წითელი ვერსია
  • 27
  • 25665

ჟურნალისტიკის სწრაფი ტესტი „ტვ პირველის“ ეთერში

31 მარტი 2020

28 მარტს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში რამდენიმესაათიანი ინტერვალით შედგა ორი სატელევიზიო ინტერვიუ, რომლებმაც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია; ამ ჩართვების დროს ერთდროულად გამოვლინდა ფაქტობრივად ყველა ნაკლოვანება, რის გამოც უკვე არაერთი ათეული წელიწადია აკრიტიკებენ მედიას ქართულ საზოგადოებაში;


„დღის ამბებში" 14 საათზე დიანა ტრაპაიძის რესპონდენტი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გახლდათ; საღამოს ეთერში კი ვახო სანაიას შეკითხვებს (უფრო სწორად, შეკითხვას ე.წ. „სწრაფი ტესტების“ შესახებ) დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პასუხობდა.


მაყურებელს ორივე გადაცემა დაამახსოვრდა არა გამოცდილი ეპიდემიოლოგების რჩევებით ან ინსტრუქციებით, რაც დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ყველა მოქალაქისთვის, არამედ დაძაბულ ატმოსფეროში მიმდინარე კინკლაობით, რაც საბოლოო ჯამში იმით დასრულდა, რომ ჟურნალისტებმა ბოლოს და ბოლოს მოახერხეს შესაძლებლობების ზღვარზე მომუშავე მედიკოსების წყობიდან გამოყვანა.


ორივე ეთერში მთავარი კითხვა იყო პრეტენზია ექიმების მიმართ ე.წ. სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით. ამ თემას უკვე რამდენიმე კვირაა ააქტიურებენ კონკრეტული ოპოზიციური ჯგუფები და პოლიტიკოსები;


ჟურნალისტების მხრიდან ამ კითხვა-პრეტენზიის უსასრულო გამეორება გაუგებარი დარჩა იმ ფონზე, როცა არავითარი ობიექტური საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ქვეყანაში ე. წ. ფარული ინფიცირების მაღალი მაჩვენებლებია და ხელისუფლება ამ ფაქტს მალავს.


რეალურად, ვერც ერთმა მედიასაშუალებამ ვერ მოძებნა თუნდაც ერთი მოქალაქე - რესპონდენტი, რომელიც იტყოდა, რომ მას აქვს COVID-19 - ის სიმპტომები და ჯანდაცვის სისტემამ მისი ტესტირება ვერ შეძლო, რაც სხვათა შორის, ყოველდღიური პრობლემაა თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში;


ასევე არავითარი საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ ჩვენი მედიკოსების განცხადებებში, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ეს ყბადაღებული სწრაფი ტესტები პანაცეა არ არის და მთელი მოსახლეობის გატესტვა აზრს მოკლებულია.


ერთადერთი საზოგადოებრივი ჯგუფი, ვინც დღეს სწრაფი ტესტების თემით სპეკულირებს, ისევ პოლიტიკური მოთამაშეები არიან, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის და ამით, ირიბად ხელისუფლების დისკრედიტაციას ეწევიან;


გაუგებარია, რატომ უნდა იმეორებდეს მედია რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ნარატივს, როგორც უპირობო ჭეშმარიტებას, ან რატომ არ უნდა უჩნდებოდეს კრიტიკული კითხვები თავად ამ ნარატივის მიმართ.


ზემოთქმულიდან გამომდინარე და განსაკუთრებით, აღნიშნული ორი ინტერვიუს შემდეგ, სხვა არხების (უმთავრესად „მთავარი არხის“) ეთერში გაჟღერებული ბრალდებების ფონზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია ყოფილიყო ერთიანი და ორგანიზებული კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანიც ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაციაა.


რასაკვირველია, მედია უნდა სვამდეს საზოგადოებაში არსებულ მწვავე კითხვებს, მაგრამ კრიტიკული შეკითხვების დასმა ნიშნავს საზოგადოებაში რეალურად არსებული კითხვებისა და პრეტენზიების გაჟღერებას და არა ანგაჟირებული პოლიტიკოსების ბრალდების უსასრულო გამეორებას ერთსაათიანი გადაცემის განმავლობაში.


აღსანიშნავია, რომ არასახარბიელო საერთაშორისო ფონის მიუხედავად, საქართველო ჯერჯერობით არა მხოლოდ რეგიონში, არამედ შეიძლება ითქვას, მსოფლიოშიც ერთერთ წარმატებულ მაგალითს გვაჩვენებს, როგორ უნდა შევაკავოთ ეპიდემიის ადრეული და ნახტომისებური გავრცელება, როგორ უნდა მოვიგოთ ძვირფასი დრო, ვიდრე მსოფლიო ახალ ვირუსს უკეთ შეისწავლის.


ამ ვითარებაში ქართველი მედიკოსები ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ მედია, როგორც მოკავშირე და როგორც მასობრივი კომუნიკაციის ინსტრუმენტი, რათა რაც შეიძლება ხშირად მიაწოდონ საზოგადოებას სანდო ინფორმაცია;


თუმცა 28 მარტს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერიდან ჩვენ ვისმენდით არა ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის რეკომენდაციებს, არამედ ვუყურებდით ფაქტობრივად, მათ დაკითხვას ჟურნალისტების მხრიდან, რომლებსაც კვალიფიციური შეკითხვების დასმის კომპეტენცია ან სურვილი არ აღმოაჩნდათ.





ზვიად ავალიანი
  • 27
  • 25665
0 Comments