წითელი ვერსია
  • 6
  • 3418

„ბატონი ტარაკანი“ და ლიმონათის ბოთლი

27 სექტემბერი 2021

„ბატონი ტარაკანა სად არის?“ - ეს კითხვა არც ზღაპრიდანაა და არც იგავ-არაკიდან. ფრაზა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ერთ-ერთ სიუჟეტში დაისვა და იმ დიალოგის ნაწილია, რომელიც ჟურნალისტსა და მისი მთავარი გმირის - სავარაუდოდ, „ტარაკანას“ მეტსახელით ცნობილი „კრიმინალური ავტორიტეტის“ მეუღლეს შორის შედგა. დიალოგის მიმდინარეობისას ჟურნალისტი მთავარი გმირის სახელს კიდევ უფრო აზუსტებს და ამგვარ კითხვასაც სვამს: „კალაძეს როდის შეხვდა ბატონი ტარაკანი ბოლოს?“


არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქართულ მედიაში ყოველთვის აქტიურდება ბრალდებები ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის შესახებ, თუმცა ხშირად ეს ბრალდებები მაყურებელს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მიეწოდება.


ჟანრის კანონები არც ამჯერად დარღვეულა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, 25 სექტემბერს, „მთავარმა არხმა“ და ტელეკომპანია „პირველმა“ მაყურებელს შესთავაზეს ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გაემგზავრა „ბატონი ტარაკანი“ თურქეთში „კანონიერ ქურდებთან“ შესახვედრად. მისიის მიზანი კი, მედიასაშუალებების მტკიცებით, მოახლოებულ არჩევნებში მმართველი პარტიისთვის მათი მხარდაჭერის მოპოვება იყო.


ტვ „პირველის“ სიუჟეტში გვამცნობენ, რომ გიორგი მარსაგიშვილი (იგივე „ბატონი ტარაკანი“) „ქურდებთან“ დედაქალაქის მოქმედი მერის გარემოცვამ, კერძოდ მისმა ცოლისძმამ გიორგი არეშიძემ მიავლინა და თბილისის ოთხ რაიონში „ქუჩის დალაგების“ თხოვნა დააბარა.


ამ დავალების შესასრულებლად კი, არხის ინფორმაციით, მარსაგიშვილმა ჯერ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაურა, შემდეგ კი თურქეთში მთავარი შეხვედრა გამართა.


„ბატონი ტარაკანის“ მოგზაურობის დასადასტურებლად ტვ „პირველი“ გვთავაზობს, სავარაუდოდ, საზღვრის კვეთის აღმნიშვნელ შტამპებს და მარსაგიშვილის ფოტოსურათებს, სადაც „ბატონი ტარაკანი“ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადამიანთან ერთად არის გადაღებული, თუმცა არც გიორგი არეშიძე და არც „ქართულ ოცნებასთან დაახლოებული“ სხვა პირები მათ შორის არ არიან.


შესაბამისად, სიუჟეტის მთავარი ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ „ევროპასა და თურქეთში დაბანაკებულ ქართველ 'კანონიერ ქურდებთან' მარსაგიშვილი კახა კალაძის გარემოცვამ გაგზავნა“ მხოლოდ და მხოლოდ ტვ „პირველის“ ანონიმურ წყაროს ეფუძნება და წარმოდგენილ „მტკიცებულებებს“ ფაქტობრივად არავითარი ღირებულება არ გააჩნიათ.


მაგალითად - კრიმინალურ ავტორიტეტებთან „ბატონი ტარაკანის“ ახლო კავშირის დასამტკიცებლად ტვ „პირველი“ გვთავაზობს გიორგი მარსაგიშვილის შვილის ნათლობის მოწმობის სურათს, რომელშიც ნათლიებს შორის, ჟურნალისტის განმარტებით, „კრიმინალური ავტორიტეტებიც“ არიან მითითებული.


ეს ქმნის მტკიცებულების წარმოდგენის ილუზიას, თუმცა რეალურად, მაყურებელს სიუჟეტიდან უნდა გაეგო, მიავლინა თუ არა მარსაგიშვილი „ქურდებთან“ კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ და არა ის, აქვს თუ არა თავის მხრივ კავშირი „ბატონ ტარაკანას“ კრიმინალურ სამყაროსთან.


ცხადია, რომ გიორგი მარსაგიშვილს შესაძლოა ჰქონდეს კავშირი „კრიმინალურ ავტორიტეტებთან“ და შესაძლოა ხვდებოდეს კიდეც მათ, თუმცა ეს არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, თუ როდის, რა მიზნით, ვისი დავალებით ან საერთოდ დავალებით შედგა თუ არა შეხვედრა, რომლის ამსახველი ფოტოსურათებიც მაყურებელს „მტიცებულების“ სახით წარმოუდგინეს.


დაბოლოს - სიუჟეტის ფინალურ ნაწილში ავტორი, რომელმაც უკვე „დაგვიმტკიცა“ რომ „ბატონი ტარაკანი“ „ქურდებთან“ პოლიტიკოსების შუამავალია, კიდევ ერთ „მტკიცებულებას“ და მოწმეს გვთავაზობს: „კალაძის ცოლისძმის შუამავალი ‘ტარაკანა’ რამდენიმე თვის წინ საბერძნეთის ციხეში შეხვდა (ნოდო) გლდანსკის საქართველოდან ჩატანილი ტკბილი ამანათით“ - ამ სიტყვებისა და დრამატული მუსიკის ფონზე კადრი მსხვილდება და ეკრანზე ვხედავთ ქართული ლიმონათის ბოთლს, რომელიც სალონიკის ციხის პაემნების ოთახში მაგიდაზე დევს.


რთული სათქმელია, რას ადასტურებს ეს ბოთლი, თუმცა სიუჟეტში მას აშკარად განსაკუთრებული ადგილი უკავია და მტკიცებულების ან სულაც მთავარი მოწმის შესაბამისი ყურადღება ეთმობა.


აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს, იმავე თემაზე „მთავარი არხის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში შუამავალი „ბატონ ტარაკანასთან“ არა გიორგი არეშიძე, არამედ კახა კალაძის მოადგილე ილია ელოშვილია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მთავარი ბრალდების მტკიცებულება უბრალოდ არ არსებობს, რადგან ასეთის არსებობის შემთხვევაში ვერსიები, სავარაუდოდ, ერთმანეთს დაემთხვეოდა.


სიუჟეტებში ასევე განსხვავდება იმ „პირობების“ ჩამონათვალიც, რომელთა შესრულებასაც მედიასაშუალებების ცნობით კალაძე დახმარების სანაცვლოდ კრიმინალებს ჰპირდება. მაგალითად, „მთავარი არხის“ ვერსიაში ჩამონათვალს ციხიდან ე.წ. „ობშიაკების“ უპრობლემოდ გამოტანა ემატება და ა.შ.


სიუჟეტებში წარმოდგენილია კახა კალაძის კომენტარებიც, რომელიც ტვ „პირველს“ ურჩევს „გამოიძინონ“, ხოლო „მთავარ არხს“ კითხვაზე - აქვს თუ არა მას კომუნიკაცია კრიმინალურ ავტორიტეტებთან - უარყოფითად პასუხობს, თუმცა, მის უარს ჟურნალისტი ამგვარ „არგუმენტს“ უპირისპირებს: „მთელმა საქართველომ იცის (?!), რომ არჩევნების წინ კანონიერი ქურდებისა და პოლიტიკოსების კავშირები აქტიურდება.“


ამრიგად, „ბატონი ტარაკანის“ ტელეისტორია შეგვიძლია შევაფასოთ როგორც ჟურნალისტურ გამოძიებად შეფუთული, ანონიმურ წყაროზე დაფუძნებული ბრალდება, რომელიც ვერ პასუხობს საგამოძიებო ჟურნალისტიკის საბაზისო სტანდარტებს და მაყურებელს მტკიცებულებების ნაცვლად ფაქტობრივად მხოლოდ პოლიტიკურ ინტრიგას სთავაზობს.


მანანა მჭედლიშვილი
  • 6
  • 3418
0 Comments