წითელი ვერსია
  • 7
  • 5539

„კრონკაიტის ეფექტი“

14 ივნისი 2022

„თუ დავკარგავ კრონკაიტს, დავკარგავ შუა ამერიკას“ - ეს ფრაზა პრეზიდენტ ჯონსონს ეკუთვნის, რომელმაც ნამდვილი ჟურნალისტის ძალა იგრძნო.


ამ თემაზე ვსაუბრობთ დღეს - ჟურნალისტის სწორ ნაბიჯზე და იმ ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება ერთ რეპორტაჟს მოჰყვეს.


როგორც ამერიკელები ამბობენ, არმსტრონგის მთვარეზე დაბიჯების შემდეგ, რაც კი ისტორიული მოვლენა მოხდა ამერიკაში, ყველაფერი უოლტერ კრონკაიტმა გამოაცხადა - კენედის მკვლელობიდან ვიეტნამის ომამდე.


ლეგენდარულმა ჟურნალისტმა, ტელეკომპანია CBS-ის საღამოს გამოშვების წამყვანმა და მის მიერ გადმოცემულმა ამბებმა, ფაქტობრივად მედიაომი წააგებინა შეერთებულ შტატებს ვიეტნამში.


არადა, დასაწყისი სულ სხვაგვარი იყო. ვიეტნამის ომის პირველ ეტაპზე, ამერიკული საზოგადოება იკვებებოდა მხოლოდ თეთრი სახლის მიერ მიწოდებული ინფორმაციით; ასევე მუშაობდნენ ჟურნალისტებიც, - მიღებულ ინფორმაციას ამუშავებდნენ, სვამდნენ კითხვებს, თუმცა მხოლოდ იმ მასალების საფუძველზე, რასაც მთავრობა ავრცელებდა.


1968 წელს ვითარება შეიცვალა - უოლტერ კრონკაიტი თავად ჩავიდა ვიეტნამში და რეალური სურათი ნახა;


მისი პროფესიული თუ ადამიანური პასუხისმგებლობა გამოწვევის წინაშე დადგა - ან ეთქვა სიმართლე და შეეცვალა რეალობა, ან დარჩენილიყო ამერიკის მთავრობის მიერ დადგენილ ჩარჩოებში და მის მიერ გადმოცემული ამბები დამსგავსებოდა თეთრი სახლის ტრადიციულ ბრიფინგებს, რომელსაც მოგვიანებით შეარქვეს - „ტყუილები 5 საათისთვის“.


აქვე გავითვალისწინოთ, რომ 50 წლის წინანდელ ამბავს გიამბობთ - მასალების გადმოგზავნას დიდი დრო უნდა, ტექნიკური საშუალებები შეზღუდულია, ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები არ არსებობს - ანუ ხალხი იჯერებს იმას, რასაც მთავრობა და ჟურნალისტები ყვებიან.


და ამ დროს უოლტერ კრონკაიტი საინფორმაციო ფრონტს ხსნის მედიასამყაროში - ის გადმოსცემს ალტერნატიულ ინფორმაციას და ამერიკელების თვალწინ იქმნება ორი რეალობა:


- დილის გაზეთებში ხალხი კითხულობს სტატიებს, რომელიც თეთრი სახლის ცენზურის ქვეშ იწერება;


- საღამოს კი CBS-ის არხზე იგივე ხალხი ხედავს, როგორ დგას ჟურნალისტი დაბომბილ ტერიტორიაზე და სულ სხვაგვარად აშუქებს ომს - შეულამაზებლად საუბრობს ამერიკელების მიერ დაკარგულ ადამიანურ თუ ფინანსურ რესურსებზე და იმ ჩიხზე, რომელშიც ამერიკა სულ მალე შევა...


კრონკაიტის რეპორტაჟებს მალე გაამყარებს ფოტოებიც, ედი ადამსის და სხვა ფოტორეპორტიორების მიერ საიგონში გადაღებული კადრები - ვიეტნამელების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ძალადობა ბავშვებზე; მოგვიანებით, ერთ-ერთი ფოტო პულიცერის პრემიასაც მიიღებს;


ამ რეპორტაჟებმა შეცვალა საინფორმაციო სივრცე და ომის გაშუქების პრინციპი - სიმართლის თქმის აუცილებლობა და მაყურებლისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება.



ჩვენს დროს რომ დავუბრუნდეთ, და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს - 24 თებერვლის შემდეგ ფაქტობრივად, ომის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. თუმცა ახლა ხომ მეტი ინფორმაცია გვაქვს? ახლა ხომ ყველაფერი პირდაპირ ეთერში შეგვიძლია ვნახოთ? ახლა ვინღა მოგვატყუებს?


ახლაც ისეთივე მნიშვნელობის იქნებოდა კრონკაიტის სტილის რეპორტაჟები?


სანამ სტატიას ვწერდი, ამ შეკითხვებზე ვეძებდი პასუხებს და ვფიქრობ, ინფორმაციული ვაკუუმიც და ჭარბი ინფორმაციაც - ორივე თანაბრად რთული მოცემულობაა.


როცა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, მედია საკუთარ რეიტინგზე უფრო ზრუნავდა, ვიდრე ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.


შოკისმომგვრელი კადრები, გადაჭარბებული ემოციები, - იმისთვის, რომ სტატიას თუ რეპორტაჟს მეტი „ლაიქი“ ჰქონოდა.


კარგი იქნება, ხშირად გაცოცხლდეს უოლტერ კრონკაიტის და სხვა „რევოლუციონერი“ ჟურნალისტების მაგალითები; ისწავლებოდეს მათი მუშაობის სტილი და ის დიდი ნაბიჯები, რომელმაც მსოფლიო მედიაში ამინდი შექმნა;


რათა სიუჟეტსა თუ სტატიაზე მუშაობის დროს, ყველა ჟურნალისტს თვალწინ დაუდგეს ზუსტი სურათი, რა არჩევანის წინაშე დგას, - დაწეროს სიცრუით სავსე ამერიკული დილის გაზეთისთვის, თუ იმუშაოს საღამოს გადაცემაში, - სადაც ნამდვილ ამბებს უოლტერ კრონკაიტი ყვება.


მარიკა ბაკურაძე
  • 7
  • 5539
0 Comments