წითელი ვერსია
  • 10
  • 3665

„რატომ ყვირიან ქართული ტელევიზიები?!“

16 სექტემბერი 2021

„მედია გამუდმებით ცდილობს მაყურებლის შეშინებას, იმისთვის რომ ახალი ამბავი გახადოს მეტად მგრძნობიარე და ემოციური“ - ეს არის ამონარიდი ერთ-ერთი კვლევიდან, რომელიც ქართველი ფსიქოლოგების ჯგუფმა 2020 წელს ჩაატარა.


კვლევის მიხედვით, წამყვანი ქართული ტელეარხები ძირითადად ნეგატივით კვებავენ მაყურებელს, შედეგად კი იმას იღებენ, რომ მაყურებელი თანდათან გაურბის ტელესივრცეს. ეს მოსალოდნელიცაა, რადგან შიში განგაშს იწვევს, განგაში კი ის ემოციაა, რომელიც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს გაქცევისაკენ უბიძგებს.


„რატომ ყვირიან თქვენს ტელევიზიებში?!“ - ხშირად მომისმენია უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანებისგან. ჩვენი ჟურნალისტების შეშფოთებული და აღელვებული მეტყველება განსაკუთრებით ყურში ხვდებათ და დისკომფორტს უქმნით ევროპელებს, რომლებიც გაცილებით აკადემიურ მედიაგარემოში ცხოვრობენ და, როგორც წესი, ახალი ამბების გამოშვების ნახვის შემდეგ დამამშვიდებლების მიღება არ სჭირდებათ.


ზოგადად, ყვირილი, როგორც კომუნიკაციის ფორმა, ძირითადად მაშინ გამოიყენება, როდესაც ადამიანი ყურადღების მიპყრობას ცდილობს; მაგალითად - სურს ხმა მოგვაწვდინოს შორი მანძილიდან.


ყვირილით ზოგჯერ საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას და მეორე ადამიანის ნებაზე ზემოქმედების მოხდენასაც ცდილობენ. ყვირიან მაშინაც, როდესაც ტკივილი და საფრთხის შეგრძნება აწუხებთ, თუმცა რაც არ უნდა იყოს ყვირილის მიზეზი, ესთეტიკურად და შინაარსობრივად, ყვირილი გამოხატვის და კომუნიკაციის ერთ-ერთ ყველაზე დამთრგუნველ ტონად და ფორმად მიიჩნეოდა ყველა დროსა და კულტურაში, რასაც ყველაზე ზუსტად ალბათ ედვარდ მუნკის ცნობილი ტილო გამოხატავს, ყვირილისაგან დამახინჯებული ადამიანის გამომეტყველებით.


მიუხედავად ამისა, ქართული მედიის მესვეურთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ აწეული ტონი, მრისხანე ინტონაცია, მძიმე „ვორდინგი“, ექსპრესიული ჟესტიკულაცია და შეშფოთებული გამომეტყველება საუკეთესო საშუალებაა აუდიტორიის ეკრანთან „მისაჯაჭვად“ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბოლოო ჯამში მაყურებელი საერთოდ შეწყვეტს ტელევიზორის ყურებას.


გრძელვადიანი მიზნები ამგვარ ჟურნალისტიკას არ აქვს - შესაბამისად, ერთადერთი ამოცანა მოცემულ მომენტში საზოგადოებაში კონკრეტული განცდისა და განწყობის ჩამოყალიბებაა.


სხვათა შორის, კინოსა და მედიის მკვლევარებმა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში შეამჩნიეს, რომ ხიფათის გამძაფრებული განცდა ადამიანს ყურადღებას და კონცენტრაციას აიძულებს, რათა საფრთხე არ გამოეპაროს.


ისიც ცნობილია, რომ ნეგატიური შეტყობინების ეფექტი გაცილებით დიდია, ვიდრე ნეიტრალური და პოზიტიური ცნობის. შესაბამისად, გინდა რეიტინგი? - დაპირდი მაყურებელს მძაფრსიუჟეტიან შოუს - დაზაფრე, შეაშინე, გააბრაზე - ასეთია მარტივი ფორმულა, რომელიც საქართველოში ადრეული 2000-იანი წლებიდან, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის აღმავლობით დამკვიდრდა და დღემდე გრძელდება.


საგულისხმოა, რომ ამავე პერიოდში მიმდინარეობდა ქართული მედიის კონცეპტუალური გამიჯვნა საბჭოთა „სტერილური ჟურნალისტიკისგან“, თუმცა სტერილურობის მიმართ (სრულიად ლოგიკური) პროტესტის ფონზე ქართული ტელესივრცე მალე ფაქტობრივად საპირისპირო, „ნატურალისტურ“ უკიდურესობაში გადაიჭრა, რაც იმდროინდელი „რუსთავი 2-ის“ ოპოზიციურმა სტატუსმა და ინტერესებმაც განაპირობა.


ამიტომ, ალბათ, არც ის არის გასაკვირი, რომ აღნიშნული ტენდენციები ყველაზე მძაფრად დღესაც მკვეთრად ოპოზიციური სარედაქციო პოზიციით გამორჩეულ მედიასაშუალებებში - განსაკუთრებით „მთავარ არხსა“ და ტვ „პირველზე“ იგრძნობა.


და მართლაც - თუ დავაკვირდებით, ამ არხებზე დღეს ფაქტობრივად ყველაფერი საბრძოლო-რევოლუციური სულისკვეთებითაა გაჟღენთილი: კონტენტი, აუდიო და ვიზუალური გაფორმება, მეტყველება და თვით მედიაპერსონების სტილიც კი;


განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს გადაცემების მუსიკალური „ქუდები“, რომლებიც, როგორც წესი, ყოველგვარი პრელუდიის და უვერტიურის გარეშე მეცოფორტეზე იწყება და იმდენად ინტენსიურია რომ, ფაქტობრივად საბრძოლო აღგზნებას იწვევს და ადამიანს იმისთვის ამზადებს, რომ იმ წუთშივე გადაეშვას უხილავი მტრის გასანადგურებლად.


ასეთი მუსიკალური ფონი ზედგამოჭრილი იქნებოდა მსხვილი პლანით გადაღებული საბრძოლო სცენისთვის, სადაც ხელჩართულ ბრძოლაში მებრძოლები დაუნდობლად ანადგურებენ ერთმანეთს.


აქედან გამომდინარე, უკვე თავისთავად რთული წარმოსადგენია, რა ინფორმაცია უნდა შესთავაზოს მაყურებელს ამგვარი საბრძოლო რიხით დაწყებულმა და გაფორმებულმა საინფორმაციო გამოშვებამ ან როგორ უნდა აღიქვას იგი მაყურებელმა.


პოზიტივი თავისთავად გამორიცხულია, ისევე, როგორც წამყვანების ნეიტრალური, ანაც დაბალანსებული მეტყველება. შესაბამისად, ისინიც, მრისხანედ, ძახილის წინადადებებით იწყებენ ნიუსს, რომელშიც რეალურად არც თხრობაა და არც ინფორმაცია.


სამაგიეროდ თითქმის ყოველთვის არის სისხლიანი და ბურუსით მოცული საშიში ამბავი - დიდი შეთქმულება და დიდი ტყუილი - რომელიც განადგურებას გვიქადის და გვარწმუნებს, რომ ყველანი საფრთხეში ვართ.


აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2000-იან წლებში დამკვიდრებული ტენდენციები არ შემოიფარგლება მხოლოდ ოპოზიციური მედიით და არც ყოველთვის პოლიტიკური სარჩული აქვთ; ამის ერთ-ერთი მაგალითია იმავე პერიოდში დამკვიდრებული მეტყველების სპეციფიკური მანერა ქართულისათვის არაბუნებრივი მელოდიკით, რაც წინადადების ბოლოსკენ „წამღერებასა“ და კრეშენდოში გამოიხატება.


რთულია ზუსტად დავადგინოთ, თუ რამ გამოიწვია მეტყველების ამგვარი სტილის დამკვიდრება ტელემედიაში, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით ეს შეიძლება იყოს აუდიტორიასთან კონტაქტის ნებისმიერ ფასად შენარჩუნების მცდელობა იმისთვის, რომ თუნდაც რამდენიმე წამითაც კი არ დამყარდეს სიჩუმე, რაც საგრძნობლად ამცირებს მაყურებელზე ემოციური ზემოქმედების ეფექტს.


ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ თხრობის ეს მანერა, ისევე როგორც განგაშის შემცველი ინტონაციები, დღეს ფართოდ არის გავრცელებული ქართულ ტელემედიაში, მიუხედავად კონკრეტული არხის სარედაქციო პოზიციისა და მათ შორის, ზოგჯერ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებიდანაც კი გვესმის.


მელოდიკისა და ინტონაციის გარდა, ქართულ ტელემედიაში ასევე ფართოდ არის გავრცელებული წამყვანის ერთგვარი შფოთი და ნერვიულობაც, რომელიც ჟესტიკულაციასა და მოძრაობებში იგრძნობა. ასეთ დროს წამყვანი თითქოს იმ ამბის გამო შფოთავს, რომელსაც გვამცნობს, თუმცა ხშირად ესეც აუდიტორიაზე ფსიქო-ემოციური ზემოქმედების მოხდენის ერთ-ერთი ხერხია.


და ბოლოს - ფსიქოლოგიური ზემოქმედების კონტექსტში უდავოდ ცალკე უნდა გამოვყოთ უმძიმესი ემოციების ხშირი დემონსტრირება ქართულ ტელემედიაში და, მათ შორის, საინფორმაციო გამოშვებებში.


ზარი და მოთქმა, ტკივილისა და უძლურებისგან წონასწორობადაკარგული ადამიანების კივილი - ეს ადამიანური ემოციის გამოხატვის ყველაზე მძიმე ფორმაა, რომლის გაგონებაც მაყურებელში ტრავმულ მოგონებებს აღვიძებს და სტრესის მიზეზი ხდება.


დასავლეთში მსგავსი ნატურალიზმი დიდი ხანია არა მარტო ცუდ ტონად, არამედ პირად ცხოვრებაში ჩარევად მიიჩნევა. ჩვენთან კი შვილმკვდარი დედის მოთქმა ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია, რომლითაც ტელემედია მაყურებელზე წარუშლელი ემოციური შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს.


ამ მხრივ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ისევ და ისევ „მთავარი არხი“ და ტვ „პირველი“ გამოირჩევიან, რაც მკაფიოდ გამოიკვეთა თამარ ბაჩალიაშვილისა და გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიების გაშუქების პროცესში, თუმცა აღნიშნული ტენდენცია ასევე არ შემოიფარგლება მხოლოდ ხსენებული არხებით და უფრო ქართული მედიისთვის ზოგადად დამახასიათებელ შტრიხად უნდა ჩაითვალოს.


„ზოგჯერ, ძალადობის დრამატულობით გატაცებული დამწყები ჟურნალისტები სიკვდილის დეტალებს გვიამბობენ: აღწერენ თვითმფრინავის გარშემო მიმოფანტული ცხედრების მდგომარეობას, თვითმკვლელის დასახიჩრებულ გვამს, წვრილად ყვებიან, როგორ გეგმავდა მოზარდი თავის მოკვლას ოჯახის გარაჟში. ეს მონდომება ისეთივე უგემოვნოა, როგორც სექსუალური ინტერესის აღძვრა, რადგან ჟურნალისტი ტაბუდადებულ თემას იმისთვის იყენებს, რომ მკითხველში შოკი გამოიწვიოს და მისი ყურადღება პრობლემებიდან ჟურნალისტურ ნამუშევარზე გადაიტანოს. სიკვდილი შეიძლება შემზარავი იყოს, მაგრამ თუ გინდათ შიში და ზარი გადმოსცეთ, თავშეკავებას არაფერი სჯობია, ხოლო როდესაც საჩოთირო თემებზე საუბრობთ, ჩურჩული ყველაზე ხმამაღლა გაისმის“ - ასეთია ახალი ამბების გადმოცემის შესახებ ცნობილი ჟურნალისტური სახელმძღვანელოს ავტორის, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, მელვინ მენჩერის რეკომენდაცია დამწყები და, არა მარტო დამწყები ჟურნალისტებისათვის.


ლელა კურდღელაშვილი
  • 10
  • 3665
0 Comments