ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!
(ნაწილი LII)
არის სუფიქსი (ბოლოსართი) -ება, რომელიც რამდენიმე ჯგუფის არსებით სახელებს დაერთვის, და არის არსებითი სახელის მრავლობითი რიცხვის სუფიქსი -ებ-. ამათ ხშირად უწევთ გვერდიგვერდ დგომა: გართულ-ებ-ებ-ი, თქმულ-ებ-ებ-ი, შეთქმულ-ებ-ებ-ი, ხელშეკრულ-ებ-ებ-ი, წვეულ-ებ-ებ-ი, შეხედულ-ებ-ებ-ი, მივლინ-ებ-ებ-ი, მოგონ-ებები, მოჩვენ-ებ-ებ-ი, კრ-ებ-ებ-ი, არს-ებ-ებ-ი... და სხვანი და სხვანი.
გვაქვს აგრეთვე საერთო ძირის მქონე ორი სიტყვა: მოვლენა და გავლენა. ორივეს შეუძლია აწარმოოს მრავლობითი: მოვლენ-ებ-ი, გავლენ-ებ-ი.
ჰოდა, ამ ორი სიტყვის მრავლობითი რიცხვის ფორმებში ამ ბოლო დროს ხშირად შეგხვდებათ გაორკეცებული -ებ-ი, რომელთაგან ერთი სრულიად ზედმეტია. ეს, როგორც ჩანს, ზემოთ ჩამოთვლილი -ებებ-იანი ფორმების გავლენით (ანალოგიით) უნდა ხდებოდეს. -ებებ-იანი სიტყვის ფორმების სიმრავლე ამ ორ სიტყვასაც ითრევს თავის წრეში, რისი შედეგიც არის ყოვლად უმართებულო მოვლენ-ებ-ებ-ი და გავლენ-ებ-ებ-ი.
მაგალითები.
„არის რამდენიმე რამ, რამაც შესაძლოა ტრანსფერს ხელი შეუშალოს და უახლოეს პერიოდში ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენებები“;
„მაშინ, როცა წინ საპრეზიდენტო არჩევნებია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენებები“;
„ეს არ არის ფანტასტიკა, ეს არის წიგნი, რომელიც ჩვენს დღევანდელ მწარე რეალობას აღწერს და არ გაგიკვირდეთ, აქ მომხდარი მოვლენებები ადრე თუ გვიან რეალობაში თუ განმეორდება“;
„2008 წლის 1 მარტის მოვლენებების დროს ის 14 წლის იყო და ყველაფერი ახსოვს, რაც მაშინ ტელევიზიით ნახა“;
„კრებულში მოცემულია ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროცესები, ეკონომიკურად შეფასებულია პოლიტიკური მოვლენებები, აკადემიურად ნაჩვენებია პრობლემების გადაჭრის გზები“;
„კარნეგის ფონდის“ წამყვანმა სპეციალისტმა თომას დე ვაალმა, რომელსაც რამდენიმე წიგნი და სტატიები აქვს დაწერილი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით, რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში თავისი მოსაზრებები გამოთქვა ყარაბაღის გარშემო განვითარებულ ბოლო მოვლენებებთან დაკავშირებით“.
ახლა „გავლენებები“:
„იმედი მაქვს საქართველო მიიღებს ისეთ კანონს, რომელიც გამორიცხავს გარეშე პირების გაუმართლებელ გავლენებებს მთავრობაზე“;
„საუბარი შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდას, მის ნეგატიურ გავლენებებს საზოგადოებაზე და მასთან გამკლავების გზებს და მეთოდებს“;
„კულტურული გავლენებების ფონზე ამგვარადაა დახასიათებული რომის იმპერიის ბარბაროსი ტომების გაქრისტიანების პროცესი“.
* * *
მოვლენა, გავლენა და მივლინება ერთი წარმომავლობის, ერთი ძირის მქონე სიტყვებია – „ვლნ“ არის ეს ძირი, ძველისძველ ქართულ ძირთაგანი (იხ. „ვლენა“ და „ვლინება“ ილია აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონში“, შდრ. „ვალ“ სულხან-საბას ლექსიკონში).
ძირი კი ძველისძველია, მაგრამ ზემოთ ხაზგასმული ეს სამი სიტყვა, იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც დღეს ჩვენ მათ ვიყენებთ, არც ისე დიდი ხანია, რაც ქართული ენის ლექსიკურ ფონდს შემოემატა.
„მოვლენა“ საბასაც აქვს თავის ლექსიკონში, მაგრამ არა „შემთხვევის“, „ამბის“, „ფენომენის“ გაგებით. საბა „მოვლენას“ ასე განმარტავს: „მოსვლა, გინა გამოგზავნა“ (შდრ.: „...რამეთუ მამამან მომავლინა მე“. – იოანე 5, 36).
მოვლენა, გავლენა და მივლინება რუსული явление-ს, влияние-სა და командировка-ს სათარგმნელად საგანგებოდ მოფიქრებული შესატყვისებია, ძველი ქართულის მონაცემებზე დაყრდნობით შექმნილი. თორემ მე-19 საუკუნეში შედგენილ რუსულ-ქართულ ლექსიკონში ნიკო ჩუბინაშვილი явление-ს ასე თარგმნის: „გამოჩინება, ხილუა“, влияние-ს – ამგვარად: „ზედმოქმედება, ძალის ქონება რასმე ზედა“, ხოლო командировка-ს – ასეთნაირად: „გაგზავნა, მიჩენა მოხელისა რომელსამე სამსახურის საქმეზედ“.
მოკლედ, явление-ს, влияние-სა და командировка-სთვის მოვლენის, გავლენისა და მივლინების მისადაგება ახალი დროის ქართული ფილოლოგიის ერთობ წარმატებული, საამაყო მიგნებაა!
როგორ ჰგვანან ერთმანეთს ბგერითი შემადგენლობით ქართული „მოვლენა“ და რუსული „явление“, არა? მაგრამ სულ სხვადასხვა წარმომავლობის სიტყვებია: რუსული სიტყვის ძირი არის яв-, -ение სუფიქსია, ხოლო -л- ზმნის ფუძის (явл-,) ნაწილი. ასე რომ, ეს ქართული და რუსული სიტყვები, გარეგნული მსგავსების მიუხედავად, ნათესავები არ არიან. ასეც ხდება ხოლმე! გარეგნულად ერთმანეთის ძალიან მსგავსი ადამიანებიც კი ყოველთვის როდი არიან ნათესავები!
„გართულ-ებ-ებ-ი“ და სხვა -ებ-ებ-ი
16 დეკემბერი 2025ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!