ენა ცოცხალი და მუდმივად განახლებისკენ მიდრეკილი ორგანიზმია. ის ჩვენი იდენტობის ნაწილია. საქართველო პატარა ქვეყანაა და ქართული ენისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვა ენებთან ინტეგრაცია (მით უფრო დღეს, გლობალიზაციის პირობებში, ეს გარდაუვალი პროცესია), თუმცა ეს მშობლიური ენის დაკნინების და გაღარიბების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ამ მხრივ, ბარბარიზმები მას მუდმივად ცუდ სამსახურს უწევს.
გასული საუკუნის დასაწყისში, ქართული მედია თუ ლიტერატურა აქტიურად იბრძოდა რუსული ენიდან შემოსული ბარბარიზმების წინააღმდეგ. „კუხნა“, „სპიჩკა“, „ზაგარი“, „ვაფშე“ და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი სიტყვა აგრესიულად უტევდა ქართულ ენას და მკვიდრდებოდა მასში. არადა თითოეულ ამ სიტყვას ქართული შესატყვისი აქვს და, ზოგ შემთხვევაში, არაერთიც.
თანამედროვე ქართულში რუსულ ბარბარიზმებს (რომელთა უმეტესობა ენიდან წარმატებით განიდევნა; ყოველ შემთხვევაში, მათზე ახალგაზრდებს მძაფრი რეაქცია აქვთ და ცდილობენ, არ გამოიყენონ) ინგლისური ენიდან მომდინარე სიტყვები და ტერმინები დაემატა/ჩაენაცვლა. „ნიუსი“, „ქოუჩი“, „ექშენი“, „ფეიკი“, „დედლაინი“ და უამრავი სხვა სიტყვა, რომლებიც არამხოლოდ ყოველდღიურ ყოფით მეტყველებაში, არამედ მედიაში, ე.წ. ინტელექტუალურ წრეებში და ზოგჯერ ლიტერატურაშიც აქტიურად გვხვდება.
არადა, ამ შემთხვევაშიც, თითოეულ ბარბარიზმს ქართული შესატყვისი აქვს - „ფეიკი“ ყალბს ნიშნავს, „ქოუჩი“ მწვრთნელს და ა.შ.
ისტორიის განმავლობაში ქართულმა ენამ არაერთი უცხო სიტყვა შეითვისა. დღემდე ვსაუბრობთ სიტყვებით, რომლებიც ძირძველი ქართული გვგონია, სინამდვილეში კი მათ ხან სპარსული, ხან არაბული, ხან შუმერული და ა.შ. წარმომავლობა აქვთ. (მაგალითად: ყაჩაღი, ჩოხა, ფარდა (თურქული), ქამარი, ხალიჩა (ახალი სპარსული), არაყი, ბარაქა (არაბული)). მათი უმეტესობა ორგანულად შეერწყა ჩვენს ენობრივ სამყაროს. ამ მხრივ, ქართული ენა კი არ გაღარიბდა, არამედ გამდიდრდა.
თავის დროზე, ეს სიტყვები ნეოლოგიზმები იყო. საჭიროა, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ნეოლოგიზმები და ბარბარიზმები. თანამედროვე გლობალურ/ტექნოლოგიურ სამყაროში უამრავი ნეოლოგიზმი მკვიდრდება. უმთავრესად, ქართულ ენაში ნეოლოგიზმები (ისევე, როგორც ბარბარიზმები) ინგლისური ენიდან შემოდის. მაგალითად: მასმედია, იმიჯი, პოდკასტი, მარკეტინგი და ა.შ. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, ამ პროცესმა ისეთი კრიტიკული სახე მიიღო, რომ საქმე არა ახალი ტერმინებით გამდიდრებული ენით მეტყველებასთან, არამედ მის დაკნინება-დაბინძურებასთან უფრო გვაქვს.
ბარბარიზმები ზოგჯერ კარგ ტონადაც მიიჩნევა. რაც უფრო ბევრ უცხო ტერმინს გამოიყენებ, მით უფრო დიდ ილუზიას შექმნი პირად ინტელექტზე. სინამდვილეში, საკითხი სულ პირიქით დგას - სწორედ, ენის მიმართ ამგვარი დამოკიდებულებაა იაფფასიანი სნობიზმის და, დიდწილად, უვიცობის გამოხატულება. ვიდრე ამას კარგად არ გავაცნობიერებთ, დაუსრულებლად იდგება ჩვენ წინაშე ბარბარიზმების დილემა.
ერთადერთი კარგი ტონი - მშობლიური ენის უკეთესად გაცნობა და მისი პატივისცემაა, რაც სხვა ენების პატივისცემასაც უპირობოდ გულისხმობს.
„კუხნა“, „სპიჩკა“, „ქოუჩი“... - ბარბარიზმები და ნეოლოგიზმები
04 თებერვალი 2026ენა ცოცხალი და მუდმივად განახლებისკენ მიდრეკილი ორგანიზმია. ის ჩვენი იდენტობის ნაწილია. საქართველო პატარა ქვეყანაა და ქართული ენისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვა ენებთან ინტეგრაცია (მით უფრო დღეს, გლობალიზაციის პირობებში, ეს გარდაუვალი პროცესია), თუმცა ეს მშობლიური ენის დაკნინების და გაღარიბების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ამ მხრივ, ბარბარიზმები მას მუდმივად ცუდ სამსახურს უწევს.