წითელი ვერსია
  • 6
  • 7972

ჟურნალისტის შეცდომის ფასი

26 ნოემბერი 2022

15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან მდებარე დასახლებული პუნქტის, პშევოდუვის სიახლოვეს რუსული წარმოების რაკეტა დაეცა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა: ადგილზე გარდაიცვალა ორი ფერმერი, რომლებიც პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ.


რაკეტის ჩამოვარდნიდან მცირე ხნის შემდეგ ავტორიტეტულმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტომ Associated Press-მა გაავრცელა ცნობა, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მიერ გასროლილმა რაკეტებმა ნატოს წევრი ქვეყნის, პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა და ორი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.


ავტორიტეტული გამოცემის მიერ გავრცელებულმა ამგვარმა ინფორმაციამ, ბუნებრივია, მაშინვე გამოიწვია „ბომბის ეფექტი“ მსოფლიო მედიასა და საზოგადოებაში. გავლენიანი სააგენტოები (მაგ. Reuters) ფაქტობრივად უცვლელად ავრცელებდნენ AP-ის მასალას, ხოლო „ფოქს ნიუსის“ ტიტრები უკვე მტკიცებითი ფორმით გვაუწყებდა, რომ რუსულმა (ანუ რუსეთის მიერ გასროლილმა) რაკეტებმა პოლონეთში ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე დაუყოვნებლივ დაადანაშაულა რუსეთი პოლონეთის ტერიტორიის სარაკეტო დაბომბვაში, რამაც ვითარება კიდევ უფრო დაძაბა, - რადგან ნატოს წესდების თანახმად, თავდასხმა ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე ნიშნავს თავდასხმას მთლიანად ალიანსზე და ნატო ვალდებულია, მიიღოს საპასუხო ზომები.


აქედან გამომდინარე, რაკეტის აფეთქებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში მსოფლიო მედია თითქოს რაღაც საშინელისთვის ემზადებოდა და გვამზადებდა ყველას. თუმცა უკვე 16 ნოემბერს, წინასწარი მოკვლევის შედეგების მიხედვით გაირკვა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე არა რუსეთის, არამედ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ გასროლილი რაკეტა აფეთქდა, რომელიც რუსული რაკეტის გასანეიტრალებლად იყო გაშვებული.


ამ დროისთვის თითქმის საბოლოოდ არის დადგენილი, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე ნამდვილად უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა და შესაბამისად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან საპასუხო სამხედრო რეაგირების საკითხიც დღის წესრიგიდან მოხსნილია;


თუმცა პშევოდუვის ტრაგედიას სამხედრო-პოლიტიკური განზომილების გარდა, აქვს მედიაგანზომილებაც, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა.


21 ნოემბერს Associated Press-მა სამსახურიდან გაათავისუფლა ჟურნალისტი ჯეიმს ლაპორტა (James LaPorta) რომელმაც მოამზადა და პასუხისმგებელ რედაქტორს გამოსაქვეყნებლად მიაწოდა მასალა, რუსეთის მიერ პოლონეთის დაბომბვის შესახებ.


როგორც აღმოჩნდა, ამ მასალის მომზადებისა და გამოქვეყნების პროცესში დაირღვა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლებიც ინფორმაციის სანდოობას და სააგენტოს რეპუტაციას განაპირობებს.


კერძოდ, Associated Press-ის სტანდარტით, ჟურნალისტს უფლება აქვს, არ გაამჟღავნოს წყაროს ვინაობა და დატოვოს იგი ანონიმურად, თუმცა ამისთვის მან რედაქციას და საზოგადოებას უნდა წარუდგინოს დამაჯერებელი დასაბუთება, თუ რატომ არ არის მიზანშეწონილი წყაროს ვინაობის გასაჯაროება.


ამ შემთხვევაში ანონიმურობის დასაბუთება წარდგენილი არ ყოფილა, თუმცა მოგვიანებით მასალა განახლდა და გაჩნდა ჩანაწერი იმის შესახებ, თითქოს ანონიმურობა სიტუაციის სენსიტიურობით იყო განპირობებული.


მეტიც, - AP როგორც წესი, ერიდება ანონიმური წყაროს გამოყენებას, ხოლო გარდაუვალი აუცილებლობისას ჟურნალისტი ვალდებულია, ყოველ ჯერზე შეატყობინოს რედაქტორს წყაროს ვინაობა, რის შემდეგაც რედაქტორი ღებულობს გადაწყვეტილებას, ჩათვალოს თუ არა სანდოდ წყარო და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.


როგორც შიდა მოკვლევით დადგინდა, ამ შემთხვევაში ლაპორტამ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ რედაქტორს მისწერა, რომ წყარო ზოგადად, შეთანხმებული იყო სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტ რონ ნიქსონთან, თუმცა AP-ს ინფორმაციით, ნიქსონმა არაფერი იცოდა წყაროს მიერ პოლონეთში აფეთქებული რაკეტის შესახებ მიწოდებულ ცნობაზე და შესაბამისად, ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას კონკრეტული ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით.


გარდა ამისა, AP-ის სტანდარტის მიხედვით, თუ ინფორმაცია მიღებულია ანონიმური წყაროსგან, აუცილებელია მისი გადამოწმება და დადასტურება მინიმუმ კიდევ ერთი წყაროს მიერ. ამ შემთხვევაში, ინფორმაცია მეორე დამოუკიდებელი წყაროს მიერ დადასტურების გარეშე გამოქვეყნდა, რაც მხოლოდ ლაპორტას შეცდომით ან არაკეთილსინდისიერი მუშაობით ვერ აიხსნება.


ამის გამო AP გეგმავს, გადახედოს და კიდევ უფრო გაამკაცროს წყაროს გამოყენების პრინციპები, რათა მომავალში მსგავსი საინფორმაციო პროვოკაციების ალბათობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.


რაც შეეხება უშუალოდ მასალას, დღეს შესაბამის ბმულზე თავდაპირველი ტექსტი წაშლილია და მის ნაცვლად გამოქვეყნებულია შესწორება, სადაც ვკითხულობთ, რომ 15 ნოემბრის ცნობა შეცდომა იყო.


ამ ისტორიამ გვაჩვენა, რომ ომის პირობებში შეცდომის და არასწორი ინფორმაციის გავრცელების საფრთხე განსაკუთრებით მაღალია და ამგვარი შეცდომა შესაძლოა, ავტორიტეტულმა მედიასაშუალებებმაც დაუშვან.


თუმცა ამავე ისტორიამ დაგვანახა ისიც, თუ როგორი უნდა იყოს პასუხისმგებლობიანი მედიის რეაქცია შეცდომაზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე, შესაძლოა, მსოფლიო ბირთვული ომის მიზეზიც კი გამხდარიყო.



ფოტო dailymail.co.uk

ზვიად ლიპარტელიანი
  • 6
  • 7972
0 Comments