წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 0
  • 2841

სკრიპალების ისტორია და "დომინანტური მედიანარატივი"

29 ოქტომბერი 2025

2018 წლის 17 მარტს ბრიტანული Russia Today-ს ეთერში გავიდა გადაცემა რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულია სკრიპალის მოწამვლის შესახებ, რომელმაც დასაბამი მისცა მედიასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან განხილვას ბრიტანული სასამართლო პრაქტიკის ისტორიაში.


ცნობისთვის, სერგეი სკრიპალი 2006 წელს რუსეთში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით (დიდი ბრიტანეთის სასარგებლო შპიონაჟი) გაასამართლეს, თუმცა მას შემდეგ, რაც 2010 წელს რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაკავებული მზვერავები გაცვალეს, სერგეი სკრიპალი ბრიტანულ მხარეს გადაეცა; ყოფილმა მზვერავმა მალე გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობაც მიიღო.


ახლა კი ამ ისტორიის ყველაზე პიკანტური და საიდუმლოებით მოცული ნაწილი:


2018 წლის 5 მარტს, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია, რომელიც რამდენიმე დღით ადრე მამის მოსანახულებლად ბრიტანეთში ჩავიდა, ქიმიური ნაერთით (ე. წ. ნოვიჩოკი) მოწამლულები იპოვეს.


ბრიტანულმა პოლიციამ და მედიამ მოწამვლა მაშინვე კრემლს დაუკავშირა, თუმცა ბრიტანეთში მაუწყებლობდა ტელეკომპანია, რომელიც არა მხოლოდ არ იზიარებდა, არამედ არც კი იმჩნევდა „რუსული კვალის“ ვერსიას.


ეს იყო ANO TV Novosti-ს (რუსული სახელმწიფო არაკომერციული ორგანიზაცია) მიერ დაფუძნებული Russia Today (RT UK), რომელიც ბრიტანელ მაყურებელში დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, თუმცა გახმაურებულმა ისტორიამ მთელ მსოფლიოს გააგებინა, რომ „რაშა თუდეის“ ინგლისშიც შეგიძლია უყურო...


ან არ უყურო...


მაგრამ დავუბრუნდეთ გადაცემას სკრიპალების შესახებ.


მარტში RT-მ ჯამში 2 სატელევიზიო ეპიზოდი მიუძღვნა სკრიპალების ისტორიას და მაყურებელს არც ერთ მათგანში არ მოუსმენია ბრიტანული მხარის ვერსია, რომელიც, მომხდარში კრემლის კვალს ხედავდა.


ეს იყო ბრიტანეთში მოქმედი მაუწყებლობის აქტის და ამ აქტის საფუძველზე შემუშავებული მაუწყებლობის კოდექსის უხეში დარღვევა, რადგან ბრიტანეთში ახალი ამბების გავრცელება ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან ექვემდებარება „სათანადო მიუკერძოებლობის“ მოთხოვნას, რომლის თანახმად, პოლიტიკური საკითხების გაშუქებისას მაუწყებელი ვალდებულია, აუდიტორიას მიაწოდოს შეხედულებათა ფართო სპექტრი.


აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანო (კომუნიკაციების ოფისი - OfCom) მაუწყებლობის აქტისა და კოდექსის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს საჯარიმო სანქციებს და მეტიც, - მას შეუძლია, საერთოდ შეუჩეროს ლიცენზია მაუწყებელს, რომელიც არ აღასრულებს კომუნიკაციების ოფისის გადაწყვეტილებებს.


წინამდებარე ისტორიაში კომუნიკაციების ოფისმა შეისწავლა Russia Today-ს ეთერში გასული გადაცემები სკრიპალების საქმესთან დაკავშირებით და კიდევ რამდენიმე გადაცემა, რომლებიც დაახლოებით იმავე პერიოდში გადაიცა ეთერში.


გადაცემების შესწავლის შედეგად კომუნიკაციების ოფისმა დაასკვნა, რომ Russia Today ცალმხრივად, საზოგადოებაში არსებული განსხვავებული შეხედულებების უგულებელყოფით აშუქებდა პოლიტიკურ საკითხებს, რის გამოც 2019 წლის 26 ივლისს OfCom-მა მაუწყებელი 200 000 ფუნტის ოდენობით დააჯარიმა.


როგორი იყო Russia Today-ს რეაქცია?


ტელეკომპანიამ დაკისრებული ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივრა და ეს საქმე აღმოჩნდა ქრესტომათიული მაგალითი იმის გასააზრებლად, თუ როგორ უნდა იყოს გაგებული მაუწყებლობის აქტსა და კოდექსში ჩადებული მოთხოვნები და რა იგულისხმება თითოეული ტერმინის უკან.


Russia Today-ს სარჩელის მიხედვით, რომელიმე პოზიციის (მაგ. ბრიტანული პოლიციის ვერსიის) გაშუქების დავალდებულება ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას.


როგორც ვხედავთ აქ, ისევე როგორც ჩვენ მიერ ადრე განხილულ შემთხვევაში ამერიკული მედიის ისტორიიდან, მაუწყებელმა საკუთარი სარჩელი გამოხატვის თავისუფლებას დაუკავშირა.


Russia Today საკუთარ სარჩელში კიდევ უფრო შორს წავიდა და მოითხოვა იმის გარკვევაც, საერთოდ, როგორ უნდა გავიგოთ „სხვადასხვა პოზიციების წარმოჩენა“ და ვალდებულია თუ არა ყველა მაუწყებელი, საკუთარი სარედაქციო პოზიციისგან განსხვავებული პოზიცია ასახოს საკუთარ გადაცემებში, მაშინაც კი, როცა ეს უკანასკნელი ზედმიწევნით კარგად („დომინანტურად“) არის გაშუქებული იმავე აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომ სხვა მედიასაშუალებებში.


Russia Today ამტკიცებდა, რომ კანონის სულისკვეთებიდან გამომდინარე, არ იყო ვალდებული საკუთარ გადაცემებში აესახა ბრიტანული ვერსია სკრიპალების მოწამვლასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს ვერსია იმ პერიოდისთვის „დომინანტური ნარატივი“ იყო ბრიტანულ მედიაში და, შესაბამისად, საზოგადოებას ისედაც(?!) ჰქონდა ინფორმაცია (უნდა ჰქონოდა?) ბრიტანული მხარის პოზიციის შესახებ.


როგორი იყო სასამართლოს ვერდიქტი?


სასამართლომ არ გაიზიარა Russia Today-ს სარჩელი და დაადგინა, რომ კომუნიკაციების ოფისი ვერ მიიღებს მხედველობაში „დომინანტური მედიანარატივის“ არგუმენტს, რადგან გაერთიანებული სამეფოს 2003 წლის კომუნიკაციების აქტის 320-ე მუხლის თანახმად, სათანადო მიუკერძოებლობა დაცული უნდა იყოს კონკრეტული მაუწყებლის მიერ.


სხვა სიტყვებით, - მაუწყებელი ვალდებულია, ასახოს განსხვავებული შეხედულებები იმისდა მიუხედავად, როგორია სხვა მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკა და აქვს თუ არა აუდიტორიას წვდომა კონკრეტულ პოზიციასთან სხვა მედიასაშუალებების მეშვეობით.


გარდა ამისა, სასამართლომ მიუთითა, რომ შეუძლებელია, თითოეულ მაყურებელთან მიმართებაში დანამდვილებით დადგინდეს, მიიღო თუ არა მან ინფორმაცია განსხვავებული პოზიციის შესახებ სხვა მედიასაშუალებიდან. ამიტომ მაუწყებელს არ აქვს განსხვავებული პოზიციის უგულებელყოფის უფლება იმ იმედით, რომ ამ შეხედულებას აუდიტორიას სხვა მედიასაშუალებები გააცნობენ.


სასამართლომ ასევე არ გაიზიარა Russia Today-ს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ განსხვავებული პოზიციების ასახვა ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.


ამ ნაწილში სასამართლოს მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ სხვადასხვა პოზიციების გაშუქების ვალდებულება, თავის მხრივ, არ კრძალავს რომელიმე პოზიციის გაშუქებას და, შესაბამისად, არ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.


სასამართლომ ძალაში დატოვა კომუნიკაციების ოფისის ჯარიმა, თუმცა კონფლიქტი OfCom -სა და Russia Today-ს შორის ამ ამბით არ ამოწურულა.


საბოლოოდ, 2022 წლის მარტში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ გააუქმა RT UK-ს სამაუწყებლო ლიცენზია იმ არგუმენტით, რომ რუსეთში მიღებული ახალი კანონებიდან გამომდინარე, ტელეკომპანია ვერ შეძლებდა ომთან დაკავშირებული ამბების მიუკერძოებლად გაშუქებას.


  • 0
  • 2841
0 Comments