხარე?

26 მარტი 2021

ხშირად გაიგონებთ ან წაიკითხავთ, რომ ქართული ტელემედია უკიდურესად პოლიტიზებული და პოლარიზებულია, თუმცა ამ ფენომენის წარმოდგენისას, უპირველეს ყოვლისა, გვახსენდება ე. წ. „კრიტიკული“, სინამდვილეში კი შეუნიღბავად ოპოზიციური ტელეკომპანიების სამეული – „მთავარი არხი“, ტვ „პირველი“ და „ფორმულა“.


ჰოდა, რაკი პოლარიზაციას ორი პოლუსი სჭირდება, ისმის კითხვა: სად არის მეორე პოლუსი, ანუ რომელი მედიასაშუალება ან მედიასაშუალებები დგანან „ფრონტის ხაზის“ მეორე მხარეს?


საარჩევნო პერიოდში და, საერთოდ, პოლიტიკური ვითარების ესკალაციის დროს ოპოზიციური მედიის მთავარი „ვიზავი“ უდავოდ ტელეკომპანია „იმედია“, რომელიც ასეთ სიტუაციებში ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და დაუფარავად ატარებს ანტიოპოზიციურ, პროსახელისუფლებო პროპაგანდას.


განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ „იმედი“, როგორც წესი, არ ავრცელებს ყალბ ამბებს და საზოგადოებრივ განწყობაზე ზემოქმედების მიზნით არ მიმართავს ფაქტების უხეშ დამახინჯებას.


მაგრამ „იმედი“, როგორც აღვნიშნეთ, „ოპოზიციური მედიის“ პირდაპირ პოლიტიკურ კონკურენტად იქცევა მაშინ, როდესაც საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობს და, მართალია, ამ რეჟიმმა ბოლო ხანს ლამის პერმანენტული ხასიათი მიიღო, პოლიტიზების ხარისხით „იმედი“ მაინც განსხვავდება „მთავარი არხისა“ თუ ტვ „პირველისგან“, რომლებიც მუდამ „საგანგებო რეჟიმში“ არიან.


საინტერესოა, არსებობს თუ არა მედიასაშუალება, რომელიც ასევე „მუდმივ საგანგებო რეჟიმში“ მუშაობს, ოღონდ მაუწყებლობს არა „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, არამედ მის წინააღმდეგ?


დიახ, ასეთი მედიასაშუალება არსებობს: ეს გახლავთ POS TV, რომელსაც უკვე წელიწადზე მეტია, ტელევიზიის სტატუსი აქვს და, მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგითა და გავლენით აშკარად ჩამორჩება უმსხვილეს ოპოზიციურ არხებს, პოლიტიზების ხარისხითა და მაუწყებლობის პათოსით ძალიან ჰგავს ხსენებულ ოპოზიციურ არხებს.


POS TV-ის სასარგებლოდ თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ ე. წ. „კრიტიკული ტელევიზიებისგან“ განსხვავებით, მისი მესვეურები არ აცხადებენ რომ მიუკერძოებელ, „ზეპარტიულ“ ჟურნალისტიკას გვთავაზობენ და არ ცდილობენ, ობიექტური მედიასაშუალების იარლიყი მიიკრან.


პირიქით, ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ მათი მიზანი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირება და მასთან დაკავშირებული მედიის გავრცელებული დეზინფორმაციის მხილებაა. მაგრამ პოლიტიკური მიჯაჭვულობის ხარისხითა და მასშტაბით POS TV ნამდვილად იმსახურებს ოპოზიციური საინფორმაციო საშუალების „სარკისებური გამოსახულების“ სტატუსს.


POS TV-ის ეთერის უდიდესი ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკას ეთმობა. ეს ეხება არა მხოლოდ საავტორო პროექტებს ან პოლიტიკურ ტოკშოუს (სადაც ჟურნალისტი უფრო თავისუფალია პირადი შეხედულებების გამოთქმის მხრივ), არამედ საინფორმაციო გამოშვებასაც, რომელიც თავისი ფუნქციისა და სტრუქტურიდან გამომდინარე ყველაზე ნაკლებად ეგუება ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ სუბიექტურ შეფასებებს.


ავიღოთ თუნდაც POS TV-ის 19 მარტის 19 საათის მთავარი საინფორმაციო გამოშვება, რომლის პირველი ნახევარი საათიც (ანუ რამდენიმე სიუჟეტი) მთლიანად დაეთმო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებს.


ეს სიუჟეტები პრაქტიკულად ერთმანეთის იდენტური იყო და, აქედან გამომდინარე, ყველა მათგანში მაყურებელმა იხილა მსგავსი ან, სულაც, იდენტური კადრები, გაეცნო ერთსა და იმავე პოზიციას და მოისმინა საკადრო ტექსტი, სადაც კორესპონდენტი თავისივე სახელით გამოთქვამდა უკიდურესად უარყოფით შეფასებას ოპოზიციის მიმართ.


მაგალითად: „სააკაშვილის ნაღმი დიალოგის მაგიდაზე ბელადის პირადმა მისიონერმა და სპეცწარმომადგენელმა აკო მინაშვილმა ააფეთქა“. ეს ფრაზა სხვადასხვა სიუჟეტის წარდგენისას წამყვანმა ორჯერ გაიმეორა.


მოგვიანებით იმავე გამოშვებაში ამ შეფასების ოდნავ სახეცვლილი და კიდევ უფრო „მძიმე“ ვერსიაც მოვისმინეთ: „ბომბი პოლიტიკურმა ტერორისტმა აკაკი მინაშვილმა ააფეთქა“; ბოლოს ტერორისტის „ტიტულს“ შაჰიდის „წოდებაც“ დაემატა: „პოლიტიკური შაჰიდი და პოლიტიკური ტერორისტი აკაკი მინაშვილი“; იყო სხვა დამამცირებელი შეფასებებიც. მაგალითად, „პარტიუკები“, „სააკაშვილის ხელის ბიჭი ნიკა მელია“, „ბოროტების საძმოს ყოფილი მეთაური ჟორიკა რურუა“ და სხვა.


კიდევ ერთი საინტერესო მომენტია ექსპერტთა შეფასებები, რომლებიც ზოგჯერ ცალკეული ფრაზების დონეზეც კი ემთხვევა ჟურნალისტთა მიერ დასმულ აქცენტებს და საკადრო ტექსტს, რაც „მთავარ არხზეც“ ხშირად შეინიშნება და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ დაპირისპირებული მხარეები ერთსა და იმავე მეთოდებს მიმართავენ.


აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პაექრობის პროცესში POS TV ხშირად იყენებს სწორედ ამ პარტიის მხარდამჭერი მედიასაშუალებების სტრატეგიასა და მეთოდებს. განსხვავება ის არის, რომ POS TV, „იმედის“ არ იყოს, როგორც წესი, ერიდება „ფეიკ ნიუსის“ გავრცელებას.


მიუხედავად ამისა, საინფორმაციო გამოშვებები ამ ტელეკომპანიის ეთერში იმდენად ანგაჟირებულია, რომ მაყურებლისთვის ინფორმაციის გაგება ძნელია, ხოლო კიდევ უფრო ძნელი ან, სულაც, შეუძლებელია ერთმანეთისგან ფაქტისა და შეფასების გარჩევა.


POS TV-ის ახალი ამბები სარედაქციო პოლიტიკური პოზიციებისა და ოპონენტების მიმართ პოლიტიკური ბრალდებების გახმოვანების მექანიზმი უფროა, ვიდრე კლასიკური „ნიუსი“, რის კიდევ ერთ დასტურსაც იოლად აღმოვაჩენთ უკვე ხსენებული საინფორმაციო გამოშვების ბადეში.


19 მარტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ წარმოშობილი გართულების შედეგად. მაგრამ POS TV-ის საინფორმაციო გამოშვებაში ძირითადი ყურადღება ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ოპოზიციის კრიტიკას დაეთმო, ხოლო მეგი ბაქრაძის ტრაგედიისთვის დრო მხოლოდ გამოშვების ბოლო ნაწილში გამოიძებნა.


მიხეილ ვარძელაშვილი
  • 0
  • 3513
0 Comments