წითელი ვერსია
  • 51
  • 13991

„გამრთობი“ ბავშვები და კარგად „გაყიდული“ ქველმოქმედება

30 ნოემბერი 2023

არასრულწლოვანს არც საზოგადოება და არც კანონი პასუხისმგებლობებს არ აკისრებს. მიზეზი საყოველთაოდ ცნობილია: - არასრულწლოვანის ფიზიკური, ემოციურ-ინტელექტუალური შესაძლებლობები არაა მზად საიმისოდ, რომ განსაზღვროს ამა თუ იმ ქმედების შედეგები. სწორედ ამიტომ, მათზე ზრუნვა უფროსების საქმეა.


უფროსებში ერთნაირად იგულისხმება როგორც არასრულწლოვანის უშუალო მეურვე, ისე მთელი საზოგადოება და მეტიც, მთელი პლანეტის მოსახლეობაც კი: - საერთაშორისო კონვენციებით, ბავშვის დაცვა და მისი განვითარებისთვის საუკეთესო პირობების შექმნა ცივილიზებული კაცობრიობის აღიარებული მიზანია.


ჩვენი ტრადიციაც, ბავშვთა უფლებების კონვენციაც და საქართველოს კანონმდებლობაც არასრულწლოვანზე ზრუნვაში მოზარდისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას და მისი ღირსებისა და რეპუტაციის დაცვას გულისხმობს.


არის თუ არა ბავშვზე ზრუნვა მისთვის ფულის ჩუქება, მისი ჩახუტება, მისი დაბნეული და აღელვებული სახის სახალხოდ გამოფენა?


ილახება თუ არა ბავშვის რეპუტაცია მისი სისუსტეების, ხშირად უხერხული ქცევების იმ მიზნით გამომზეურებით, რომ ათასობით ადამიანმა გუნება-განწყობა გაიუმჯობესოს, ვიდეომ კი ბევრი „ლაიქები“ მოაგროვოს?


ფსიქოლოგები გვეტყვიან, რომ პირიქითაა - ეს ყველაფერი უფროსების უპასუხისმგებლობაზე და მათ არაჯანსაღ ინტერესებზე უფრო მიგვითითებს, ვიდრე პასუხისმგებლიან ქცევაზე.


რა მოიაზრება ღირსებაში?


მაგალითად ის, რომ საავტომობილო გზის პირას მდგარ უცნობ მოზარდს მანქანიდან გასძახო, პირადი ინფორმაცია გამოკითხო, მერე „ხუთთუმნიანი“ (50 ლარი) აჩუქო, მერე დოლარებიც აჩუქო, მერე, დაბნეული და საჩუქრით გულაჩუყებული მოზარდის დანახვაზე იმდენად აღფრთოვანდე საკუთარი „კაი ადამიანობით“, რომ გულში ჩაიკრა, გადაკოცნო და ბოლოს, მთელი ეს სცენა, თავისი დიალოგით, სადაც მოზარდის საცხოვრებელი ადგილიც კია დასახელებული, სოცქსელებში ატვირთო, სანაცვლოდ კი - ათობით ათასი „ლაიქი“ დაიმსახურო?


მშობლის ნებართვის გარეშე ფულის მიცემა არასრულწლოვანისთვის უცნობი პირის მიერ, ან მოწყალებაა, ან კიდევ უფრო უარესი - გარკვეული მიზნით მოზარდის გამოყენების სანაცვლოდ გაღებული საფასურია.


ამ შემთხვევაში საფასური ნათელია: - ვიდეო ფართოდ გავრცელდა სოცქსელებში და მის გამავრცელებელ გვერდებს სარგებელიც მოუტანა.


ეს მექანიზმი კარგად იციან ინტერნეტმარკეტინგის სპეციალისტებმა და სწორედ ამიტომ, ძნელია ქველმოქმედება დაარქვა იმას, რის უკანაც კონკრეტული მერკანტილური მოტივი დგას, ამ მოტივისთვის კი დაუფარავად ხდება მოზარდის გამოყენება.


აღნიშნული ვიდეო ბოლო დღეებში ფართოდ გავრცელდა ქართულ სოცქსელებში.


მეტიც, მარკეტინგულ „ჟინს“ აყოლილი ზოგიერთი მაუწყებლის ავტორიზებულ გვერდებზეც გამოქვეყნდა, მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლობა ვალდებულია, გააკონტროლოს ვიდეოგაზიარების საკუთარ პლატფორმაზე გამოქვეყნებული, ან მომხმარებლის მიერ გენერირებული ვიდეორგოლი.


„მთავარმა არხმა“ ე.წ. პოპულარული ვიდეო ჯერ გამოაქვეყნა, შემდეგ მალევე წაშალა;„რადიო პალიტრამ“ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე, რადიოს ლოგოთი გამოქვეყნებული ეს ვიდეო წაშალა უფრო მოგვიანებით, როგორც ჩანს მას შემდეგ, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელ ყველა პირს მოუწოდა, „წაშალოს არასრულწლოვნის მონაცემების ამსახველი ვიდეოჩანაწერი”.


მედიაეთიკა აშკარად ეწინააღმდეგება ბავშვის ღირსების შემლახავი, მეტიც, ზიანის მომტანი ქმედებების წახალისებას.


თუმცა, რასაც მაუწყებელთა ფეისბუკ-გვერდებზე ხშირად ვაწყდებით, მხოლოდ იმის მიმანიშნებელია, რომ ეთიკაც მოიკოჭლებს, სარედაქციო პოლიტიკაც და მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევებიც.


წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია, პრობლემა ვერ დაინახო ისეთი ვიდეოს გავრცელებაში, როგორიც მაგალითად, „რუსთავი2“-ის ფეისბუკ-გვერდზე შემოგვთავაზეს: - პატარა ბიჭი გემრიელად მიირთმევს აჭარულ ხაჭაპურს და ღმერთს მადლობასაც სწირავს ამისთვის! - იქვე „სიცილაკები“!


მოკლედ, მნახველიც გაერთო, ალბათ არც ბავშვის ოჯახის წევრებს შექმნიათ დისკომფორტი, თუმცა ბავშვს საკუთარი ინტერესებიც აქვს და მომავალში შესაძლოა, სულაც არ მოეწონოს ამგვარი გამრთობის როლი.


ამაზე არც ვიდეოს ამტვირთავს უფიქრია და არც რედაქციას, რომელმაც აიღო და ყოველგვარი ე.წ. „დაბლარვის“ გარეშე გამოამზეურა ჭამის პროცესში მყოფი პატარა ბიჭუნა, რომელმაც ათასობით „ლაიქი“ დაიმსახურა სხვადასხვა კნინობით-საალერსო ეპითეტთან ერთად.


ვიდეოები, სადაც მოზარდების სისუსტეებზე, ძირითადად კი წონაზეა გაკეთებული აქცენტი, როგორც ჩანს, წარმატებით „იყიდება“ სოცქსელების მომხმარებელზე:


„კამერა გამეჭედა.. ვეღარ ვიხსნი...“ („მთავარი არხი“).


„დედაშენმა ხომ გითხრა, არ ჭამოო?..“ („მთავარი არხი“).


„გინდა პეჩენია?.. აიღე!“ („მთავარი არხი“) და .ა.შ.


სამწუხაროდ, ყველა ამ ვიდეოში ბავშვების იდენტობა აშკარად იკითხება. მეტიც, ზოგიერთ კომენტარში ვინაობაც კი არის დასახელებული.


უცნობებმა იმხიარულეს, არც „ლაიქები“ და „სიცილაკები“ დაენანათ და არც დამაკნინებელი შეფასებები:


„ბუთქუნი“, „საკბენჩელა“, „პუტკუ“, „გოჭუნი“, „გაგვამხიარულე“...



ძნელი სათქმელია, როგორ იქნება აღქმული ბავშვის მიერ ეს ყველაფერი მომავალში, რა გავლენას მოახდენს ამგვარი პოპულარობა მისი პიროვნების ფორმირებაზე, ან რამდენად გამოიწვევს მისი თანატოლების მხრიდან ბულინგს მოზარდის მიმართ?


სწორედ ამ საფრთხეებზე მიუთითებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბავშვის შესახებ მსგავსი მონაცემების გამოქვეყნებამ „შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას, მის განვითარებას, სოციალურ ურთიერთობებს და მომავალ ცხოვრებას. სწორედ ამიტომ, ბავშვების მონაცემების დამუშავების პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ პირს, რომლებიც ბავშვების მონაცემებს აგროვებენ, იყენებენ, ინახავენ და ასაჯაროებენ“.


ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ იცავს კანონი ასეთ შემთხვევაში მოზარდებს და ბავშვებს, თუმცა ცნობილია მედიამომსახურების მიმწოდებელთა პასუხისმგებლობაც.


კანონის მიხედვით, აკრძალულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ შეგროვებული, ან მათ მიერ სხვაგვარად გენერირებული არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემების დამუშავება კომერციული მიზნით, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგის, შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე არასრულწლოვანის პროფილის შექმნით, ქცევისკენ მიმართული სარეკლამო შეთავაზების მიზნით.




ლელა კურდღელაშვილი
  • 51
  • 13991
0 Comments