წითელი ვერსია
  • 7
  • 6802

14 აპრილი – ქართული ენის დღე

13 აპრილი 2020

მშობლიური ენის მიმართ ადამიანებს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. უმეტესობისთვის ის ჰაერივით არის – უიმისობა შეუძლებელია, მაგრამ მხოლოდ იქ ახსენდებათ, სადაც მოისაკლისებენ – ჰაერი ჩახუთულ ოთახში მოგვანატრებს თავს, მშობლიური ენა – უცხოენოვან გარემოში.


ადამიანთა ერთი ნაწილისთვის – მწერლების, ჟურნალისტებისა და ლინგვისტებისთვის კი – მშობლიური ენა ყოველდღიური ფიქრის, ზრუნვის, რუდუნების საგანია.


დღევანდელ დღეს, 14 აპრილს რაც შეეხება – ქართული ენის დღესასწაულად ამორჩეულს – ეს საყოველთაო ანუ ყოველთა ქართველთა ზეიმის დღეა; მშობლიური ენის მიმართ სიყვარულის საჯაროდ გამოხატვა-აღნიშვნისა და, ამავდროულად, 1978 წლის იმ 14 აპრილის მოსაგონარი, როდესაც ქართველთა პატრიოტიზმმა და ერთსულოვნებამ ლამის შეუძლებელი შეძლო – დაიცვა მშობლიური ენის კონსტიტუციური უფლება, როდესაც მას რუსულ-საბჭოური იმპერიალიზმი დაემუქრა – ძალა, რომელსაც მსგავს ვითარებაში უკან დახევა არ სჩვეოდა.


მშობლიური ენის, ანუ დედა ენის, მნიშვნელობის თაობაზე ადამიანთა ცხოვრებაში ბევრი ავტორიტეტული და დამაჯერებელი აზრი წაგვიკითხავს და მოგვისმენია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ფენომენი ჯერჯერობით სათანადო სიღრმით შესწავლილი არ არის – საკვლევი საგნის სირთულის გამო.


ამის დასტურად ჩვენი ახლო წარსულის ცნობილი უცხოელი მოღვაწის ერთ მოსაზრებას გავიხსენებ, რომელიც მეცნიერულად დასაბუთებულ თვალსაზრისად ალბათ ვერ ჩაითვლება, მაგრამ უთუოდ საყურადღებოა, ვინაიდან ბევრ ცხოვრებისეულ ქარიშხალგამოვლილი დიდბუნებოვანი ადამიანის შეხედულებას წარმოადგენს, ჩემი აზრით, ფრიად ანგარიშგასაწევს:


„რა რჩება? რჩება მშობლიური ენა“, – ასეთი სათაურით გავიდა 1964 წელს დასავლეთგერმანული ტელევიზიით, საუბარი გერმანელ პოლიტოლოგ ჰანა არენდტთან, რომელიც, ნაცისტებისგან დევნილი, 1941 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ამ ინტერვიუში იგი ამბობს:


„მე ყოველთვის შეგნებულად ვეწინააღმდეგებოდი მშობლიური ენის უგულებელყოფას... შესაძლოა მშობლიური ენა დაგავიწყდეს. ეს მართლა ხდება. მე ასეთი რამ მინახავს. ეს ადამიანები უცხო ენაზე (ინგლისურს გულისხმობს. – ლ. ბ.) ჩემზე უკეთ ლაპარაკობენ. მე ჯერაც ძალიან ძლიერი აქცენტით ვლაპარაკობ, ხშირად – დაულაგებლადაც. მათ ასეთი რამ არ ემართებათ. მაგრამ მათი ენა სავსეა შაბლონებით, იმიტომ, რომ მშობლიური ენის დავიწყებით მათ მოიჭრეს გზა პროდუქტიულობისკენ, რაც იმ ადამიანის ხვედრია, რომელიც მშობლიურ ენაზე აზროვნებს“.


ენას სამართლიანად მოიხსენიებენ ხოლმე აზროვნების იარაღად. ჰანა არენდტის ამ სიტყვებიდან კი ჩანს, რომ დედა ენის კარგად ფლობა მარტო ბასრი სააზროვნო იარაღი კი არა, ამ იარაღის მაქსიმალური ეფექტით გამოყენების უნარიც ყოფილა ამავდროულად, რაც სწორედ იმის დასტურია, თუ რაოდენ რთულ და უაღრესად საინტერესო მოვლენასთან გვქონია მისი სახით საქმე.


და ბოლოს:


ისიც შემჩნეულია, რომ ვინც უკეთ მეტყველებს, ის უფრო ხშირად აღწევს დასახულ მიზანს ცხოვრებაში.


ლევან ბრეგაძე
  • 7
  • 6802
0 Comments