წითელი ვერსია
  • 0
  • 8409

„ექსკორტისა“ და „აბსოლიტურის“ გამო

05 აგვისტო 2021

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!

(ნაწილი XIV)


დღეს ვიმსჯელებთ ორ მეტად „პოპულარულ“ ენობრივ შეცდომაზე, ხშირად რომ ვაწყდებით დღევანდელ ზეპირმეტყველებაშიც და ჟურნალისტურ ტექსტებშიც.


ერთი მათგანი არის „ექსკორტი“ ნაცვლად ესკორტისა:


„მისი ექსკორტი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა“; (26.05.2021)


„ის ისვენებს, დადის პოლიციის ექსკორტით“; (26.07.2021)


„სოფელი გაძლიერებული ექსკორტით ‘მთავარს’ დაატოვებინეს“; (21.06.2020)


„საქორწინო (უნდა იყოს „საქორწილო“. – ლ. ბ.) ექსკორტის ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა“; (11.05.2019)


ესკორტი იტალიურ-ფრანგული წარმომავლობის სიტყვაა და მიხეილ ჭაბაშვილის „უცხო სიტყვთა ლექსიკონში“ ასეა განმარტებული: „ვისიმე ან რისამე სამხედრო დაცვა; ბადრაგა“. გადატანითი მნიშვნელობით შესაძლოა გამოვიყენოთ არასამხედრო, სამოქალაქო დანიშნულების საავტომობილო თანხლების აღსანიშნავადაც, როგორც ეს ჩვენს ბოლო მაგალითშია.


საიდან ჩნდება მეორე ასო-ბგერად ამ სიტყვისთვის ყოვლად ზედმეტი „ქ“ (ე--სკორტი), ძნელი მისახვედრი არ არის – მისი გაჩენა ანალოგიის შედეგია. თანამედროვე ქართულში მრავალი უცხო სიტყვაა შემოსული, რომელთაც თავსართად „ექს-“ უზით: ექს-კურსია, ექს-პედიცია, ექს-ტერნი, ექს-ცესი, ექს-ლიბრისი... ამ „ექს“-ის „ბრალია“ არასწორი ექსკორტის გავრცელება მართებული ესკორტის ნაცვლად.


* * *


სამაგიეროდ ძნელი სათქმელია რას უნდა დაბრალდეს სიტყვა „აბსოლუტურში“ პირველი „“-ს უმართებულო ჩანაცვლება „“ ხმოვნით და ლათინური წარმომავლობის (absolutus) სიტყვის ამ ყოვლად გაუმართლებელი ფორმით – აბსოლიტური – გავრცელება ზეპირ თუ წერილობით მეტყველებაში:


„მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა დიდი ხნის წინ ჩამოიტოვეს პლანეტის აბსოლიტური უმეტესობა მრავალი თვალსაზრისით“; (13.06.2021)


„ცნობისთვის, ‘რეკორდმაისტერი’ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა 19-ედ, რაც აბსოლიტური რეკორდია“; (18.03.2021)


„გამარჯვება აბსოლიტურად დამსახურებული გამოდგა“; (13.06.2021)


„სოფლებში დასახლებული ადამიანების 27.5% აბსოლიტურ სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა“. (28.05.2021)


თითქოს აქ იმ ფონეტიკურ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რასაც დისიმილაციას (განმსგავსებას) უწოდებენ. ის ასეა განმარტებული მიხეილ ჭაბაშვილის „უცხო სიტყვათა ლექსიკონში“: „სიტყვაში ორი ერთგვარი ბგერიდან ერთ-ერთის ცვლა“. ჩვენს შემთხვევაში თითქოსდა ორი „უ“ ხმოვნიდან (-ურ სუფიქსის დართვის შემდეგ რომ გაჩნდა ამ სიტყვაში) პირველი მეორეს განემსგავსა – „ი“ ხმოვნად გადაიქცა.


მაგრამ ასეთი რამ არც ერთ სხვა სიტყვას არ ემართება: გურ-ულ-ის, პოპულარ-ულ-ის ან ექსკლუზი-ურ-ის ნაცვლად არავინ ამბობს გირ-ულ-ს, პოპილარ-ულს თუ ექსკლიზი-ურ-ს. არადა, ამ თვალსაზრისით აბსოლიტურსა და ექსკლიზიურს შორის განსხვავება არ არის.


ლევან ბრეგაძე
  • 0
  • 8409
0 Comments