წითელი ვერსია
  • 7
  • 3191

(არ) გამაჩნია

30 ივნისი 2025

გახსოვთ პოეტის სიტყვები? „არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია“ (მურმან ლებანიძე; „უფლისციხესთან“).


ჩვენი ყურადღების საგანი ამ სტრიქონის ბოლო სიტყვებია - არ გამაჩნია. ისინი აბსოლუტურად მართებულადაა გამოყენებული, თუმცა მედიაშიც და საზოგადოებრივ საუბრებშიც ბევრად უფრო ხშირად მისი საპირისპირო ფორმა გვხვდება: გამაჩნია (არ ნაწილაკის გარეშე).


მაგალითად: მე გამაჩნია მტკიცებულება... მას გააჩნია დიდძალი ქონება და ა.შ.


ეს ფორმა იმდენად დამკვიდრებულია, რომ მისი მცდარობის შესახებ საუბარი, შესაძლოა, დაგვიანებულიც კია.


თუმცა, მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს კონკრეტული ზმნა გამაჩნია მხოლოდ უარყოფით ნაწილაკთან ერთად გამოიყენება.


არ გამაჩნია - სწორი ფორმაა და ის მთლიანად უარყოფითი წინადადების კონტექსტს გულისხმობს.


ქართულ ენაში უარყოფით წინადადებას სამი ნაწილაკი გამოხატავს - არ, ვერ, ნუ. არ კატეგორიული და მკაფიოდ გამოხატული უარყოფაა. გამაჩნია-ს ვხმარობთ მხოლოდ მაშინ, როცა რაიმეს ფლობას უარვყოფთ, და რაც მთავარია - მას წინ არ ნაწილაკს ვურთავთ.


ხოლო, საპირისპირო აზრის შემთხვევაში, სხვა ზმნებს ვიყენებთ - მაქვს, ვფლობ, მომეპოვება და ა.შ.


გააჩნია-ს დადებით კონტექსტში წარმოჩენა რუსული ენიდან კალკირების შედეგიცაა - у него имеется.


თუმცა, არსებობს გამონაკლისიც: გააჩნია-ს გამოყენება შესაძლებელია განსაზღვრულ მყარ კონსტრუქციაში. მაგალითად - მას თუ გააჩნია, ყველაფერი წესრიგშია.


ნინია სადღობელაშვილი
  • 7
  • 3191
0 Comments