წითელი ვერსია
  • 0
  • 9762

„ბაბლების“ საზოგადოება ინფორმაციულ ეპოქაში

20 მაისი 2020

XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ჩამოყალიბება დაიწყო ახალი ტიპის - ინფორმაციულმა საზოგადოებამ, რომელიც საბოლოოდ ჩვენს ეპოქაში ფორმირდება.


ინფორმაციული საზოგადოება - ეს არის პირველ რიგში ინტერნეტიზაცია, სოციალური ქსელები, სოციალური მედია და ბლოგოსფერო. სტრუქტურულად ის რადიკალურად განსხვავდება წინამორბედი საზოგადოებისგან და მასში არსებობს უამრავი ინფორმაცია; საზოგადოება კი იყოფა ორ ნაწილად - ინფორმაციულად მდიდარ და ღარიბ ნაწილებად.


ინფორმაციულად ღარიბი საზოგადოების ნაწილი ცხოვრობს ე.წ „საინფორმაციო ნაგავში“, ანუ ისეთ ინფორმაციულ ველში, რომელიც ხელს არ უწყობს მის განვითარებას და რომელშიც ინფორმაცია ემსახურება მხოლოდ მის მანიპულაციას. ამის საპირისპიროდ, ინფორმაციულად მდიდარ ნაწილად ითვლება ის, ვისაც ხელი მიუწვდება მნიშვნელოვან და ღირებულ ინფორმაციაზე, და შეუძლია ინფორმაციის კონტროლის გზით საზოგადოების მართვა.


ამიტომაც, საინფორმაციო ეპოქას სხვანაირად პოსტ-სიმართლის ეპოქას უწოდებენ. ამის მიზეზია ის გარემოება, რომ დღეს არსებული ინფორმაციის სიჭარბე რიგით ადამიანს დიდ სირთულეებს უქმნის. მისთვის არ არის მარტივი იმის დადგენა, რომელ ინფორმაციას უნდა ენდოს და რომელს - არა. განათლების დღევანდელი სისტემა წინა ეპოქის მოთხოვნებზეა მორგებული, როცა ძირითადად ერთი სახის ინფორმაცია არსებობდა და მისი სისწორის მიმართ თითქმის აბსოლუტური ნდობა იყო საზოგადოების მხრიდან. დღეს არსებული სასკოლო განათლება ვერ იძლევა იმის საშუალებას, რომ ადეკვატურად გავუმკლავდეთ საინფორმაციო ნაკადებს. ეს კი ადამიანებში აჩენს გარკვეულ დაუცველობის განცდას.


ინფორმაციულ ეპოქაში ადამიანის სოციალიზებას განსაზღვრავს ინფორმირებული წყაროების გავლენები.


ასეთ ინფორმირებულ წყაროებს წარმოადგენენ ე.წ. სოციალური „ბაბლები“, ანუ ჩაკეტილი ფეისბუკ-ჯგუფების საზოგადოებები. მასში


ადამიანს მოეთხოვება მხოლოდ ის, რომ იყოს ამ „ბაბლში“ არსებული მინი-ღირებულებების აბსოლუტური მატარებელი; და მისი პირადი დამოკიდებულება სხვების მიმართ იყოს მეტ-ნაკლებად ისეთივე, როგორიც აქვს მთლიანად ამ „ბაბლს“.


„ბაბლები“ ერთმანეთთან მიმართებაში, როგორც წესი, ჩაკეტილი არიან - თითოეული მათგანი ახდენს განსხვავებული აზრის უარყოფას. ეს კეთდება ე.წ. „დაბლოკვის“ მეშვეობით, ასევე ამ განსხვავებულ აზრზე საინფორმაციო თავდასხმების, საკუთარი სივრციდან მისი განდევნის და მარგინალიზაციის გზით.


ცნობილმა სოციოლოგმა ზიგმუნტ ბაუმანმა ჯერ კიდევ 2016 წელს დაასკვნა, რომ დღევანდელი ადამიანის მთავარ ამოცანას წარმოადგენს საკუთარი იდენტობის შექმნა. მისი აზრით, ადამიანისთვის დღეს ადვილია დაიმატოს ინტერნეტში მეგობარი ან წაშალოს ის ამ სიიდან, თუმცა ამით ადამიანი კარგავს რეალურ სოციალურ უნარებს.


„სოციალური მედია დიალოგს არ გვასწავლის. ადამიანთა უმეტესობა სოციალურ მედიას იყენებს არა გასაერთიანებლად, არა საკუთარი ჰორიზონტის გასაფართოებლად, არამედ პირიქით - საკუთარი კომფორტის ზონის შესაქმნელად, რომელშიც მას მხოლოდ საკუთარი ხმის ექოები ესმის“ - ამბობს ბაუმანი.


ინფორმაციულ ეპოქაში ადამიანების სოციალიზაციის საკითხი პირდაპირ არის დამოკიდებული „ბაბლებზე“. „ბაბლი“ კი აჩვევს მათ გარკვეულ კონფორმიზმს, მასში დომინირებული აზრების და განწყობების მიმართ საკუთარი აზრების და განწყობების სრულ თანხვედრაში მოყვანას. ამით „ბაბლი“ სპობს განსხვავებულ აზრებს შორის დიალოგის უნარს და ამკვიდრებს მინი-ტოტალიტარიზმს, ანუ განსაზღვრავს ცალკეული ადამიანის აზრებს, განწყობებს და მოქმედებებს სოციალურ ქსელში. ამ გზით თავისუფალ ინტერნეტ-სივრცეში იქმნება ახალი ტიპის ტოტალიტარული სისტემები და ურთიერთობები.


ეს სისტემები, ძველი ტოტალიტარული სისტემებისგან განსხვავებით, ადამიანს ემუქრება არა ფიზიკური ლიკვიდაციით, არამედ იზოლაციით, დაცინვით და მარგინალიზაციით.


იმისათვის, რომ ეს ახალი ტიპის ტოტალიტარული სისტემები (რომელთაც სრული ხელშეწყობა აქვთ დღევანდელი ქართული პოლიტიკური ელიტის და მედიის მხრიდან) არ გახდეს განმსაზღვრელი ქართულ საზოგადოებაში, აუცილებელია მათი საპირწონე სუბიექტების - ე.წ. საინფორმაციო მეომრების - აღზრდა. მათ უნდა გააჩნდეთ საინფორმაციო სივრცეში მუშაობის უნარი, ასევე უნდა შეეძლოთ ინფორმაციული ნაკადების კრიტიკული ანალიზი. გარდა ამისა, საჭიროა შეიქმნას რაც შეიძლება მეტი გახსნილი პლატფორმა, რომლებიც წაახალისებს დისკურსებს საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის და არ მისცემს „ბაბლებს“ საშუალებას, ჩაკეტონ ადამიანები დახურულ სისტემებში.


ამ ამოცანის შესასრულებლად საჭიროა განსაკუთრებული საინფორმაციო პოლიტიკის გატარება და ასევე, ერთგვარი სოციალური შეთანხმებების მიღწევა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის.


ეს თუ არ გაკეთდა, ჩვენ მოგვიწევს „ბაბლების“ მიერ შექმნილ მკვდარ სააზროვნო სივრცეში ცხოვრება, როდესაც ყველა „ბაბლი“ იკვებება საკუთარი ინფორმაციული წყაროთი და წარმოადგენს მანიპულაციის და ადამიანთა მართვის ერთერთ ყველაზე ავტორიტარულ სახეს.


ნუკრი შოშიაშვილი
  • 0
  • 9762
0 Comments