წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 2
  • 2089

„აღ-“ ზმნისწინისათვის

29 სექტემბერი 2025

შეხედეთ ამ სიტყვებს: აღ-დგ-ებ-ა და ა-დგ-ებ-ა.


ესენი სხვადასხვა შინაარსს გამოხატავენ თანამედროვე ქართულში.


„აღდგება“ ნიშნავს: „აღორძინდება; ხელახლა აშენდება (დანგრეული); განახლდება“ (ქეგლ),


„ადგება“-ს მნიშვნელობა (სემანტიკა) კი ეს არის: „მჯდომარე ან მწოლარე ზე აიმართება, ფეხზე დადგება“ (ქეგლ).


ეს განსხვავება მხოლოდ იმან გამოიწვია, რომ ერთ მათგანს ზმნისწინად უზის აღ-, ხოლო მეორეს – ა-. მაგრამ ესენი სხვადასხვა ზმნისწინები არ გეგონოთ – ორივე ერთია: მეორე პირველის გამარტივების (-ს ჩამოცილების) შედეგად არის მიღებული. ძველ ქართულში მხოლოდ აღ- ფორმით გვხვდება, ახალ ქართულში ორივე იხმარება.


ასეთი გამარტივება რამდენიმე სხვა ზმნისწინსაც შეეხო, მაგალითად, ამათ: გან-, წარ- – ორივეს შეიძლება ჩამოშორდეს ბოლო თანხმოვანი და ისინი გა- და წა- (გამარტივებული) ფორმითაც შეგვხვდეს ძველებურ ფორმათა გვერდით.


დღეს აღ- ზმნისწინზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ვისაუბრებთ.


ზმნისწინის გამარტივების შედეგად ზოგჯერ სიტყვის სემანტიკა იგივე რჩება.


ოთხთავის ძველ თარგმანში, კერძოდ, მათეს სახარებაში, ვკითხულობთ:


მაცხოვარი „აღვიდა მთასა და დაჯდა მუნ“ (მათე 15, 29).


ახალ თარგმანში ეს ადგილი ასეა:


მაცხოვარი „მთაზე ავიდა და იქ დაჯდა“.


ერთი ბგერით, ერთი ასო-ნიშნით, ნაკლებია ხაზგასმული სიტყვის თანამედროვე ფორმა ძველზე.


ანუ ენამ ეკონომია გასწია: ერთით ნაკლები ბგერით მიაღწია იმავე ეფექტს.


„იმავე ეფექტს“-მეთქი, რომ ვამბობ, იმას ვგულისხმობ, რომ ამ გამარტივებას გაგების თვალსაზრისით პრობლემა არ შეუქმნია.


რამე გეხამუშათ „აღვიდას“ ნაცვლად „ავიდა“ რომ დაგხვდათ ახალ თარგმანში?


ახლა ისა ვთქვათ რატომ მოხდა ეს ცვლილება.


ენაში ყველა დონეზე მოქმედებს ე.წ. ლინგვისტური ეკონომიის კანონი, რომლის შედეგიც არის ზემოთ განხილული მოვლენა.


თუ გაგებინების ან რაიმე სხვა თვალსაზრისით უხერხულობა არ წარმოიქმნება, ენა ხშირად მიმართავს ამგვარ გამარტივებას (ეკონომიას, მომჭირნეობას), რაც ამ ენაზე მოლაპარაკეთა ნებისგან დამოუკიდებლად ხდება ენობრივი არაცნობიერის მოქმედების შედეგად.


მაგრამ ყველა აღ- ზმნისწინიან ზმნაში არ დაკარგულა „ღ“, რასაც სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ასეთივე რამ არ მოხდა, მაგალითად, „აღ-ნიშნა“-ში (რაც რაღაცის მონიშვნის გარდა აზრის გამოხატვის შინაარსსაც ატარებს); არ მოხდა უთუოდ იმიტომ, რომ, თუ აქ -ს შეველეოდით, სხვა სიტყვა – „ანიშნა“ (ნიშანი მისცა) – გამოგვივიდოდა, რაც გაუგებრობას გამოიწვევდა.


ზოგჯერ ზმნისწინების ძველ და ახალ ფორმებს სიტყვათგანმასხვავებელი ფუნქციით იყენებს ენა.


მაგალითად, აღ-ზრდა („ვისიმე განვითარებაზე სისტემატური ზემოქმედება“. – ქეგლ) სხვა რამეა, ხოლო ა-ზრდა („კვიპაროზი, ლაღად აზრდილი“. – ვასილ ბარნოვი) სხვა შინაარსს გამოხატავს.


ხანაც ორივე ფორმის არსებობა სათქმელის სტილისტიკურად განსხვავების შესაძლებლობას იძლევა, რაც ენას მეტ მოქნილობას ანიჭებს და ვერც ამაზე ვიტყვით უარს – ესეც მნიშვნელოვანი ფუნქციაა ენისა.


მაგალითად, აღ-ასრულაც შეიძლება ითქვას და ა-ასრულაც (დანაპირები აღ-ასრულა/ა-ასრულა), პირველი ამაღლებული სტილია, მეორე – ნეიტრალური; აღ-ავსოც მართებულია და ა-ავსოც – ამათგან პირველი მაღალფარდოვანი მეტყველების დამახასიათებელია და უფრო აბსტრაქტული შინაარსის გამოსახატავად გამოდგება („შენმა წარმატებამ გული სიხარულით აღმივსო!“), მეორე – ნეიტრალურია და უფრო კონკრეტული შინაარსების გადმოსაცემად გამოიყენება („ბავშვმა ჭიქა წყლით აავსო“), მათ ორთავეს თავ-თავიანთი გამოყენების სფეროები აქვთ ენაში.


როგორც ვხედავთ, დღევანდელი მოქართულე არჩევანის წინაშე დგას: რა აჯობებს მისი სათქმელისთვის – ამ ზმნისწინის ძველი ფორმა გამოიყენოს თუ ახალი?


და ეს არჩევანი ზოგჯერ პრობლემური ხდება.


„აღმოჩნდა“ თუ „ამოჩნდა“? ორივე შეიძლება, ვინაიდან ესენიც სხვადასხვა რამეს ნიშნავს.


„აღმოჩნდა“ ვინ არ იცის, რასაც ნიშნავს! რამდენჯერ გვითქვამს ამის მსგავსი ფრაზა: „შენი ვარაუდი არ აღმოჩნდა სწორი!“, მაგრამ „ამოჩნდა“?.. ქართულად თარგმნილ ერთ ესპანურ ეპიგრამაში, რომელშიც ზანტი ხელოსანია გაქილიკებული, ვკითხულობთ:


„მარჯვე ხელი აქვს ჩვენს დალაქს, როხასს,

მადლიერია ერი და ბერი...

ვიდრე მეორეც გამპარსა ლოყა,

პირველზე ისევ ამოჩნდა წვერი“. (თარგმანი შოთა ქავთარაძისა)


„ამოჩნდა“ აქ ნიშნავს: ამოვიდა, თავი ამოყო, აღმოცენდა და ასეც არის ზმნის ეს ფორმა ახსნილ-განმარტებული ქეგლ-ში.


ყველაზე დიდი პრობლემა, რაც თავს იჩენს აღ- ზმნისწინიან ზმნებში, პირველი სუბიექტური პირის ნიშნის სწორ ადგილზე დასმაა.


ზოგადი წესი ასეთია: ჯერ ზმნისწინი წარმოითქმის/იწერება, მერე პირის ნიშანი და ამის შემდეგ – ზმნის ფუძე.


ამრიგად, სწორია: აღ-ვ-შფოთდი(თ), აღ-ვ-ნიშნე(თ), აღ-ვ-წერე(თ), აღ-ვ-მართე(თ)... მაგრამ ამათ ნაცვლად ხშირად გვესმის და ვკითხულობთ ასეთ მცდარ ფორმებს: ა-ვ-ღშფოთდით, ა-ვ-ღნიშნეთ, ა-ვ-ღწერეთ, ა-ვ-ღმართეთ


შესაძლოა ეს იმის ბრალი იყოს, რომ, როგორც ადრინდელ ბლოგებშიც გვითქვამს, ქართულ ენაში „ვ“-ს უყვარს მისი კუთვნილი ადგილიდან სხვაგან გადახტომა (რასაც მეცნიერულად -ს მეტათეზისს უწოდებენ), ანდა იქნებ ეს -თი დაწყებული ფუძის მქონე ზმნების გავლენითაც ხდებოდეს [ამ ზმნებს ვგულისხმობ: ა-ვ-ღრიალდი(თ), ა-ვ-ღნავლდი(თ), ა-ვ-ღოღდი(თ), ა-ვ-ღელდით, ა-ვ-ღიღინდი(თ)...].


როგორც არ უნდა იყოს, ზემოთ დამოწმებული წესი არ უნდა დაირღვეს (გამონაკლისია ორი ზმნა: აღ-იარება და აღ-ორძინება, სადაც „ღ“ ფუძეს შეეზარდა, რის გამოც აღარ ითქმის აღ-ვ-იარებ(თ) და აღ-ვ-ორძინდი(თ) და ნორმად ითვლება ვ-აღ-იარებ(თ) და ა-ვ-ღორძინდი(თ).


მაგრამ ყველაზე ყურის (და თავის!) მომჭრელი მაინც ეს მახინჯი ფორმაა: „აღ-სა-ღ-ნიშნავია“ (ორი „ღ“-თი!), რომელსაც, სამწუხაროდ, ხშირად მოისმენთ და იხილავთ კიდეც, თუკი არ დაიზარებთ და ინტერნეტში მოიძიებთ მას.


აქვე ნუ დავივიწყებთ ნურც აღ- ზმნისწინიან კიდევ ერთ უგვან ფორმას – „წინამ-ღ-დეგი“, რომელსაც ესოდენ ხშირად წარმოთქვამენ მართებული „წინა-აღ-მდეგი“-ს ნაცვლად.


ლევან ბრეგაძე
  • 2
  • 2089
0 Comments