წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 0
  • 861

„გან-“ ზმნისწინისათვის

05 ოქტომბერი 2025

წინა ბლოგში იმაზე ვილაპარაკეთ, თუ რა შედეგები მოჰყვა აღ- ზმნისწინის ღ-ს ჩამოცილებით გამარტივებას. ისიც ვთქვით, რომ ეს გამარტივება ე.წ. ლინგვისტური ეკონომიის კანონის მოქმედებას უნდა მიეწეროს.


ასეთივე რამ დაემართა გან- ზმნისწინსაც: თანამედროვე ქართულში ისიც შეიძლება ბოლო თანხმოვნის, -ს, გარეშე ვიხილოთ. კვლავ ოთხთავს მივმართოთ თვალსაჩინოებისთვის.


მათეს სახარების ძველ ქართულ თარგმანში ვკითხულობთ:


გან-ბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე“ (17, 2),


ახალ თარგმანში კი ეს ფრაზა ასეა:


გა-ბრწყინდა მისი სახე, როგორც მზე“.


ამ შემთხვევაში ზმნისწინის გამარტივებას არავითარი სემანტიკური (შინაარსობრივი) ცვლილება არ გამოუწვევია.


ყველა ზმნას არ უხერხდება ზმნისწინის გამარტივება.


მაგალითად, გან-აგრძოს გვერდით გა-აგრძო ან გან-მარტას გვერდით გა-მარტა არ გაჩენილა; არც გა-საზღვრას ვამბოთ გან-საზღვრას მაგივრად ან მის პარალელურად...


ზოგ შემთხვევაში კი გან- ზმნისწინის გამარტივება ერთობ სასარგებლო გამოდგა: ამის შედეგად ახალ-ახალი ნიუანსების გამოხატვა შევძელით – სტილისტიკურისაც და შინაარსობრივისაც, ანუ ენა უფრო მოქნილი გახდა.


მაგალითად, შევადაროთ ერთმანეთს ერთი სიტყვის ეს ორი ფორმა: გან-ადიდებს და გა-ადიდებს. პირველი მათგანი მეტად მნიშვნელოვანი, ამაღლებული სათქმელის (შინაარსის) გამოსახატავად გამოიყენება;


მაგალითად, მემატიანემ შეიძლება განადიდოს რომელიმე მხედართმთავარი წარმატებით ჩატარებული სამხედრო ოპერაციის გამო – განადიდოს ანუ ხოტბა შეასხას მას. აქ გაადიდოს არ გამოგვადგება. სამაგიეროდ, სტატიის სათაურის შრიფტი ან ფოტოსურათი განვადიდეო, რომ ვთქვათ, სასაცილო იქნება – აქ გავადიდეა საჭირო. არადა... ერთი და იგივე სიტყვაა!


ნათქვამი ეხება არა მარტო ზმნის პირიან ფორმებს, არამედ საწყისებსაც და მიმღეობებსაც.


შევადაროთ ერთმანეთს კონტექსტები, სადაც ერთი და იმავე ზმნის სრულზმნისწინიანი და გამარტივებულზმნისწინიანი ფორმებია გამოყენებული:


„შენგან განდგომა, ო, ჯვარცმულო, მე რად დამბრალდა“ (ირაკლი აბაშიძე. ხმა ჯვრის მონასტრის გალავანთან);


„არ მიყვარს არც მაგისთანა სიმაღლე, არც მაგისთანა განზედ გადგომა, არც მაგისთანა მიუკარებლობა“ (ილია ჭავჭავაძე. მგზავრის წერილები).


პირველ ციტატაში რწმენის, იდეის ღალატზეა საუბარი და ამიტომ ზმნისწინის თავდაპირველი სრული მაღალფარდოვანი ფორმა სწორედ რომ თავის ადგილზეა, ქმედების (ჩადენილის თუ დაბრალებულის) სერიოზულობას უსვამს ხაზს. მეორე ფრაზის კონტექსტი კი ყოფითი შინაარსის გამომხატველია, ცხოვრების ორომტრიალისთვის თავის არიდებას გულისხმობს და „მოკრძალებული“ გადგომა ამ კონტექსტისთვის სავსებით შესაფერისია.


ახლა ერთმანეთს შევადაროთ გან-ურჩეველი, რაც განუსხვავებელს ნიშნავს („მოსწავლეებს ერთმანეთისგან არ განვარჩევ [=არ განვასხვავებ], ყველას თანაბარ ყურადღებას ვაქცევ“), და გა-ურჩეველიგაუწმენდელი, გაუსუფთავებელი („ბრინჯს ვერ გავარჩევ, დრო არ მაქვს“).


აქ ზმნისწინის გამარტივების შედეგად მნიშვნელობათა დიფერენციაცია მომხდარა, რაც ენას ამდიდრებს.


ზოგჯერ სულ ერთია, სრულზმნისწინიან ფორმას გამოიყენებ თუ გამარტივებულს.


გინდ გან-თავისუფლება თქვი ან დაწერე და გინდაც გა-თავისუფლება – ვერავინ შემოგედავება, სტილისტიკურადაც კი ეს ორი ფორმა დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ოღონდ არამცდაარამც მა-ნ-თავისუფლებს! აქ ეს „ნ“ სრულიად ზედმეტია. სწორია მათავისუფლებს.


ვინც ამბობს „მა-ნ-თავისუფლებს“-ო, იმას ეს „ნ“ ზმნისწინის ნაწილია კი არ ჰგონია, არამედ ზმნის ფუძისა, ანუ სიტყვას ასე კი არ შლის: „გან-თავისუფლება“, არამედ ასე: „გა-ნთავისუფლება“, რაც, რაღა თქმა უნდა, სწორი არ არის.


ასევე უმართებულოა იმავე მიზეზის გამო ა-ნ-სახიერებს (სწორია ასახიერებს), ა-ნ-სხვავებს (სწორია ასხვავებს) ა-ნ-ვითარებს (სწორია ავითარებს), ი-ნ-კურნება (სწორია იკურნება)...


ზმნის ამ ფორმებში ზმნისწინი სულ არ გვჭირდება და მისი ნაშთი ხომ... მით უმეტეს!


ლევან ბრეგაძე
  • 0
  • 861
0 Comments